"სასამართლო განაჩენის შემდეგ სამმა პატიმარმა ბადრაგი სასტიკად სცემა" - გაუხმაურებელი ინციდენტი ქუთაისში

"სასამართლო განაჩენის შემდეგ სამმა პატიმარმა ბადრაგი სასტიკად სცემა" - გაუხმაურებელი ინციდენტი ქუთაისში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პატიმარმა ციხის ბადრაგი სასტიკად სცემა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, მას შემდეგ, რაც მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გ.ს.-ს, მისი ძმის და კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. კერძოდ, ძმებს ჭიათურაში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ 20-20 წლით, ხოლო ნ.თ.-ს 10 წლით პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი სწორედ გ.ს.-ს დაუკლო სასჯელი 4 წლით და 16 წელი დაუტოვა. ბრალდებული ამ სასჯელითაც უკმაყოფილო იყო და სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ბადრაგზე იძია შური. ამბობენ, რომ პატიმრის დასაოკებლად სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო.

Ambebi.ge-მ ინფორმაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ ინციდენტის შესახებ მხოლოდ მონაყოლით იციან, თავად კი არ შესწრებიან, რადგან საბადრაგო ოთახს სასამართლო არ აკონტროლებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში Ambebi.ge-ს განუცხადეს, რომ პატიმრის დაუმორჩილებლობის და გუშაგზე თავდასხმის ბრალდებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გიორგი მღებრიშვილის უწყებაში უარყვეს ინფორმაცია, რომ ინციდენტში სპეცრაზმი ჩაერთო.

Ambebi.ge მოკლული ტაქსის მძღოლის მეუღლეს, თამრიკო წერეთელსაც ესაუბრა, რომელმაც მომხდარი დაგვიდასტურა.

თამრიკო წერეთელი: ეს იყო სააპელაციო სხდომა, რომელზეც არ დავდიოდი, იმიტომ, რომ მაგათი ატანა აღარ მაქვს. განაჩენის შემდეგ, ბადრაგს ბრალდებულები მიყავდა, რა დროსაც გ.ს.-მ დაარტყა ბადრაგს. ამის შემდეგ სამივე ბრალდებულმა დაუწყო ცემა ბადრაგს. მითხრეს, რომ ვერ დააკავეს, სპეცრაზმი გამოიძახეს, ჩატენეს მანქანებში და წაიყვანეს ციხეშიო.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ Ambebi.ge-ს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე დაუკავშირდა, რომელიც პატიმრების მხრიდან ბადრაგზე თავდასხმის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ბადრაგმა სცემა პატიმრები მას შემდეგ, რაც პატიმარმა ძმებმა სხვადასხვა საკანში გადაანაწილება გააპროტესტეს.

"პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ეს არ მომხდარა განაჩენის გამოტანის შემდეგ, ეს მოხდა 4 ნოემბერს, განაჩენი კი 5 ნოემბერს გამოვიდა, რომელზეც პატიმრები არ გამოცხადდნენ. 4 ნოემბერს, სასამართლოს შემდეგ პატიმრებმა ჩვეულებრივად, მშვიდ რეჟიმში დატოვეს პროცესი. მშვიდად, წყნარად გაიყვანეს ისინი ბადრაგმა და როდესაც ჩაიყვანეს საბადრაგო განყოფილებაში, ნიღბიანებმა და უნიღბოებმა - ექვსმა ერთს დაუწყო ცემა. ჩემი მაზლი გაუყვანიათ ცალკე და იმისთვის დაუწყიათ სასტიკად ცემა. მისი ყვირილი გაიგონა ჩემმა მეუღლემ და მისმა მეგობარმა და რომ გამოესარჩლნენ, ამის შემდეგ მათაც სასტიკად გაუსწორდნენ", - ამბობს გ.ს.-ს მეუღლე Ambebi.ge-სთან საუბრისას. მისი თქმით ნაცემი პატიმრები მომხდარიდან მეორე დღეს სახალხო დამცველმაც მოინახულა. პატიმრებს ჭრილობები, ტვინის შერყევა და სახეზე ჩალურჯებები შეენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ჭიათურაში 2013 წლის 12 აგვისტოს მოხდა. მოკლულია ტაქსის მძღოლი ამირან თაბაგარი. არსებული ინფორმაციით, იგი სამმა პირმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. შემდეგ კი, გარდაცვლილი სოფელ კაცხის ტერიტორიაზე ტურისტებმა იპოვეს.

ნინო მჭედლიძე

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ