ადვოკატი სოსო რობაქიძის ბრალდებას გამოეხმაურა

ადვოკატი სოსო რობაქიძის ბრალდებას გამოეხმაურა

ადვოკატი კობა კობახიძე სოსო რობაქიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზურაბ მიქაძის ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება სოსო რობაქიძის განცხადება, თითქოს იგი მას მთავარ პროკურატურაში შეხვდა და უთხრა, რომ იცის, რომ ამ საქმეზე ბრალდებულები ნაძირლები არიან, მაგრამ ზურაბ მიქაძეს იმიტომ იცავს, რომ მისი შვილის თანაშემწეა.

"რობაქიძემ რაც განაცხადა, თითქოს მე ვიცავ ნაძირლებს იმიტომ, რომ თურმე მიქაძის შვილი არის ჩემი თანაშემწე საადვოკატო ბიუროში, ასეთი ინფორმაცია სწორი არ არის. მიქაძის შვილი მართლაც არის ჩემი თანაშემწე, მაგრამ ამის გამო არ ვიცავ ზურაბ მიქაძეს. მე მჯერა, რომ მიქაძე არის აბსოლუტურად უდანაშაულო. რაც შეეხება რობაქიძის ინფორმაციას, თითქოს მე მას შევხვდი პროკურატურაში და ვესაუბრე, ასეთი რამ სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა კობა კობახიძემ სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შემდგომ. კერძოდ, ინციდენტი გამოიწვია ადვოკატის მხრიდან საქმის მოწმის მისამართით დასმულმა შეკითხვებმა, რასაც სოსო რობაქიძე დარბაზიდან შეეპასუხა.

ადვოკატთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ კი რობაქიძემ პროცესი დატოვა.

რაც შეეხება სასამართლოზე დაკითხულ მოწმეს, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ლევან დანგაძემ, რომლემაც აღნიშნა, რომ სპეცოპერაციისას, რომლის დროსაც ბუტა რობაქიძე მოკლეს, არც ერთ მის მეგობარს იარაღი არ ჰქონია, ხოლო იარაღის ჩადების ბრძანება ზურაბ მიქაძემ გასცა.

აღნიშნულ ჩვენებაზე ადვოკატმა პროცესის შემდეგ გააკეთა კომენტარი. "დანგაძემ, რომელმაც ადრე ფიცის ქვეშ ბაშალეიშვილის სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას მისცა ჩვენება და საერთოდ არ უხსენებია მიქაძე, დღეს ასევე ფიცის ქვეშ განაცხადა, რომ მიქაძემ გასცა განკარგულება, რომ გაეძეძგათ იარაღით შემთხვევის ადგილი", - განაცხადა კობა კობახიძემ.

საქმის პროკურორის, დავით ნეფარიძის თქმით, მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ იმ მანქანაში, სადაც ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები ისხდნენ, იარაღი არავის ჰქონია. ამასთან, პროკურორის თქმით, მოწმემ აღნიშნა, რომ შეესწრო, თუ როგორ ჩაუდეს იარაღი მის მეგობარს, აკაკი ბართაიას.

რობაქიძის საქმეზე სასამართლოს შემდეგი სხდომა 23 ივნისს, 16:00 საათზე განახლდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ