"მკვლელობა ჩაიდინეს ორმა სპეცრაზმელმა" - გურამ შარაძის ქალიშვილი მამის მკვლელებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

"მკვლელობა ჩაიდინეს ორმა სპეცრაზმელმა" - გურამ შარაძის ქალიშვილი მამის მკვლელებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

უახლოეს ხანში, გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოფირებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა დაიდება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განაცხადა, კომპანია "ალდაგის" სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალის ექსპერტიზამ უნდა უპასუხოს შეკითხვებს - დამონტაჟებულია თუ არა მასალა და შესაძლებელია თუ არა მკვლელის იდენტიფიცირება.

მისი თქმით, სათვალთვალო კამერებით გადაღებულ მასალას 2007 წლიდან ითხოვდა და ის მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მეშვეობით ახლახანს მოიპოვა.

როგორც რუსუდან შარაძე ამბობს, ექსპერტიზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარეს და შეჯერებული დასკვნა უახლოეს ხანში დაიდება.

რუსუდან შარაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მკვლელობა ჩაიდინეს ორმა სპეცრაზმელმა, რომელთაგან ერთ-ერთი რუსეთში საეჭვო ვითარებაში მოკლეს, მეორე კი - სამეგრელოში, ერთ-ერთ უწყებაშია დასაქმებული.

მოკლულის შვილი მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს "ალდაგს", რომელიც, მისი თქმით, ამ დრომდე არ პასუხობს გამოძიების შეკითხვას, რა ტიპის კამერები ეყენა კომპანიას გურამ შარაძის მკვლელობის დღეს - 2007 წლის 20 მაისს ქუჩაში.

როგორც რუსუდან შარაძე აცხადებს, კომპანია გამოძიების აღნიშნულ შეკითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია კამერის ტიპის შესახებ.

მისი თქმით, კამერის ტიპის დადგენა ხელს შეუწყობს მკვლელის ზუსტი სიმაღლის დადგენას, რაც მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის.

"მკვლელის ზუსტი სიმაღლის დადგენით გამოირიცხებოდა, რომ ის გიორგი ბარათელია, რომელიც სააკაშვილის დროს ამ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს", - განაცხადა გურამ შარაძის შვილმა.

რუსუდან შარაძის თქმით, "ალდაგი" არ პასუხობს კიდევ ერთ შეკითხვას - რატომ ეყენა მკვლელობის დღეს ორი კამერა ერთი მიმართულებით და მეორე დღეს, რატომ დამონტაჟდა ან ვინ დაამონტაჟა საპირისპირო მიმართულებით.

მისი თქმით, მკვლელობის დღეს ერთი მიმართულებით დამონტაჟებული კამერები მკვლელს ზურგით ასახავს. მოკლულის შვილის თქმით, ეს კამერები მეორე დღეს საპირისპირო მიმართულებით დამონტაჟდა, რაც ასევე საეჭვო გარემოებაა.

რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების მინისტრმა და მისმა მოადგილემ, განსხვავებით ყოფილი მინისტრის სოზარ სუბარისგან, ნება დართეს შეხვედროდა მსჯავრდებულ გიორგი ბარათელს. თუმცა, რუსუდან შარაძის თქმით, ბარათელი გაღიზიანებულია ე.წ. შტირის საქმეზე დამატებული ორწლიანი სასჯელის შემდეგ და მასთან შეხვედრა არ ისურვა.

რაც შეეხება გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას, რუსუდან შარაძის თქმით, როგორც ქალაქის, ასევე მთავარი პროკურატურა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, მათ შორის უკვე დაიკითხნენ ის პოლიციელები, რომელთა ჩვენების საფუძველზე გიორგი ბარათელი დააკავებს.

"ერთ-ერთი პოლიციელი ლევან ბოჭორიშვილი მკვლელობიდან 8 წლის შემდეგ, ამბობს, რომ ახლა რაღაცებს ვერ იხსენებს. ეს ის პოლიციელია, რომელმაც მკვლელობის დღეს მიცემული ჩვენება სასამართლოზე ნაწილობრივ შეცვალა. თქვა, რომ ბარათელს ეცვა კუბოკრული პერანგი მკვლელობის დროს. თუმცა მას დაკავების დღეს არ ეცვა ასეთი პერანგი", - განაცხადა რუსუდან შარაძემ.

მოკლულის შვილი იმედოვნებს, რომ გამოძიება მკვლელის ვინაობას დაადგენს და გიორგი ბარათელს გაათავისუფლებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ