მაკა ასათიანის მამის ჩაცხრილვის დეტალები - გასული ათწლეულის გამოუძიებელი სკანდალური საქმე

მაკა ასათიანის მამის ჩაცხრილვის დეტალები - გასული ათწლეულის გამოუძიებელი სკანდალური საქმე

2002 წლის 20 ნოემბერს თბილისის ცენტრში მკვლელობა მოხდა - მაკა ასათიანის მამა, კახი ასათიანი მოკლეს. შემთხვევა ვაკეში, საღამოს 7 საათზე მოხდა. კახი ასათიანს იმ დროს ესროლეს, როცა მისი მძღოლი ავტომობილიდან გადავიდა, რადგან ასათიანის ცოლის დისთვის, ნანა ბიჭიასთვის მოსაწვევები მიეტანა. მკვლელმა კახი ასათიანს მაყუჩიანი იარაღიდან 16 ტყვია ესროლა, თუმცა მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ამ დეტალის გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ, რომ მკვლელი პროფესიონალი არ იყო.

მკვლელი შემდეგ ცისფერ "ბე ემ ვე"-ში ჩაჯდა, ჯერ ვერის მიმართულებით წავიდა, შემდეგ ქობულეთის აღმართზე, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა. კახი ასათიანის მკვლელობას უამრავი ადამიანი შეესწრო. თვითმხილველების მონათხრობით, პოლიციამ მკვლელის ფოტორობოტი შეადგინა, შემთხვევის დროს მკვლელს შავი ქუდი ეხურა და გრძელი თმა უჩანდა. დაახლოებით ერთ საათში შემთხვევის ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ავთო ჯორბენაძე მივიდა. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო. პოლიციამ გადაკეტა თბილისიდან გასასვლელი გზები და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ...

კახი ასათიანის მკვლელობას საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ცნობილი ფეხბურთელი, 1990-2000 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა სახელისუფლებო და ბიზნესწრეებში. სპორტის დეპარტამენტიდან წასვლის შემდეგ კახი ასათიანმა ავიაკომპანია "აირზენას" აქციების დიდი ნაწილი შეისყიდა. იმ პერიოდში კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა. როგორც ამბობენ, "აირზენას" კუთვნილი თანხები რომ დაებრუნებინა, კახი ასათიანი ხმაურიან გარჩევებსაც არ ერიდებოდა; ასათიანის მკვლელობის მოტივად რამდენიმე ვერსია განიხილებოდა. მთავარი ვერსია, რომელზეც იმ პერიოდის პრესა წერდა, "აირზენას" უკავშირდებოდა, რომელსაც, როგორც მედია იუწყებოდა, ედუარდ შევარდნაძის პირადი მფრინავი თამაზ გაიაშვილი, კახი ასათიანი და ქურდული ავტორიტეტები მართავდნენ.

კახი ასათიანის ოჯახი წლების მანძილზე ითხოვდა საქმის გამოძიებას, თუმცა შემთხვევიდან 13 წელი გავიდა და საქმე დღემდე გამოუძიებელია.

თამარ ბოჭორიშვილი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს