"დაიწყო პროკურატურამ მუშაობა, რათა კიდევ ერთი ახალი ბრალი წამიყენონ" – უგულავას საგანგებო განცხადება ციხიდან

"დაიწყო პროკურატურამ მუშაობა, რათა კიდევ ერთი ახალი ბრალი წამიყენონ" – უგულავას საგანგებო განცხადება ციხიდან

როგორც ცნობილია, დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 2014 წლის ივლისში შეუფარდა. წინასწარი პატიმრობის ვადა უგულავას ერთ თვეში ეწურება, ამასთან დაკავშირებით იგი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც პროკურატურას "ახალი ბრალის შეთხვზაში" ადანაშაულებს:

ბავშვისთვისაც კი ცხადია, რომ დღეს ჩვენ კლასიკურ ფარისევლობასთან გვაქვს საქმე და სასამართლო სისტემაც ირიბად გახდა ამ ფარსის მონაწილე. ეხლა კი უფრო დეტალურად მოგახსენებთ : კანონის, კონსტიტუციის, ყველა სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფა ხდება. იცით, რომ ჩემს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება 1 თვეში. სანამ ჩემი აღმკვეთის შეცვლის შესახებ შუამდგომლობას დავაყენებდით, მაშინაც აღვნიშნე და დღესაც გავიმეორებ : სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკვე აქტიურად დაიწყო ფინანსურმა პოლიციამ და პროკურატურამ მუშაობა, რათა კიდევ ერთი ახალი ბრალი წამიყენონ. უკვე დაიწყეს ყველას და ყველაფრის აწიოკება, სადაც ხელი მიუწვდებათ.

კონსტიტუციის ის ნორმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტი არ შეიძლება დარჩეს,პროკურატურას სამწუხაროდ ესმის ისე, რომ ეს ერთ ბრალს ეხება. და ეს ვნახეთ ახალაიას მაგალითზე, როცა ის 2 წელზე მეტი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. პროკურატურა და სამწუხაროდ სასამართლოც ემზადება იმისთვის, რომ დანაშაულის დადასტურებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გარეშე, ისევ წინასწარ პატიმრობაში დამტოვონ მორიგი შეთითხნილი ბრალის საფუძველზე.

მათი ლოგიკით ადამიანი მთელი ცხოვრება შეიძლება იყოს წინასწარ პატიმრობაში. პროკურატურის ლოგიკისა და სასამართლოს მიერ პროკურატურის გაზიარებული ლოგიკის მიხედვით , ხდება კონსტიტუციის სრული იგნორირება. ადამიანი მთელი ცხოვრება თეორიულად შეიძლება იყოს წინასწარ პატიმრობაში. გაივლის 9 თვე, თუ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება, პროკურატურა შეთხზავს ახალ ბრალს და ათვლა ისევ თავიდან დაიწყება და ასე შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად. კონსტიტუციაში წერია შემზღუდავი ნორმა, ადამიანი არ შეიძლება 9 თვეზე მეტი იყოს წინასწარ პატიმრობაში, ეს ნორმა ჩემს მიმართ დაარღვია სასამართლომ ერთხელ, ვინაიდან როგორც მოისურვებს პროკურატურა, ისე იცვლება კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ნორმაც. ფაქტია ბატონო მოსამართლევ, თქვენ ირიბად ამ პროცესებში მონაწილეობთ, და თქვენი პასუხისმგებლობა იქნება კოლექტიური, როდესაც სულ რაღაც 2-3 კვირაში პროკურატურა მორიგი შეთითხნილი ბრალით ახალ წინასწარ პატიმრობას მოითხოვს ჩემს მიმართ.

წინასწარ გეუბნებით, ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს განიხილავს, დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას. ამას ვამბობ მე წინასწარ, თქვენი გადაწყვეტილებაც ვიცოდი წინასწარ , ისევე როგორც ვიცი, რომ 2 ან 3 კვირაში ლოტოტრონით შერჩეული მოსამართლე დააკმაყოფილებს პროკურატურის მორიგ შუამდგომლობას. ამ განცხადების საფუძველს კი მაძლევს ერთი გარემოება _ ჩემი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და შესაბამისად ჩემი გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, და ამ გადაწყვეტილებას სასამართლოსთან არც მაშინ ჰქონია კავშირი, არც დღეს აკავშირებს რაიმე, არც მაშინ ექნება, როდესაც საპატიმროს დავტოვებ. ეს არის მწარე რეალობა, რომელიც პროკურატურასთან ერთად სამწუხაროდ სასამართლომაც შექმნა. ამიტომაც გახდა სასამართლო ირიბად ამ ფარსის მონაწილე.

ფაქტი კი ერთია - დღეს, პირადად ივანიშვილის დავალებით პროკურატურა ემზადება, რომ კონსტიტუცია, რომელიც არის სახელმწიფოს უმაღლესი კანონი, შეურაცხყოს!"- ნათქვამია უგულავას განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ