ირაკლი შოთაძე - იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში არის წინსვლა

ირაკლი შოთაძე - იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში არის წინსვლა

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში არის წინსვლა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა .

"ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში პროკურატურის ნებისმიერი თანამშრომლის იმედი არის, რომ საქმე გაიხსნება. ეს იმედი რომ არ იყოს, რომ ჩვენ გავხსნით ნებისმიერ მომხდარ დანაშაულს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად ამ სამსახურში და ამ თანამდებობაზე არ ვიმუშავებდი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამის იმედი გვაქვს და დღევანდელი პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილის დანაყოფი, რომლის წარმოებაშიც არის საქმე, ყველაფერს აკეთებს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ ეს საქმე გაიხსნას და ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯოს", - აღნიშნა შოთაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერმა პროკურორმა თუ გამომძიებელმა მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და საშუალება უნდა გამოიყენოს და უნდა მიმართოს იმისკენ, რომ საქმე გაიხსნას.

"რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი საქმეები, რომლებიც ვერ იხსნება გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო. არის ასეთი რაღაცეებიც, რომ საქმეები გაუხსნელი იყო. ვიცით ბევრი რეზონანსული საქმე. მე იმას ვგულისხმობდი, რომ ეს საქმე საწყის ეტაპზეა. მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მე პირადად და იმ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც ამ საქმის გამოძიებაშია ჩართული, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ ამისთვის არაფერს დავიშურებთ", - განაცხადა შოთაძემ.

პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში გამომძიებლები არც ერთი დღე არ გაჩერებულან და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების დაკონკრეტებისგან შოთაძემ თავი შეიკავა.

"ამ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, საქმეში არის წინსვლა. 11 დღით ადრე გაცილებით ნაკლები ვიცოდით, ვიდრე დღეს ვიცით და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ ვერსიებზე, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ჩასატარებელია საკმაოდ ბევრი საგამოძიებო მოქმედება. ეს საქმე ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შესაბამისად, აქ ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ამ წამსაც გრძელდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე წინ არის წასული. არის ვერსიები", - განაცხადა შოთაძემ, თუმცა მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ დააკონკრეტა.

ირაკლი შოთაძემ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს, მედიას, იური ვაზაგაშვილის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს მოთმინება სთხოვა, რათა პროკურატურას მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს საქმე გამოიძიოს. "ეს არ არის მარტივი საქმე. ეს გამოძიება მოითხოვს დროს და 11 დღე არ არის ის ვადა, რომ ეს საქმე გამოძიებულ იქნას",- განაცხადა შოთაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ