შურისძიებით შეპყრობილმა შვილმკვდარმა მამამ 23 წლის ბიჭი მოკლა - რუსთაველზე დატრიალებული მკვლელობის დეტალები

შურისძიებით შეპყრობილმა შვილმკვდარმა მამამ 23 წლის ბიჭი მოკლა - რუსთაველზე დატრიალებული მკვლელობის დეტალები

2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილი სამმა ადამიანმა ქუჩაში ჩაცხრილა.

მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 11 ტყვია მოხვდა, მათ შორის ერთი - საკონტროლო. ამ შემზარავ დანაშაულს კიდევ ერთი არანაკლებ მძიმე მკვლელობა უძღოდა წინ. 2010 წლის მარტში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე "არტ კაფეში" 21 წლის სანდრო გოგბერაშვილი მოკლეს, მაშინ ასევე დაიჭრა სამი ახალგაზრდა, მათ შორის ზურაბ ტარყაშვილი. მოგვიანებით ტარყაშვილი და მისი მეგობრები, ძმები ჩიჩუები, ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლეს. ხოლო სანდრო გოგბერაშვილის მკვლელობაში მისი უახლოესი მეგობარი, თორნიკე კაჭარავა ამხილეს. ვინაიდან იგი იძებნება, სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და 21 წელი მიუსაჯა. საყურადღებოა ერთი დეტალი, მოკლული სანდროს ოჯახი, პირველივე დღიდან კაჭარავას დამცველად გამოდის და მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შეწყვეტას ითხოვს. ამ მოტივით განაჩენი სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრეს. ივერი გოგბერაშვილი დარწმუნებულია, რომ რეალურ დამნაშავეს ძალოვნებმა ხელი დააფარეს. იგი თავისი შვილის მკვლელობაში ზურა ტარყაშვილს ადანაშაულებდა და რადგან იგი ამ ბრალდებით არ გაასამართლეს, მასზე შური იძია. ზურა საპატიმროდან ერთი კვირის გამოსული იყო, როცა გარდაცვლილი სანდროს მამამ იგი მოკლა. გამოძიების მტკიცებით, 53 წლის ივერი გოგბერაშვილი მისი შვილის მეგობრებს, 19 წლის დათო რუსიშვილს და 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობა ერთად განახორციელეს.

ყველა მათგანი ცალ-ცალკე გასამართლდა. პირველად მართლმსაჯულების წინაშე დავით რუსიაშვილი წარსდგა. საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და მსაჯულებმა იგი დამნაშავედ სცნეს. რუსიშვილს 21 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შემდეგ ირაკლი აგლაძის საქმე განიხილა საქალაქო სასამართლომ და მას 30 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, რადგან დღემდე ძებნება. მისი ადვოკატები გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ, ირწმუნებიან, რომ აგლაძე შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და ახლა იმედებს სამართლიან სასამართლოზე ამყარებენ. თვლიან, რომ აგლაძე უკანონოდ დაისაჯა და ბრალდების მხარემ პროცესზე ფალსიფიცირებული მტკიცებულებები წარმოადგინა. "შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 23 მასრა, რომელთა გასროლაც მოხდა ორი იარაღიდან, თუმცა არაა დადასტურებული ის, თუ ვის ეკუთვნოდა სინამდვილეში ეს იარაღები..." - აცხადებს აგლაძის ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი. მისი თქმით, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ირაკლი აგლაძის შემთხვევის ადგილზე ყოფნას და მის ბრალეულობას დაადასტურებს. "ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად", - ამბობს იგი.

რაც შეეხება ივერი გოგბერაშვილს, იგი უკრაინაში დააკავეს და საქართველოში მისი ექსტრადირების შემდეგ დაიწყო საქმის განხილვა. სასამართლო სხდომები ხმაურით მიმდინარეობდა.

მოკლულის ახლობლები ბრალდებულის მისამართით სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდნენ:

- შე დამპალო, ზურა რატომ მოკალი? მას შენთან მოსვლა და ყველაფრის გარკვევა უნდოდა, ეს არ დააცადე. მოგიწევს დიდხანს იქ ყოფნა, მოგეკითხება რაც გააკეთე მაგისთვის... ჩემი ძმა შენი შვილის სურათს ალბომში ინახავდა და ასე გადაუხადე სამაგიერო?- მიაძახა დარბაზიდან ბრალდებულს მოკლულის დამ.

-...ჩემი შვილი შვილი არ იყო, რომ მიკლავდით? მოიკითხეთ ახლობლებში და ისინი გეტყვიან ვინ მოკლა სანდრო, - არც ბრალდებული ტოვებდა მათ შეძახილს უპასუხოდ. მხარეებს შორის პოლემიკა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს მოსამართლე იძულებული გახდა დარბაზიდან გაეძევებინა მოკლულის და და რამდენიმე ნათესავი, ასევე ბრალდებულსაც დაემუქრა გაძევებით.

პროცესზე მოკლულის სიძე, გია გაზდელიანი მოწმის სტატუსით დაიკითხა.

-... ზურა მაღაზიაში ჩავიდა. რამდენიმე წუთში კივილის და სროლის ხმა გაისმა. მეც გავიქეცი იქითკენ და დავინახე ივერი გოგბერაშვილი, დავით რუსიშვილი და ირაკლი აგლაძე ზურას სროლა-სროლით როგორ მისდევდნენ... რუსიშვილი წაიქცა, მაშინ მან იარაღი მეც დამიმიზნა და გასროლილი ტყვია მანქანას მოხვდა. ამის შემდეგ ისევ ავეფარე მანქანას, მერე გოგბერაშვილმაც დამიმიზნა ტყვია და სროლით გზა განაგრძო. ზურას ვერ ვხედავდი, ისიც მირბოდა, რადგან მისდევდნენ. წინ აგლაძე მიდიოდა, უკან ივერი გოგბერაშვილი, მერე რუსიშვილი... როდესაც იქაურობას მივუახლოვდი, ზურა წაქცეული ეგდო ძირს და მას სამივე ესროდა, ბოლოს ივერიმ კიდევ ერთი ტყვია ესროლა და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. მასთან რომ მივედი, ჩემი ცოლისძმა სუნთქავდა... შეიძლება არასწორს ვამბობ, მაგრამ ზურას მკვლელობის მიზეზი კაჭარავას არაკაცური საქციელი იყო. კაჭარავამ სანდრო გოგბერაშვილი მოკლა. იგი ივერისთან რომ მისულიყო და იარაღი მიეტანა, რითაც ის დაჭრეს, ეს არ მოხდებოდა. მაგრამ იარაღი მან მტკვარში გადააგდო... შეცდომაში შეგიყვანეს, ძალიან ბინძური საქმე გააკეთე და მოგეკითხება. შენი მესმის, მაგრამ გავა დრო და მიხვდები სიმართლეს, - ბრალდებულს მიმართა მოწმემ.

- თქვენ გგონიათ, რომ კაჭარავამ იარაღი გადააგდო, მაგრამ ასე არ არის, მალე გაირკვევა ყველაფერი. როგორ გგონია, შენ რატომ არ მოგკალი? იმიტომ რომ შენ არაფერ შუაში არ იყავი, - უპასუხა მოწმეს ბრალდებულმა.

პროცესზე მოწმის სტატუსით ხათუნა მუკბანიანი დაიკითხა. იგი მოკლულის ოჯახის ახლობელი და ფაქტის თვითმხილველია.

- ზურა ტარყაშვილს და მის ოჯახს 7 წელია ვიცნობ. ზურას მამასთან ერთად სასურსათო მაღაზია და თონე მაქვს გრიბოედოვის ქუჩაზე. ასევე ვიცნობდი ივერის, ისიც იმ ქუჩაზე ცხოვრობდა. 17 ოქტომბერს, დაახლოებით 4-ის წუთები იქნებოდა თონეში ღია კარებთან ვიჯექი და აჩქარებული ფეხის ხმამ ჩემი ყურადღება მიიქცია, დავინახე ივერი, მარჯვენა ხელში რაღაცას მალავდა, როგორც კი ის დავინახე, დავიყვირე, - ვაიმე დედა და კივილი დავიწყე. ვიცოდი, ზურა მაღაზიაში რომ იყო და ივერის და მისი შვილის მეგობრებს სანდროს საფლავზე დაფიცებული ჰქონდათ, რომ ყველაზე იძიებდნენ შურს, ვინც სანდროს მკვლელობის დროს იქ იყო. ჩემს კივილზე მან ნაბიჯს უმატა, დავინახე, როგორ ისროდა ზურას მისამართით. ზუკას დედას ვეძახდი და თან ვკიოდი, ამ დროს შეუჩერებლად ისმოდა სროლები... ჩემთვის ნაცნობი რუსიშვილი და კიდევ ერთი უცნობი ბიჭიც ვნახე იქ, შემდეგ გავიგე, რომ იგი აგლაძე იყო...

როგორც გაირკვა, მუკბანიანი ძალოვნებმა მოწმის სტატუსით მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ დაკითხეს. ბრალდებულის ადვოკატი გიორგი სამუშია დაინტერესდა ამით და მოწმეს ჰკითხა, რატომ არ მისცა მან თავიდან ჩვენება გამოძიებას.

- თავიდან არაფერი მითქვამს, შობა რომ დამთავრდა, ამის შემდეგ მოვუყევი ზუკას მამას ყველაფერი, რაც ვნახე, უბრალოდ ძალის მოსაკრებად ეს დრო დამჭირდა, ეს ადვილი არ იყო. თებერვალში მივეცი პოლიციას ჩვენება, - განმარტა მოწმემ.

- ჩვენ მივესალმეთ ერთმანეთს, შენ გამიღიმე და გამარჯობაც მითხარი, მე არ გავქცეულვარ. თონის კარებთან იდექი, იქიდან ვერ ნახავდი რა ხდებოდა რუსთაველზე, ტყუი, - უთხრა ბრალდებულმა მოწმეს.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ