რას ითხოვს სასამართლო ია ფარულავასგან - გახმაურებული საქმის მოქმედი გმირები სკანდალურ ცემა-ტყეპაზე

რას ითხოვს სასამართლო ია ფარულავასგან - გახმაურებული საქმის მოქმედი გმირები სკანდალურ ცემა-ტყეპაზე

2013 წელს, ფრანგულ რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებაზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. საქმეზე მოწმის სტატუსით სასამართლოში მსახიობი ია ფარულავა დაიბარეს.

- ია, რა დროს დაგიბარეს და მოსალოდნელი იყო შენთვის პროცესზე მოწმის სტატუსით მისვლა?

- დღეს ვარ დაბარებული სასამართლოში. უწყისიც არ მიმიღია, პარასკევს დამირეკეს და დამიბარეს პროცესზე. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რადგან ყველამ იცის, რომ მე ინციდენტს არ შევსწრებივარ, რადგან ამ ორომტრიალში მონაწილე ქალბატონმა შემნიშნა, როგორც ცნობადი სახე და ჩვენების დროს დამასახელა. რადგან ჩვენება მივეცი, სასამართლოზეც უნდა გამოვცხადდე და იგივე დავაფიქსირო. უნდა ვუთხრა, რომ არაფერი არ მინახავს. ჩემი წამოსვლა რესტორნიდან და მელიას შემოსვლა ერთ დროს მოხდა. სხვა არაფერი არ მინახავს.

Ambebi.ge ინციდენტში მონაწილე მანჩო გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელმაც საქმეზე სასამართლო პროცესების განახლების შესახებ ინტერნეტით შეიტყო.

- ჩემმა მეგობარმა მითხრა, ია ფარულავა დაიბარეს "ლა ტრუფეს საქმეზე", სასამართლოშიო. 52 მოწმე ჰყავს საქმეს და ალბათ, ჩვენ შემდეგ დაგვიბარებენ.

- გაქვთ ობიექტური გამოძიების იმედი?

- გააჩნია მოსამართლეს. ბოლოს ვინც იყო საქმის მოსამართლე, ის "ნაციონალების" ზონდერ-მოსამართლე იყო, ახლა არ ვიცი, ვინ არის... გამოძიებითაც უკმაყოფილო ვარ. პირველივე ჩვენებაში მყავს აღწერილი მელიას თანმხლები პირი. ეს იყო ბესო გაზდელიანი და ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას. როცა საქმეში ახალი დეტალები იკვეთება, პროკურატურას უნდა დავებარებინე, მაგრამ არ დამიბარა. ჩვენი მხრიდან ბექა მაზიაშვილია ხულიგნობაში ბრალდებული, სრულიად უსამართლოდ, იმათი მხრიდან მხოლოდ ნიკა მელია, არადა ისინი ერთად მოვიდნენ, ჩხუბი დაიწყო მელიამ და გაზდელიანმა, და მათ იმ წამსვე მოჰყვნენ დათო საყვარელიძე, ვაშაძე, გოროზია და დანარჩენები... ეს ჯგუფური დანაშაულია. კბილაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა საქმე, მაგრამ რადგან "ნაციონალები" კმაყოფილები დარჩნენ, აღარ დაინტერესებულა.. ჩვენ ვითომ არაფერში არ ვითვლებით.

მელიას ჩხუბამდე არც ვიცნობდით, რას მოგვადგა?! გამოძიებამ არ ამოიღო დავით საყვარელიძის და მელიას მიმოწერა, ჩხუბამდე რამდენიმე წუთით ადრე, მე ეჭვი მაქვს, რომ მან უბრძანა ცნობილ ზონდერებს - მელიას და გაზდელიანს ჩვენი კაფედან გაყრა. ეტყობა უნდოდათ, მარტო დარჩენილიყვნენ და ექეიფათ. ინციდენტი ამოწურული იყო, როცა ბარში შემოვარდნენ იარაღიანი პირები. ეს მეზობლების ჩანაწერებშიც კარგად ჩანს. მიშა სააკაშვილის დაცვა მოვიდა, "მ4"-ის ტიპის ავტომატური იარაღები ჰქონდათ, მანქანის ნომრებიც ჩანს ჩანაწერში, პატრული რომ არ მოსულიყო, მოგვკლავდნენ ცემით. ვინ იყვნენ ისინი, ვინ გამოიძახა და რატომ მოვიდნენ, არ დაინტერესებულა გამოძიება. პატრულში მხოლოდ ერთი ზარი შევიდა, ისიც ჩვენმა მეგობარმა ხათუნა დარბაისელმა გამოიძახა... ნაც-ხროვისთვის მეტი რა ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო, ჯგუფურიც მოუხსნეს და ბოლომდეც არ გამოიძიეს, გაზდელიანი მე რომ არ მეცნო, არავინ დაინტრესებულა მისი ამოცნობით. ამას ჰქვია, კბილაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა, მაგარი " პატივი " გვცა...

Ambebi.ge ნიკა მელიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ დღევანდელი სასამართლოს შესახებ არაფერი იცის.

- რა ეტაპზეა საქმის გამოძიება?

- არ ვიცი ნამდვილად, რა დროს "ლა ტრუფეა".

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ