ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო

ე.წ. კაბელების საქმის წინასასამართლო სხდომა 15 აპრილისთვის გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი, როგორც მხარეებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ტექნიკური ხასიათის პრობლემები იყო.

15 აპრილს წინასასამართლო სხდომა, სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში გაგრძელდება იქედან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო.

პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლებმა, მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებების უტყუარობაზე კიდევ ერთხელ გააკეთეს კომენტარები.

რაც შეეხება სხდომის გადადების მიზეზებს, როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განმარტა, ეს უკავშირდება იმას, რომ ხარვეზები იყო დოკუმენტაციის ნუმერაციაში. ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებში, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებთან შეკითხვები ჰქონდა. შეკითხვებზე პასუხის მოსამზადებლად კი პროკურატურას და ადვოკატებს 15-დღიანი ვადა განესაზღვრათ.

ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო შუამდგომლობების დაყენება, მათ შორის, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.

ბრალდებისა და დაცვის მხარეების წარმომადგენელმა მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დღეს პროცესის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ გააკეთეს კომენტარები.

როგორც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, დაცვის მხარეს წარდგენილი 2200-გვერდიან მტკიცებულებებში 2000 გვერდი გადატანილი აქვს ბრალდების მხარის მტკიცებულებებიდან. პროკურორის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოახერხონ ადვოკატებმა საკუთარი პოზიციის გამყარება.

"საუბარია მთავარ მტკიცებულებებზე, რასაც ეყრდნობა ბრალდება, უმთავრესი მტკიცებულებები გამეორებული აქვს დაცვის მხარეს, ეს არის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და ა. შ. რომლის საფუძველზეც დასტურდება ბრალდებულებისთვის ბრალეულობა და ის, რომ მათი ქმედებების საფუძველზე მოხდა 4 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვა. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ეს არის აბსურდული", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

პროკურორის ამ შეფასებებზე საპასუხოდ კომენტარი გააკეთა დაცვის მხარის კიდევ ერთმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

"თუკი პროკურატურა ამბობს იმას, რომ დაცვის მხარემ გამოიყენა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, წარმოიდგინეთ, როგორი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას. ჩვენ მოვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები, რათა დავადასტუროთ ბრალდებულების უდანაშაულობა. პირველ რიგში, პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ 182-ე მუხლით, თანხებთან, რომელზეც საუბარია ბრალდებაში, შემხებლობა არ აქვთ. მათ "სილქნეტთან" განხორციელებულ შესყიდვებზე აქვთ ხელი მოწერილი და საერთოდ, ბრალდებაში არ არის გამოკვეთილი, რომ აღნიშნულ პირებს ანგარება ჰქონდათ გამიზნული. ეს ყველაფერი პროცესების განმავლობაში გამოიკვეთება და დადასტურდება, რომ ბრალდება არის გამოგონილი. ჩვენივე არგუმენტებით გავაბათილებთ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

15 აპრილს, ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11.00 საათზე განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ