გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა

იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს , "საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაიკითხნენ სოფელ ყარაფილაში მდებარე სასაფლაოზე აფეთქების შემსწრე თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ და დეტალურად აღუწერეს გამოძიებას, თუ რა ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას განიცდიდა შვილების საფლავზე აფეთქების შედეგად მომაკვდავი იური ვაზაგაშვილი ხელყუმბარის ნამსხვრევებით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან". ასევე, გამოძიების მიერ დაიკითხნენ შემთხვევიდან მოკლე პერიოდში ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლები, დაზარალებულის უფლებამონაცვლე და ი. ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები.

"გამოძიებით დადგენილმა ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ნათლად ცხადყო, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობასთან, რამაც ბრალდების დამძიმება გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გიორგი სოსანაშვილს ბრალდება დაუმძიმდა განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით. ამდენად, გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ