ვაზაგაშვილის საქმე და იდუმალი მოწმე უკრაინიდან

ვაზაგაშვილის საქმე და იდუმალი მოწმე უკრაინიდან

"ივანიშვილის მიერ ნახსენები ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის მოწმეები უკრაინიდან, სავარაუდოდ ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ამჟამად უკრაინაში მუშაობენ. ვერსიას იური ვაზაგაშვილის მეგობრები სერიოზული საფუძვლის მქონეს უწოდებენ და მეტი დაკონკრეტებისაგან, ამ ადამიანების უსაფრთხოებისათვის, თავს იკავებენ. ამბობენ, რომ მოწმეების უსაფრთხოება დაცული არ არის, ამიტომ მათი ვინაობის საჯაროდ გამოცხადებამ, ან ნებისმიერი სახის მინიშნებამაც კი, შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. უკრაინაში ყოფილი ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენელი მუშაობს, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებიდანაც. შესაბამისად, ადვილი შესაძლებელია მათში ის ადამიანებიც იყვნენ, ვინც 2006 წელს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები იციან", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ვაზაგაშვილის საქმე და იდუმალი მოწმე უკრაინიდან / შალვა ხაჭაპურიძე: "საუბარია რამდენიმე მოწმეზე, განსაკუთრებით ერთზე".

"განცხადება იმის შესახებ, რომ მოწმეები, რომელზეც ბოლო პერიოდში იური ვაზაგაშვილი საუბრობდა, უკრაინიდან არიან, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა გარდაცვლილს შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე - "მას ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი და კიდევ ერთი შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი. ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, მის გვერდში მაქსიმალურად დავმდგარიყავი, რათა გაქარწყლებულიყო ეჭვი იმის შესახებ, რომ დამნაშავეები არ დაისჯებოდნენ. მისგან ვიცი, რომ გამოძიება დასკვნით ფაზაში შედიოდა. გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვისზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი პასუხისმგებლობის ქვეშ ხვდებოდნენ. მან გვარებიც ბევრი დაასახელა", - აღნიშნა ივანიშვილმა. "ივანიშვილი ერთადერთი არაა, ვინც ხსენებული მოწმეების ვინაობა იცის", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები, მეგობრები და პოლიტიკოსებიც კი ამბობენ, რომ მათ იციან, თუ ვისზეა საუბარი, მაგრამ ვინაობის დაკონკრეტებისგან ყველა თავს იკავებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ მისთვის მოწმეების ვინაობა ცნობილია, თუმცა "რეზონანსთან" ჩაწერილ მაშინდელ ინტერვიუში მათი ვინაობის დასახელებისაგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავა. მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ მოწმეების ადგილსამყოფელი უკრაინაა, მან პროკურატურას დაცვის პროგრამის სრულყოფილად ამუშავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ პირველმა დაასახელა მთავარი მოწმის ადგილსამყოფელი და მოწმის დაცვის პროგრამის ეფექტურობისთვის, უკრაინასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შესაბამისი ზომების გატარება უნდა მოხდეს. პარლამენტარის განცხადებით, ჩვენება გამოძიებისთვის უკვე მიცემულია და დეტალები მისთვისაც და ყოფილი პრემიერისთვისაც ცნობილია", - დასძენს გამოცემა.

"მკვლელებს მინდა შევუთვალო, რომ მთავარი მოწმის ლიკვიდაცია სამართლებრივი თვალსაზრისით მათ არანაირ შედეგს არ მოუტანს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. ივანიშვილის მიერ მოწმეების ადგილსამყოფელის დასახელების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები ყოფილიყვნენ, რომლებიც ახლა უკრაინაში მუშაობენ. ამ ეჭვს საფუძვლიანი უწოდა იური ვაზაგაშვილის მეგობარმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ და აღნიშნა, რომ მისთვის ყველაფერი ცნობილია, თუმცა, საჯაროდ საუბრისგან, გასაგები მიზეზების გამო, თავი შეიკავა - მისი თქმით, ამ ადამიანების უსაფრთხოება ნაკლებადაა დაცული", - წერს სტატიის ავტორი.

"ვერსია რა თქმა უნდა, არსებობს და ამ ვერსიას საკმაოდ სერიოზული საფუძველი აქვს. ეს ტერაქტი მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მიმართ არ იყო განხორციელებული. ეს იყო გზავნილი ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც სამართლიანობისთვის იბრძვის. ამით მიანიშნეს, რომ თუ ბრძოლას გააგრძელებენ, მათაც იგივე ელით. მოწმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია რა თქმა უნდა მაქვს, სხვებსაც აქვთ. მაგრამ საჯაროდ ვერაფერს ვიტყვით, რათა ამას კიდევ უფრო დიდი უბედურება არ მოყვეს. საუბარია რამდენიმე მოწმეზე, განსაკუთრებით ერთზე. არაა გამორიცხული, რომ თუ ჩვენ საჯაროდ დავასახელებთ, რაიმე უბედურება შეემთხვათ - რაიმე ოდნავი ინფორმაცია, ოდნავი მინიშნებაც კი საკმარისი შეიძლება გახდეს იმისთვის, რომ საფრთხე შეექმნას ყველაფერს, რაზე ბრძოლასაც ჩვენ წლები შევალიეთ", - აცხადებს ხაჭაპურიძე.

"თუ ვინ შეიძლება იყვნენ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებზეც ხაჭაპურიძე საუბრობს, არცთუ ადვილი გამოსაცნობია, ვინაიდან უკრაინაში ბოლო თვეების განმავლობაში სამუშაოდ წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი წავიდა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ჩვეთან საუბარში ამბობს, ეს ადამიანები არიან თავისი საქმის სპეციალისტები საჯარო და სამოქალაქო რეესტრიდან, უკრაინაში სამუშაოდ მიიწვიეს კომპიუტერიული პროგრამების სპეციალისტები, ორგანიზაციული თეორიის მცოდნენი და ა.შ. რაც შეეხება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, დარჩიაშვილი ამბობს, რომ არ იცის ასეთი ადამიანები, ეკატერინე ზღულაძის გარდა, არიან თუ არა დასაქმებულები იქაურ სამინისტროებში, მაგრამ ისინი აქტიურად მოღვაწეობენ კონსულტანტების როლში", - დასძენს სტატიის ავტორი.

"იქ არიან ქართველი მეომრები და ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობენ. ისინი დაკავებულები არიან როგორც წვრთნით და ინსტრუქტორ-კონსულტანების როლის შესრულებით, ასევე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობით. საერთო ჯამში, იქ ბევრია ისეთი, ვინც ან უშუალოდ თანამდებობაზეა დანიშნული, ან კონსულტანტია. საუბარი რამდენიმე ათეულ ადამიანზეა", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს