შალვა აბულაძის მეგობარი ამტკიცებს, რომ სპეცოპერაცია დადგმული იყო - ახალი ეჭვები და დამატებითი დეტალები

შალვა აბულაძის მეგობარი ამტკიცებს, რომ სპეცოპერაცია დადგმული იყო - ახალი ეჭვები და დამატებითი დეტალები

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ახლო მეგობარი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დავით როკეტიშვილი არდაგანში ჩატარებული სპეცოპერაციის დამატებით დეტალებზე საუბრობს. როკეტიშვილის განცხადებით, ძებნილი აბულაძე სპეცოპერაციის შედეგად არ აუყვანიათ, იგი ბორჯომის პოლიციის თანამშრომლებს ჩაბარდა. როკეტიშვილის თქმით, ამის თაობაზე მისი ნაცნობი პოლიციელებიც საუბრობენ:

"არანაირი სპეცოპერაცია არ ყოფილა, შალვამ გადაწყვიტა, ჩაბარებოდა პოლიციელებს. მისი დაკავებიდან დაახლოებით, 2 საათის შემდეგ ჩამოვიდა სამინისტრო დაკავების ადგილზე, არდაგანში, მანამდე კი, ბორჯომის პოლიციის თანამშრომლები და ბრალდებული ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნულ შენობაში. პოლიციელები განაწყენებულებიც არიან, კარგად იმუშავეს, არადა არავის უხსენებია, რომ ბორჯომის პოლიციამ აიყვანა ძებნილი, მადლობაც კი არ უთქვამთ და პრემიაც არ მიუციათ. მყავს ნაცნობები და ამაზე პირადი საუბრისას ამბობენ", - აცხადებს ბორჯომის საკრებულოს წევრი დავით როკეტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, 2015 წლის 10 აპრილს შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1977 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ბორჯომში მცხოვრები, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის, მოსპობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი, შალვა აბულაძე დააკავეს.

მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამთენიისას, ძებნილი შალვა აბულაძის დაკავების მიზნით, ბორჯომის რაიონის სოფელ არდაგანში ჩატარდა სპეციალური ოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი შალვა აბულაძე დააკავეს.

ია თინიკაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ