ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას არ დათანხმდებიან

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას არ დათანხმდებიან

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შეთავაზებას, რომელიც მათთვის საქმის მასალების გასაცნობად ოთახების გამოყოფას გულისხმობს, არ დათანხმდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, პროკურატურა ცდილობს, რომ დაცვის მხარეს მოაწერინოს ოქმზე ხელი, რომ გაეცნო საქმის მასალებს.

"ბუნებრივია, არ დავთანხმდებით და ბუნებრივია ვერ შევუქმნით პროკურატურას იმ ფუფუნებას, რომ ჩვენ არ დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები. მათი მიზანია, ოქმზე მოვუწეროთ ხელი, რომ ვითომ ვიცნობთ საქმის მასალებს და ვითომ ვახორციელებთ დაცვას. ჩვენ გვსურს რეალური დაცვა განვახორციელოთ და პროკურატურას მოვუწოდებთ გადმოგვცეს საქმის მასალები", - განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ათობით ტომს შეხედო, დაიმახსოვრო და განახორციელო დაცვა. "მათ არ სურთ ჩავატაროთ შესაბამისი გამოძიება, ექსპერტიზები დავნიშნოთ. მათ სურთ "გავუპრავოთ" საქმე და ვუთხრათ, რომ კმაყოფილები ვართ და საქმის მასალებს ვიცნობთ, რაც გამორიცხულია. წარმოუდგენელია, რომ ათობით ტომს შევხედო, დავიმახსოვრო და განვახორციელო დაცვა. ელემენტარულად მჭირდება დოკუმენტი, რომ ექსპერტიზას გადავცე და ჩავატარო შესაბამისი ექსპერტიზა. ესენი კარგად იცის პროკურატურამ და ნაცვლად იმისა, რომ აღასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, საზოგადოება შეჰყავს სიცრუეში", - განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, მოლოდინი იყო, რომ პროკურატურა გონს მოეგებოდა, ადეკვატურად, სამართლებრივ კალაპოტში მოექცეოდა, საქმის მასალებს დაცვის მხარეს გადასცემდა და ადვოკატებს მისცემდა საქმეზე მუშაობის საშუალებას, თუმცა არ გამართლდა.

"ნაცვლად ამისა, პროკურატურამ ლამის პირდაპირ ეთერში ბრალი წაგვიყვანა და გადმოვიდა ადვოკატების "შავ პიარზე". სამარცხვინო, უსაფუძვლო და ტყუილებით გაჯერებული განცხადება გააკეთა პროკურატურამ. პროკურატურის მხრიდან აღნიშნული განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო. ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურამ აღასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, გამოიძიოს საქმე ობიექტურად და დაცვას მისცეს კანონის ფარგლებში საქმის მასალები, ეწევა საზოგადოების დეზინფორმირებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

სამუშია მიმართავს პროკურატურას და ითხოვს მიუთითოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის ერთი მუხლი მაინც, რომელიც ადვოკატს უწესებს შეზღუდვას სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე.

"ამას ისინი ვერ მიმითითებენ და გამოდიან და საქმის მასალებს რომ არ გვაძლევენ, საზოგადოებას კვებავენ სიცრუით. პროკურატურას და სახელმწიფო უწყებებს არ სურთ საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა, რადგან ამ შემთხვევაში საზოგადოება უმალვე დარწმუნდება ამ ხალხის უდანაშაულობაში და პროკურატურის მიერ ჩადენილ სიბინძურეში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქმეზე ფორმალურად გრიფი "საიდუმლო" არ მოიხსნას. ფორმალურად, რადგან ბრალდებულების დაკავების პირველივე დღიდან პროკურატურიდან დაწყებული პოლიტიკოსებით დამთავრებული, ვისაც კი არ ეზარებოდა ამ საქმის შიგთავსი გაასაჯაროვა. იქ მეტი საიდუმლოება არ არის დატოვებული. პროკურატურის მხრიდან ეს არის თამაში. ჩვენ ვითხოვთ კანონმდებლობით განსაზღვრული მასალების გადმოცემას. ბუტაფორიას და ანტურაჟს, რომ ამ ხალხს ვიცავთ, ამას ვერ შევქმნით, რადგან ეს იქნება დაცვის უფლების დარღვევა. ჩვენ გვსურს ხალხის რეალური დაცვა და არა ისე დაცვა, როგორც პროკურატურას სურს", - აღნიშნა სამუშიამ.

მთავარი პროკურატურა ადვოკატებს თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმის მასალების გაცნობას გარკვეულ პირობებში სთავაზობს. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადვოკატების თვითმიზანი არ ყოფილა საქმის მასალების გაცნობა, რადგან მათ არაერთხელ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა და ჯიუტად არ სარგებლობენ მიცემული შესაძლებლობით.

"გვსურს საზოგადოებას ვაჩვენოთ, თუ რა პირობებში სთავაზობს საქართველოს პროკურატურა ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობას. კერძოდ, მათ სარგებლობაში გადაეცემათ ოთახები, საქმის მასალებით, სადაც მათ ექნებათ სრული თავისუფლება გაეცნონ ამ მასალებს და გააკეთონ ამონაწერები 24-საათიან შეუზღუდავ რეჟიმში. ერთადერთი მათი შეზღუდვა იქნება ის, რომ მათ არ მიეცემათ საშუალება ეს მასალები გაიტანონ სამუშაო ოთახიდან და მოახდინონ ასლების გადაღება, ვინაიდან აღნიშნული იკრძალება კანონით", - განაცხადა კაციტაძემ.

ადვოკატებს ოთახი პროკურატურის შენობაში გამოეყოფათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ