"ქართული მხარე გაარკვევს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი ადეიშვილს"

"ქართული მხარე გაარკვევს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი ადეიშვილს"

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართული მხარე აუცილებლად შეეცდება გაარკვიოს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი ადეიშვილს და გაასაჩივროს სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობა.

შოთაძემ გადაცემა "რეაქციის" ეთერში ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო. მისი თქმით, ინტერპოლი არ არის სტრასბურგის სასამართლო, რომელიც ადამიანის ბრალეულობაზე მსჯელობს.

"მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და ბრალდება პროკურატურის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა ინტერპოლისა და პროკურატურის კომპეტენციების აღრევა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ და დასძინა, რომ ლტოლვილთა სტატუსის მქონე პირთა მიმართ ინტერპოლმა ახალი კრიტერიუმები დაადგინა, რომელიც 2015 წლის 18 თებერვლიდან ამოქმედდა და ამის საფუძველზე ინტერპოლმა ცალმხრივად, ქართული მხარისთვის შეუტყობინებლად ამოიღო ძებნილთა სიიდან .

შოთაძის თქმით, მან არ იცის, რომელი ქვეყნის მიერ არის ზურაბ ადეიშვილისთვის ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული, თუმცა ამ საკითხის გარკვევის მიზნით მათ მიმართეს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს, რათა ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლიანობა მის მიმნიჭებელ სახელმწიფოში გაასაჩივროს. შოთაძის ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსის მინიჭება, ხშირ შემთხვევაში, კონფიდენციალური რჩება, ვინაიდან სტატუსის მიმღები პიროვნება წინააღმდეგია, თუმცა, ქართული მხარე შეეცდება გაარკვიოს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა იუსტიციის ყოფილ მინისტრს ეს სტატუსი.

"ჩემთვის გასაგებია ის პოზიცია, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა დააფიქსირა. ოთარ კახიძეს რომ სხვა პოზიცია დაეფიქსირებინა, ჩემთვის ეს იქნებოდა გასაკვირი. ეს არის მისი ვალდებულება, მაგრამ საქართველოს პროკურატურას ჰქონდა და აქვს მუდმივი კომუნიკაცია ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები ჩვენთვის უცნობია და ამაზე საუბარი არც მისმა ადვოკატმა ისურვა, რაც არის საეჭვო, თუმცა ჩვენ ამას აუცილებლად გავარკვევთ და საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ძებნილი ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილი იქნას ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ