მსხვერპლით დასრულებული ავარია და დაზარალებული, რომელიც საქმეში ბრალდებულის სტატუსით არის

მსხვერპლით დასრულებული ავარია და დაზარალებული, რომელიც საქმეში ბრალდებულის სტატუსით არის

2013 წლის 22 ნოემბერს, კახეთის გზატკეცილზე ერთმანეთს 06-ის მარკის ავტომობილი და opel frontera შეეჯახნენ. შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე opel frontera-ს საპატრულო პოლიცია აედევნა, რადგან მან ტრასაზე რამდენჯერმე შექმნა საავარიო სიტუაცია და არ ემორჩილებოდა სამართალდამცველების მითითებებს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა თავად გადაიღო. მიუხედავად ამისა წარუმატებელი დევნის შემდეგ პატრულმა opel frontera-ს მძღოლი გაუშვა, რამდენიმე წუთში კი საზარელი ავარია მოხდა.

ავტომობილები ერთმანეთს წინა მარჯვენა კუთხეებით შეეჯახნენ, აქედან გამომდინარე 06-ის მძღოლის მარჯვნივ მჯდომი გოჩა ბარაბაძე ყველაზე მეტად დაზიანდა. ავარიისას მიღებული სხეულის დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. საავადმყოფოში გადაყვანიდან მეორე დღეს 06-ის მგზავრი გოჩა ბარაბაძე გარდაიცვალა.

სიხლის ანალიზის პასუხმა მძღოლების სიმთვრალე გამორიცხა. საქმის მასალები ექსპერტიზაზე ოთხჯერ გადაიგზავნა. ჩატარებული ექსპერტიზის ერთი ნაწილი ავარიაში 06-ის მარკის ავტომობილის მძღოლს, მეორე ნაწილი კი opel frontera-ს მძღოლს ადანაშაულებდა.

გარდაცვლილის მეუღლეს ირმა ბარაბაძეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ პროკურატურას მისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა. გამოძიების დაწყებიდან წელიწადისა და ერთი თვის შემდეგ მან ამას მიაღწია, თუმცა ცოტა ხანში განსასჯელის სკამზე პროკურატურის გადაწყვეტილებით დაზარალებულის ძმა აღმოჩნდა. ამ ეტაპზე ბრალი მხოლოდ 06-ის მძღოლს წაუყენეს. opel fronteraს მძღოლი კი საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს.

მომხდართან დაკავშირებით და გამოძიების მიმდინარეობაზე "პოსტსკრიპტუმთან" კომენტარს არც შსს-ში და არც პროკურატურაში არ აკეთებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ