წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველების მიერ დახოცილი ბიჭები, რომელთა ოჯახებმაც სამართალი დღემდე ვერ იპოვეს

წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველების მიერ დახოცილი ბიჭები, რომელთა ოჯახებმაც სამართალი დღემდე ვერ იპოვეს

გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, ხუბულოვი... - ეს იმ გვარების არასრული ჩამონათვალია, ვინც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მოკლეს. იყო საპროტესტო აქციები, მოთხოვნები საქმეების სწორად გამოძიების მოთხოვნით, ბევრმა პოლიტიკოსმა და აქტივისტმა სწორედ ამ ბიჭების სიკვდილით გაიკეთა კარიერა, მაგრამ იმ დროს დაღუპული ბიჭების საქმეების უმეტესობა არც ახალი ხელისუფლების პირობებში გამოიძიეს.

სანდრო გირგვლიანი

"გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის ტყეში მკვდარი იპოვეს. მკვლელობის დეტალები მხოლოდ 12 თებერვალს გახდა ცნობილი. გადაცემა "დროების" ვერსიის მიხედვით, სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად "შარდენ-ბარში" თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც იქ ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, დათა ახალაიასთან, შსს-ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო. 6 მარტს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი - გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილურიძე - გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. მინისტრს გამოძიების დეტალები არ გაუხმაურებია, თუმცა თქვა, რომ არსებობდა "მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებდა". 7 მარტს გურამ დონაძე მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად რამდენიმე ჟურნალისტთან "კონფლიქტური ურთიერთობა" გამოცხადდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შემდეგ მოითხოვეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დათა ახალიას გათავისუფლება და მისი მოადგილე ოლეგ მელნიკოვის დაპატიმრება, გირგვლიანის ცემაში ეჭვმიტანილობის გამო. ოლეგ მელნიკოვი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ საქმეში უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი იყო ჩართული. მელნიკოვი ციხიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გირგვლიანის საქმის გამოძიება ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამჯერად ოქროყანის ტყეში ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი გამცემლიძე

2006 წლის რვა მაისს პატრულმა ვახტანგ აბუაშვილმა დაუმორჩილებლობის გამო გიორგი გამცემლიძე მოკლა. გიორგის ოჯახი დღემდე ცდილობს სიმართლის დადგენას. სასამართლოს გადაწყვეტილების არ სჯერათ. შემთხვევა ზანდუკელის ქუჩაზე მოხდა. გამცემლიძის მამის განცხადებით, მისი ვაჟის ცხედარი პოლიციამ სტომატოლოგიური კლინიკის წინ დაასვენა, მანქანიდან მზის სათვალე გადმოიღო და გვერდით დაუდო, თუმცა იმის გამო, რომ მოგვიანებით სათვალეზე პატრულის ანაბეჭდები ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენდა, საქმიდან სათვალე ამოიღეს. საქმიდან ასევე ამოღებულია ოთარ თენეიშვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, ვინ დადო სახურავზე იარაღი, რომელზეც გიორგი გამცემლიძის ანაბეჭდები აღმოჩნდა. ჯამბულ გამცემლიძის თქმით, ოთარ თენეიშვილმა ეს ჩვენება მეორე დაკითხვის დროს მისცა, რის გამოც ის 3000 ლარით დააჯარიმეს და საქმიდან მისი ჩვენება ამოიღეს. ვახტანგ აბუაშვილს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და დღეს ის თავისუფალია. ჯამბულ გამცემლიძე მკვლელობის მფარველობაში ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს და ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად ყველაფერს გააკეთებს.

ნავთლუღის სპეც-ოპერაცია

2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეც-ოპერაცია ჩატარდა. სპეც-ოპერაციის შედეგად 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გიორგაძე. სპეც-ოპერაციის ჩატარების მიზანი ციხიდან გაქცევის მცდელობის აღკვეთა გახლდათ. მოგვიანებით სხვადასხვა საშუალებებმა სპეც-ოპერაციის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს, კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე დათა ახალაია და გურამ დონაძე იმყოფებოდნენ. ნავთლუღის სპეც-ოპერაციის საქმე გახსნილია, საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა დააკავეს. ასევე, გამოტანილია დადგენილება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ. პროკურატურის ცნობით, მალევე, ბაჩანა ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად უმალვე მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სასტიკად აწამა ახლად გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები.

მოგვიანებით ზემოთ მითითებული სპეცოპერაციის ჩატარების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა, თითქოსდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში მყოფი გია გორგაძის ძმა - მურად გორგაძე, მეგობრებთან - მარად ართმელაძესთან და რომან სურმანიძესთან ერთად, პატიმართა მასობრივი გაქცევის ორგანიზების მიზნით, გეგმავდნენ N1 დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას, თუმცა აღნიშნული საკითხი, არც სპეცოპერაციის დაწყებამდე და არც მისი ჩატარების შემდგომ, არცერთ სამართალდამცავ ორგანოში არ გამოძიებულა, მაშინ, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას 3 უდანაშაულო ახალგაზრდა ემსხვერპლა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ა" და "თ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღვკეთას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბუტა რობაქიძე

8 წლის წინ 2004 წლის 23 ნოემბერს, ბუტა რობაქიძე დიდუბის ეკლესიასთან, მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა. რობაქიძეს ორი ტყვია მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. ბუტას მეგობრის ირაკლი მიქაბერიძის განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. "ამასობაში მოვიდა პატრულის მეორე მანქანა, საიდანაც გადმოვიდა გრიგოლ ბაშალეიშვილი, რომელიც უცნაურად და აგრესიულად იქცეოდა. მერე და მერე, როდესაც შეგვაგინა და შუბლზე იარაღი დაგვადო, ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი, აშკარად ნასვამი იყო. დონაძე და მიქაძე აკონტროლებდნენ, ვისთვის რა იარაღი უნდა ჩაედოთ, რა და როგორ გადაეღოთ. ჩვენ იარაღის მსგავსი არაფერი გვქონია, მაგრამ რამდენიმე წუთში ადგილზე უამრავი იარაღი გაჩნდა - პისტოლეტები, ავტომატები, ტყვიები და ნიღბები, დაახლოებით 200-მდე იარაღი და ტყვია-წამალი. მოკლულ ბუტასაც დაუდეს გვერდით ავტომატი და გადაიღეს. ბოლოს, ყველა იარაღი ერთად მანქანის საბარგულზე დააწყვეს. სამი საათის განმავლობაში ვიწექით მიწაზე, მაგრამ სულ ბუტაზე ვფიქრობდი, ნეტა, ცოცხალი იყოს-მეთქი. ვინაიდან გვიანი იყო და გამვლელ-გამომვლელები არ ჩანდნენ, მიქაძე და დონაძე ტაქსის მძღოლებს აჩერებდნენ და სთავაზობდნენ, მოწმედ დაგვიდექით, ესენი ყაჩაღები არიან, ხვალ სახლში შემოგივარდებიანო. ბევრმა უარი თქვა, მაგრამ, მგონი, მაინც იპოვეს ცრუ მოწმე", - იხსენებს ირაკლი მიქაბერიძე.

როგორც მთავარ, ასევე ქალაქის პროკურატურაში ბუტა რობაქიძის ბაბუას ამირან რობაქიძეს შეტანილი ქონდა სარჩელები, სადაც ირაკლი ოქრუაშვილზეც იყო საუბარი, რადგან მკვლელობის პერიოდში ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ოჯახი ითხოვს დაისაჯონ ზურაბ ადეიშვილი, გურამ დონაძე, ქალაქის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი ირაკლი წერეთელი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და ასევე თბილისის პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე. ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება არ დასრულებულა. მამის, ამირან რობაქიძის განცხადებით, თუ დროულად არ იქნება გამოძიებული მისი შვილის მკვლელობა, ის თავად აღასრულებს სამართალს.

კორტების სპეც-ოპერაცია

2006 წლის 2 მაისს შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა. სპეცოპერაცია, რომელსაც "კორტების ტრაგედია" შეარქვეს, სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელობებთან ერთად, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა.

მაშინ გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, კორტებთან სპეც-ოპერაციის ჩატარების მიზეზი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ 2006 წლის 2 მაისს შედგენილი პატაკი გახდა.

პატაკში წერია: "მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს რაიონში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ა. ხუბულოვმა, ზ. ვაზაგაშვილმა და ბ. ფუთურიძემ, ასევე ჯერჯერობით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად, მოამზადეს ყაჩაღური თავდასხმა თბილისში, სავარაუდოდ, ისანი-სამგორის რაიონში, ჯერჯერობით დაუდგენელ პირებზე. მიმდინარე წლის 2 მაისს მითითებული პირები იკრიბებიან საბურთალოს ქუჩაზე სახანძროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე ინფორმაციით, შესაძლებელია, ისინი გადაადგილდნენ მუქი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანით. აღნიშნულს გაცნობებთ შემდგომი რეაგირებისთვის".

"რეაგირება" ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების ჩასატარებლად კონკრეტული გეგმის შედგენას გულისხმობს. შსს-ს დოკუმენტებში ეს გეგმა მართლაც არსებობს, ოღონდ, იგი 1 მაისით თარიღდება. გამოდის, რომ კრიმინალურმა პოლიციამ 1 მაისს შეადგინა ოპერატიული ღონისძიებების გეგმა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მხოლოდ ერთი დღის შემდეგ - 2 მაისს გაიგო.

კრიმინალური პოლიციის უფროსის ირაკლი ქადაგიძის მიერ 1 მაისს დამტკიცებული ბრძანების მიხედვით, "ყაჩაღების" წინააღმდეგ სპეც-ოპერაციისთვის დაახლოებით ათკაციანი ოთხი ჯგუფი იქმნება. 40-მდე შეიარაღებული თანამშრომელი "ჯერჯერობით დაუდგენელ" რაიონში, "ჯერჯერობით დაუდგენელ" პირებზე "ჯერჯერობით დაუდგენელ" პირთან ერთად საყაჩაღოდ წასული სამი ადამიანის სათვალთვალოდ მიდის.

პირველ ინფორმაციებში, რომლებიც 2 მაისს სპეცოპერაციის შესახებ გავრცელდა, მხოლოდ ხუბულოვის გვარი ფიგურირებდა. ვინ იყო მეორე ჩაცხრილული ახალგაზრდა, პოლიცია ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ეს ინფორმაცია მას არც ჰქონდა.

ავტომანქანაში მჯდომი კიდევ ერთი ადამიანი - ბუბა ფუთურიძე მძიმედ დაიჭრა. მან მოგვიანებით დანაშაული აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა: "შემომთავაზეს, დაგვეყაჩაღებინა ვინმე... ზუსტი სახელი მე თვითონ არ ვიცი... ამისათვის შევიძინეთ რამდენიმე იარაღი...", - უთხრა მან სამართალდამცავებს. ფუთურიძე ციხიდან უკვე გამოუშვეს.

თვითმხილველის განცხადებით, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 6 ნომერში ცხოვრობს, მას ავტომანქანიდან გახსნილი ცეცხლი არ დაუნახავს. ავტომანქანა არ მოძრაობდა - იგი კორტების კედელთან ბოძს ცხვირით იყო შეჯახებული. სროლის ხმა კორტების მხრიდან, ანუ კედლის შიგნიდან გამოდიოდა. ივლიტა გაჩეჩილაძე, რომელიც მოვლენებს თავიდან ბოლომდე ადევნებდა თვალს, ამბობს, რომ ავტომანქანიდან სროლის ხმა არ გაუგია. მან ავტომანქანის უკანა სალონიდან გადმოვარდნილი ადამიანი დაინახა. გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანს ხელში არაფერი ეჭირა. ივლიტა გაჩეჩილაძეს არ გაუგია სამართალდამცავთა მხრიდან რაიმე მოწოდება გაჩერების ან დანებების შესახებ.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა მისი შვილის საქმის სიმართლის დასადგენად. ის რამდენიმე თვის წინ ზურას საფლავზე ნაღმზე აფეთქდა. ამბობენ, რომ ეს მკვლელობა ვაზაგაშვილის საქმის ხელახალ გამოძიებას უკავშირდება. თუმცა ოფიციალური ვერსიები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თამარ ბოჭორიშვილი