პოლიციელის უფლებამოსილებების გასაზრდელად, შესაძლოა, კანონპროექტი მომზადდეს, - ამის შესახებ "იმედის კვირის" ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა.
"მძიმე ფონის საფუძველზე საუბარი იმაზე, რომ არავითარ განსაკუთრებულს ადგილი არა აქვს, საფუძველს მოკლებულია. მე ვადასტურებ, რომ ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა და პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებთ, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ვებრძოლოთ კრიმინალს, თუმცა ასეთი ტიპის დანაშაულებებისგან, ძალიან პროფესიონალი პოლიციელებიც არ არიან დაზღვეული ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც", - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მისი ინფორმაციით, როდესაც მაგალითად აშშ-ში პოლიციელს პიროვნებასთან კომუნიკაცია უწევს, ეს არის საფრთხის წყარო და მას მარჯვენა ხელი ყოველთვის იარაღზე უჭირავს. შს მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოშიც შესაძლოა, კანონში გარკვეული ცვლილებები მომზადდეს, უფრო მეტიც, ლევან იზორიას ინფორმაციით, პოლიციელი, რომელიც ეჭვმიტანილთან მივიდა, ჯავშანჯილეტიც არ ეცვა.
"ჩვენ უნდა დავხვეწოთ კანონმდებლობა, პოლიციელს უფრო მეტი უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს და ეს დღევანდელი დისკურსი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ უფლებამოსილებებზე ვიფიქროთ და არა მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, ხომ არ მოხდება ამ უფლებამოსილებების მინიჭებით გადამეტება, პოლიციელს უნდა ვენდოთ. პოლიციელებისვე დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მასაც უნდა ჰქონდეს რეალური ბერკეტები და მექანიზმები, რომ ეფექტიანად მოახდინოს საფრთხის თავიდან აცილება", - განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა და შსს-ს ხელმძღვანელობა მზადაა ეს პასუხისმგებლობა აიღოს და აცხადებს, რომ მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესებისკენ არავითარ ტენდენციას ადგილი არ აქვს.
"თუ ეს ტყუილია და სტატისტიკა გაყალბებულია, რაც გამორიცხულია, პირადად მე და ჩვენი ხელმძღვანელობა ამაზე ვიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სამწუხარო ფაქტები ხდება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვიქნებით მობილიზებული, რომ დაუნდობლები ვიყოთ ასეთი კრიმინალის მიმართ", - დასძინა იზორიამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველანაირად დაუდგება გვერდში დაღუპული პოლიციელის ოჯახს.
იხილეთ ასევე: "საქმე გვაქვს პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწევა" - ლევან იზორია პოლიციელის მკვლელის შესახებ ახალ დეტალებს ამხელს