პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

პროკურატურა ე.წ. "კაბელების საქმეზე" დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. კაბელების საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია, სრული სიცრუეა. გარდა ამისა, პროკურატურაში ადასტურებენ, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ზაზა ბროლაძე ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება.

"დღეს, ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნულ საქმეში ჩართული ექსპერტების თითქოსდა გატაცებისა და მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გაჟღერებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მიზნად ისახავს ამავე საქმეზე მოახლოებული სასამართლო პროცესის წინ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ბრალდებულების - ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძისა და დავით წიფურიას მიმართ წინა სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2015 წლის 1 აპრილს, საქმე კი უნდა წარიმართოს სასამართლოში 2015 წლის 26 მარტს. დღემდე დაცვის მხარეს გამოძიებისთვის არ წარმოუდგენია ბრალდების გამაბათილებელი არც ერთი მტკიცებულება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ საქმის სასამართლოში წარმართვამდე ერთი დღით ადრე მსგავსი ცრუ განცხადებების გავრცელება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ დაცვის მხარე გამოძიების მიმდინარეობის დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე უფლებამოსილია ნებისმიერი სახის ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიმართოს ნებისმიერ საექსპერტო დაწესებულებას და ამ უფლებას მას ვერავინ ვერ შეუზღუდავს. შესაბამისად დაცვის მხარეს ჰქონდა სრული 5 თვე ჩაეტარებინა მისთვის სასურველი ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ