ე.წ.კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

ე.წ.კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, ე.წ.კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, პროცესი 11:00 საათზეა დანიშნული. ადვოკატის ინფორმაციით, იგი ბრალდებულებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ შეხვდა.

"ყველა ბრალდებული მზადაა პროცესისთვის. ისინი სასამართლო სხდომას დაესწრებიან", - განაცხადა ადვოკატმა.

ლევან სამუშიას თქმით, დაცვის მხარეს დღევანდელ სხდომაზე სხვადასხვა სახის რამდენიმე შუამდგომლობა ექნება, თუმცა ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა მოთხოვნებს დააყენებენ დამცველები სასამართლო პროცესზე.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომას მოსამართლე დავით ჯუღელი განიხილავს. პროცესს დაესწრება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაც.

ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირის მიმართ გამოძიება დასრულებულია. მათ საქმეზე თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიას 2 მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი და ზაზა ბროლაძე დაიკითხნენ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა, კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ.

დაკავებული არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ