როგორ უნდა მოვიქცეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს - ის, რაც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს

როგორ უნდა მოვიქცეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს - ის, რაც ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს

ხშირად მოქალაქეებმა კონკრეტული შემთხვევის დროს არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, მიმართონ თუ არა პოლიციას ან რისი უფლება აქვთ პოლიციასთან კონტაქტის დროს. გთავაზობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებსა და პასუხებს, რაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს.

თუ პოლიციელი თავად არღვევს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს, სად შემიძლია ვიჩივლო მის წინააღმდეგ?

პასუხი: ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე - პროკურატურას.

რა შემთხვევაში აქვს უფლება პოლიციელს, მოითხოვოს ჩემი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია?

პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პატრულ-ინსპექტორს უფლება აქვს შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ. აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

რა სასჯელია გათვალისწინებული პატრულის შეურაცხყოფისთვის?

პასუხი: პატრულის სიტყვიერი შეურაცხყოფა წარმოადგენს წვრილმან ხულიგნობას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით და ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან თუ გარემოებათა გათვალიწინებით არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმას უსაფუძვლოდ მივიჩნევ. როგორ შემიძლია გავასაჩივრო პოლიციის გადაწყვეტილება და დავამტკიცო საკუთარი უდანაშაულობა?

პასუხი: შეგიძლიათ, გაასაჩივროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე, ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება, ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, შეიძლება გასაჩივრდეს - ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.

რა ოდენობის ჯარიმის გადახდა მომიწევს სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში?

პასუხი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გამოიწვევს დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით.

ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დროს, შეუძლია თუ არა პოლიციის თანამშრომელს, შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით?

პასუხი: დიახ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია, გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

შემიძლია თუ არა, მივიღო უფასო იურიდიული დახმარება პოლიციაში?

პასუხი: უფასო იურიდიულ დახმარებას ახორციელებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და მერიის უფასო იურიდიული დახმარების სამსახურები, აგრეთვე, სხვადასხვა მიმართულებისა და პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები.

მეშინია ანგარიშსწორების. შემიძლია თუ არა, ჩვენება მივცე ანონიმურად?

პასუხი: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ანონიმური ფორმით ჩვენების მიცემას არ ითვალისწინებს, თუმცა, ჩვენების აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოწმის მიმართ, შეიძლება, გამოყენებულ იქნას სპეციალური დაცვის ღონისძიებები, რაც გულისხმობს მისი ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ფიზიკურ დაცვას და ა.შ.

შემიძლია თუ არა, გავიგო, რა ოდენობის ალკოჰოლის მიღებაა დასაშვები მძღოლისთვის?

პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ალკოტესტის აპარატზე ყვითელი ან წითელი ინდიკატორის ანთება ადასტურებს მძღოლის ორგანიზმში 0.2% პრომილეზე მეტი ალკოჰოლის შემცველობას, და შესაბამისად ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს.

შევიტანე საჩივარი პოლიციაში, თუმცა, რეაგირება დღემდე არ მოუხდენიათ. რა უნდა გავაკეთო?

პასუხი: მიმართეთ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. მოქალაქეს უფლება აქვს, გაასაჩივროს პოლიციელის ქმედება პოლიციის ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურორთან ან სასამართლოში.

პოლიციამ დამაკავა ნარკოტიკების მოხმარების ეჭვის საფუძველზე. შემიძლია თუ არა, განვაცხადო უარი ნარკოლოგიურში გადაყვანაზე?

პასუხი: არა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საპატრულო პოლიციის მოთხოვნა სავალდებულოა და უნდა გადამოწმდეს თქვენს მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, ნარკოლოგიური შემოწმებისგან თავის არიდება, იწვევს 3 წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას.

მაქვს თუ არა უფლება, არ მივცე ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ?

პასუხი: დიახ, თქვენ გაქვთ უფლება არ მისცეთ ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ.

შემიძლია თუ არა, გამოვიძახო პოლიცია, როდესაც სახლის წინ ხმაურობენ და არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს? ამ შემთხვევაში, რა უნდა მოიმოქმედოს პოლიციამ?

პასუხი: შეგიძლიათ, გამოიძახოთ პოლიცია, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად, როცა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა წარმოადგენს წვრილმან ხულიგნობას. საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი ღონისძიებები. თქვენ უფლება გაქვთ, მიმართოთ პოლიციას იმ შემთხვევაში, თუ რეალურად ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი. პოლიციის განყოფილება ვალდებულია, დააფიქსიროს თქვენი განცხადება და ნებისმიერი სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდინოს მასზე სათანადო ფორმით რეაგირება. თავისთავად, მხოლოდ ხმამაღალი საუბარი, თუ იმავდროულად, მას თან არ ახლავს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, არ შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად ან ადმინისტრაციულ გადაცდომად.

შეუძლია თუ არა პოლიციას, ჩაატაროს ჩხრეკა ჩემს სახლში, როცა მე შინ არ ვიმყოფები?

პასუხი: შესაძლებელია, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ვინ უნდა ესწრებოდეს პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკის აქტს მოწმის სახით?

პასუხი: იმ უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი, ან მისი წარმომადგენელი, სადაც ნებადართულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ასევე ფიზიკური პირი, რომლის პირადი ჩხრეკაც უნდა ჩატარდეს.

რა შემთხვევაში შეუძლია პოლიციას, გამოაცხადოს საგანგებო ვითარება?

პასუხი: პოლიცია არ არის უფლებამოსილი გამოაცხადოს საგანგებო ვითარება. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი და აღნიშნულ აქტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

ვალდებულია თუ არა პოლიციის თანამშრომელი, გადმომცეს ჩხრეკის ოქმი?

პასუხი: ვალდებულია. ჩხრეკის ოქმის გადაცემა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შევიტანე საჩივარი პოლიციელის წინააღმდეგ. აქვს თუ არა უფლება პოლიციელს, იმსახუროს გამოძიების მიმდინარეობის დროს პოლიციაში?

პასუხი: დიახ, აქვს უფლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. ასეთ შემთხვევაში, ხდება პოლიციის თანამშრომლის თანამდებობიდან გადაყენება.

რა ასაკიდან შეუძლია მოქალაქეს მისცეს გამოძიებას ჩვენება?

პასუხი: ამ შემთხვევაში, ჩვენების მიცემის ასაკი კანონით არ არის განსაზღვრული. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მქონე პირების მიერ ჩვენების მიცემის წესსა და პროცედურებს.

შემიძლია თუ არა, ინტერნეტით განვაცხადო დანაშაულის შესახებ, რომლის მოწმეც გავხდი?

პასუხი: დიახ, შეგიძლიათ.

ტელეფონით მემუქრებიან, თუმცა, ამის დამადასტურებელი ჩანაწერი არ გამაჩნია. რა შემიძლია მოვიმოქმედო?

პასუხი: მუქარის რეალურობის გათვალისწინებით, უნდა მიმართოთ პოლიციას და გაიაროთ დამატებითი კონსულტაცია.

როგორ შემიძლია დავრწმუნდე, რომ პირი, რომლის წინააღმდეგაც მივეცი პოლიციაში ჩვენება, კანონის შესაბამისად დაისაჯა?

პასუხი: შესაბამისი ინფორმაციის დასადგენად, უნდა მიმართოთ პოლიციის შესაბამის განყოფილებას, ან სასამართლოს, რადგანაც სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს, საბოლოოდ, სწორედ სასამართლო ადგენს.

როგორც დამსაქმებელმა, შემიძლია თუ არა, წინასწარ გადავამოწმო დასაქმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში?

პასუხი: თუ თქვენ გულისხმობთ პირის ნასამართლობას, მაშინ გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს პირის პერსონალურ მონაცემს, რომლის გაცემა ამ პირის თანხმობის გარეშე დაუშვებელია.

ტროტუარზე დაყენებული ავტომანქანები აფერხებს მოქალაქეთა გადაადგილებას. ვის უნდა მივმართო ამ შემთხვევაში?

პასუხი: შეგიძლიათ, მიმართოთ შსს-ს საპატრულო პოლიციას, ან კომპანია "სითი პარკს".

ჩემს სახლთან, რამდენიმე დღეა, დგას უცხო ავტომანქანა. შემიძლია თუ არა, ინტერნეტის მეშვეობით დავადგინო, ხომ არ არის ის გატაცებული?

პასუხი: ინტერნეტის მეშვეობით ვერ დაადგენთ, გატაცებულია თუ არა ავტომანქანა. ასეთ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ 112-ს და მიაწოდოთ ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით.

შემიძლია თუ არა, გავიგო, სად დგას სათვალთვალო ვიდეო კამერები?

პასუხი: დიახ, ვიდეო კამერების დამონტაჟების ადგილზე განთავსებულია ვიდეო გადაღების წარმოების აღმნიშვნელი ნიშნები.

ვარ 22 წლის. არ ვარ ნასამართლევი. თან ვატარებ 8 სმ. სიგრძის დანას. თუ პოლიციამ ჩხრეკისას ამომიღო აღნიშნული ნივთი, რა პასუხისმგებლობა დამეკისრება?

პასუხი: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ.

თაკო ესებუა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ