"გამწარებულ დედას პოლიციამ გინება დაუწყო და ხელიც დაარტყა" - თბილისში ახალგაზრდები სერენადის გამო დააკავეს

"გამწარებულ დედას პოლიციამ გინება დაუწყო და ხელიც დაარტყა" - თბილისში ახალგაზრდები სერენადის გამო დააკავეს

"ფეისბუქის" მომხმარებელი თამარ ფრანგიშვილი ხუდადოვის ქუჩაზე წუხელ მომხდარ ინციდენტს აღწერს, რომელსაც თავად შეესწრო. როგორც ინტერნეტ-მომხმარებელი წერს, სამოქალაქო ავტომობილით მოძრავმა პატრულის თანამშომლებმა ახალგაზრდა, რომელიც მეგობრებთან ერთად შეყვარებულს სერენადას უმღეროდა, დააკავეს. თამარ ფრანგიშვილი დეტალურად იხსენებს ინციდენტს და ფაქტის ამსახველ ფოტომასალასაც ავრცელებს.

"მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს, სიყვარული, სიხარული ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა დაგბედებოდეთ!

ახლა მინდა ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ! ძალიან განერვიულებული ვარ და როგორც იტყვიან, კანში ვერ ვეტევი. სურათები, რომლებიც ავტვირთე, ღამის 2.15 წუთზეა გადაღებული ხუდადოვის ქუჩაზე, სწორედ მაგ დროს ჩემი სტუმრები გავაცილეთ მე და ჩემმა შვილებმა, ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ჩემს ხელშივე გაზრდილი მეზობლის ვაჟი, მეგობრებთან ერთად სერანადას უმღეროდა შეყვარებულს, ცოტა ხნის შემდეგ სიმღერ-სიმღერით აუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას, მოულოდნელად სამოქალაქო მანქანიდან გადმოხტნენ ჩვენი საამაყო პოლიციელები და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მოინდომეს ბიჭების დაკავება, მე და ჩემი შვილიც გავიქეცით მათ დასახმარებლად, მაგრამ ამაოდ, შევეჩეხე პირუტყვთა გროვას, რომელთაც არ სურდათ არავის მოსმენა და არც საქმის გარკვევა.

მათთან რომ ვერაფერს გავხდი, ბავშვების დედასთან გავიქეცი, მომეხმარე, შენი შვილები მიყავთ პოლიციაში-თქო, ისიც კისრისტეხით გამოიქცა და იცით რა მოხდა?! გამწარებულ დედას პოლიციამ დედის გინება დაუწყო და ხელიც დაარტყა, წარმოიდგინეთ, ამის შემყურე მისი შვილები რა დღეში ჩავარდებოდნენ, მოკლედ, სიტუაცია უმართავი გახდა, პოლიციამ დამხმარე ჯგუფი გამოიძახა, ჩემდა გასაკვირად მათ მომისმინეს, მაგრამ ძაღლი ძაღლის ტყავს ხომ არ დაგლეჯდა?! ჩემმა გოგონამ, როცა პოლიციას კითხა, ეგ კანონის დარღვევა არ არის, ქალს რომ ურტყავთ და დედას აგინებთო?! იცით რა პასუხი მიიღო პოლიციელებისგან?! ქალს არა, მანქანას ვაგინებდითო! დანარჩენი თქვენ განსაჯეთ!

ალბათ პოსტებიდანაც მატყობთ, რომ ვარ ყოვლად აპოლიტიკური ადამიანი, მხოლოდ სიბერეში მთელი ძალ-ღონე არ დავიშურე, არჩევნების დროს ვიყავი მარნეულში, სადაც დიდი რისკფაქტორი იყო, რათა ქართული ოცნებისთვის მხარი დამეჭირა, ახლა კი მრცხვენია ჩემი საქციელის. მრცხვენია ქართველობის, მრცხვენია ამ პოლიციელების დედების მაგიერ, რომელთაც გონიათ, რომ კაცები ყავთ გაზრდილი, მრცხვენია ამ პოლიციელების ოჯახის წევრების მაგიერ, რომელთაც ერგებათ ასეთი შრომით ნაშოვნი ლუკმა-პური.

ვიცი, ვიცი კი არა, დარწმუნებული ვარ ჩემი ხმა დარჩება, როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, ბევრიც გულში გაიცინებს, ეს მოცლილი ქალი ვინ არისო, მე კი ადგილს ვერ ვპოულობ, გაცოფებული ვარ.

ვინმეს შეუძლია მიპასუხოს: როდის დამთავრდება ეს განუკითხაობა?! ჩემი შვილიშვილი თუ მაინც იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც კანონი იკანონებს, სადაც ბოროტება არ იბოგინებს, სადაც სამართალი პურს ჭამს, სადაც მშვიდად დავიძინებ და ვიამაყებ ჩემი პოლიციით?!

ნუ განმსჯით, თუ ცოტა აბდაუბდა დავწერე, გულიც მიკანკალებს და ხელებიც ...".

Ambebi.ge კომენტარისთვის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

"ამ პიროვნებებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს. ისინი დაკავებული იქნენ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით და სასამართლომ მიუსაჯათ 300 ლარიანი ჯარიმა. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ქალბატონის შეურაცხყოფას, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", - აცხადებენ შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ