კახა ნაკანმა თვითდაზიანებით ირაკლი ფირცხლავას მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა

კახა ნაკანმა თვითდაზიანებით ირაკლი ფირცხლავას მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის, კახი კახიშვილის განცხადებით, სპეცრაზმის ყოფილი მეთაური, კახა ნაკანი თვითდაზიანების საფუძვლად აცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას ირაკლი ფირცხლავას მიმართ და პროტესტს გამოთქვამს სპეცრაზმელების დაკავების გამო.

როგორც კახი კახიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, წინასაგამოძიებო შემოწმების დროს, გამოიკითხა ბრალდებული ნაკანი, რომელიც აცხადებს, რომ არაინაირი პრეტენზია დაწესებულების თანამშრომლების მიმართ არ გააჩნია.

"პირიქით, მადლობას აცხადებს, რომ ყურადღების ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება ადვოკატების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კახა ნაკანმა თვითდაზიანება მიიყენა პროტეტის ნიშნად და ითხოვდა "მატროსოვის ციხეში" გადაყვანას, ვინაიდან ე.წ. მატროსოვის დაწესებულება არის ერთადერთი, სადაც უნდა განთავსდნენ ყოფილი თანამშრომლები, ეს მოსაზრება სინამდვილეს არ შეესაბამება. მე-8 დაწესებულება წარმოადგენს საპატიმრო დაწესებულებას, სადაც შესახლებულნი არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები. ეს არის გამანაწილებელი დაწესებულება აღმოსავლეთ საქართველოსთვის. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბატონი ნაკანი იმყოფება განცალკევებით საკანში, დახურულ სართულზე, სადაც მასთან ერთად სხვადასხვა საკნებში იმყოფება პოლიციის 112 თანამშრომელი. მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც და მაინც "მატროსოვის" დაწესებულებაში უნდა იყოს გადაყვანილი, არის არასწორი", - აღნიშნა კახიშვილმა.

მისივე თქმით, თვითდაზიანების ფაქტზე წინასაგამოძიებო შემოწმების დროს, გამოძიების შედეგად მოპოვებულია დოკუმენტი, სადაც თვითდაზიანების საფუძვლად ბრალდებული ნაკანი ასახელებს პროტესტს იმის გამო, რომ სპეცრაზმელები არიან დაკავებულები.

"ყველაზე მთავარი, უცხადებს თანადგომას ირაკლი ფირცხალავას. დოკუმენტი კახა ნაკანის ხელით არის დაწერილი, სადაც დაზიანების საფუძვლად აცხადებს პოლიტიკურ მხარდაჭერას ირაკლი ფირცხლავას მიმართ და პროტესტს გამოთქვამს სპეცრაზმელების დაკავების გამო", - განაცხადა კახიშვილმა.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა, კახა ნაკანმა გლდანის ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ნაკანის ადვოკატმა, კახა შონიამ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, რადგან ციხის თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და მისი გადარჩენა შეძლეს.

ადვოკატის ინფორმაციით, ნაკანმა ვენები გადაიჭრა და დაწესებულების თანამშრომლებმა მას დროულად მიუსწრეს. ამ დროისათვის ნაკანი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

კახა შონიას თქმით, ნაკანი დიდი ხანია, ითხოვს გლდანის #8 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას, თუმცა უშედეგოდ.

"მას ეკუთვნის, რომ როგორც სამართალდამცველი, გადაიყვანონ ე.წ. მატროსოვის ციხეში. ნაკანმა მიმართა, როგორც სახალხო დამცველს ასევე სამინისტროს, თუმცა მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვშიშობ, რომ კახა ნაკანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს", - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, კახა ნაკანი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ