13 წლის ქართველმა გოგონამ საკუთარი მამა და ძმა გაუპატიურებაში ამხილა - ამაზრზენი დანაშაულის გაუხმაურებელი დეტალები

13 წლის ქართველმა გოგონამ საკუთარი მამა და ძმა გაუპატიურებაში ამხილა - ამაზრზენი დანაშაულის გაუხმაურებელი დეტალები

Ambebi.ge გთავაზობთ საინტერესო მასალებს "პალიტრა მედიის" სხვადასხვა ბეჭდური გამოცემების არქივებიდან. ამჯერად წარმოგიდგენთ ჟურნალ "გზის" 2010 წლის პუბლიკაციას.

***

თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ნინო სანდოძე) შემზარავი საქმის განხილვას რამდენიმე თვე მოანდომა. დაზარალებული - 13 წლის გოგონა საკუთარ მამასა და ძმას გაუპატიურებაში ამხელდა. ვინაიდან ეს უმძიმესი საქმე ინტიმურ დეტალებს შეეხებოდა, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლო სხდომები დაიხურა. დაზარალებული გოგონა სასამართლო პროცესზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლების თანხლებით მოდიოდა. ის დღემდე, თავშესაფარში ცხოვრობს.

როცა საქმე გახმაურდა, დაზარალებული უკვე ფეხმძიმედ იყო, მოგვიანებით კი დადგინდა, რომ ის შვილს საკუთარი ძმისგან ელოდა. გოგონასთან გასაუბრება საქმის სასამართლო განხილვის დროს ვცადეთ, მაგრამ ფონდის წარმომადგენელმა - ლევან ხმალაძემ განგვიმარტა, რომ ამის უფლება არ გვქონდა და არც დაზარალებულს სურდა დეტალებზე ლაპარაკი. საბრალდებო დასკვნით და სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის ივნისის დასაწყისში მამამ - რ.შ-მ 13 წლის ქალიშვილთან მარტო ყოფნით ისარგებლა, გოგონა ლოგინზე დააგდო, ტანსაცმელი გახადა და წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. მამას შვილზე ძალადობა არც ამის შემდეგ შეუწყვეტია - ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, ისევ სახლში, კვლავ ძალის გამოყენებით, შვილს შარვალი გახადა და მასთან სქესობრივი კავშირი ამჯერად გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა. წინასწარი გამოძიების მასალებში მამის აღიარებითი ჩვენებაც მოიპოვება. როგორც შევიტყვეთ, სასამართლოზე მან დუმილის უფლება გამოიყენა და პროცესი ისე დასრულდა, ჩვენება არ მიუცია. ამასთანავე, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნებაზეც უარი თქვა და ცხადია, ეს დეტალები პროცესზე არ გახმაურებულა.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი ძიებისას მიცემული მამის აღიარებითი ჩვენება სასამართლოს მტკიცებულებად არ გამოუყენებია, მაგრამ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოსამართლემ ბრალი დადასტურებულად ცნო. განსასჯელის სკამზე, მამის გვერდით მისი 18 წლის ვაჟიც იჯდა - ზ.შ-ს, რომელიც დაკავებისას არასრულწლოვანი გახლდათ, საკუთარი დის გაუპატიურებაში ამხელდნენ. გამოძიების მასალებით, 2009 წლის ზაფხულში (ზუსტი თვე და რიცხვი დაუდგენელია), ზ.შ. 13 წლის დასთან ერთად, შინ მარტო იყო. ძმამ ამით ისარგებლა, საწოლთან მყოფ გოგონასთან მივიდა, ხელი ჰკრა, საწოლზე დააგდო და გოგონას ნების საწინააღმდეგოდ, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. როგორც დაზარალებული ამბობს, - ძმას წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. სასამართლომ ორივე განსასჯელი დამნაშავედ ცნო: მამას, 14 წელს მიუღწეველი შვილის გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედებისთვის, სასჯელის სახით 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მის ვაჟს, ზ.შ-ს დის გაუპატიურებისთვის 13 წლითა და 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება.

გაგრძელება

"დედას სისტემატურად სცემდა... ეტყობა, მორიგი კონფლიქტის დროს გაბრაზებულზე დედამაც დანა ჩაარტყა" - ბორჯომში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ბორჯომში შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია დედა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?

ტრაგედია ბორჯომში - ახალი წლის ღამეს მამაკაცი, სავარაუდოდ, დედამ მოკლა