"აქ 250 კაცთან ერთად დავბრუნდები" - რას ითხოვს ხელისუფლებისგან ბიზნესმენი, რომელმაც დღეს ყვარელში სააკაშვილის სახლში შეჭრა სცადა

"აქ 250 კაცთან ერთად დავბრუნდები" - რას ითხოვს ხელისუფლებისგან ბიზნესმენი, რომელმაც დღეს ყვარელში სააკაშვილის სახლში შეჭრა სცადა

დღეს პროკურატურის სპეციალურმა დეპარტამენტმა, ყოფილი ხელიუფლების დროს, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ხუთი საქმე გახსნილად გამოაცხადა. თუმცა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა საკუთრების ხელყოფაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოხდა, ჯერ კიდევ ძალიან დიდია.

სამართლიანობის აღდგენას ინდივიდუალურად ცდილობს ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი. ამისთვის მან უჩეულო ფორმა აირჩია - ყვარელში მიხეილ სააკაშვილის კუთვნილ სახლთან მივიდა და მისი დაკავება სცადა. მას ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური მოჰყვა. შოშიაშვილის ისტორია, როგორც თვითონ ირწმუნება, ასეთია - სააკაშვილის მმართველობის დროს, 2012 წელს ბიზნესმენს, დაკავების მუქარით, 8 000 დოლარად ღირებული გრემის კულტურის სახლი 700 000 ლარად დაუსწრებლად შეაძენინეს. შოშიაშვილი მთავარი პროკურატურის მაშინდელ გამომძიებელს, ამჟამად კი ადვოკატ ბექა ბასიალიას ადანაშაულებს. ბიზნესმენი ექს-პრეზიდენტის ქონების დაკავებით პროკურატურის ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

"ქრონიკის" ინფორმაციით, ბიზნესმენი და მისი თანხმლები პირები ამ დრომდე ყვარელში, ექს-პრეზიდენტის სახლთან რჩებიან. დღის განმავლობაში შოშიაშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა სცადა სახლში შესვლა, თუმცა ამ ყველაფერს უხმაუროდ არ ჩაუვლია, რადგან  პრეზიდენტის მომხრეებმა შოშიაშვილს ამის საშუალება არ მისცეს. რა არის ბიზნესმენის მთავარი მოთხოვნა და როდის გაჩნდა სააკაშვილის სახლის დაკავების იდეა? შეკითხვებს "ქრონიკასთან" საუბარში თავად ბიზნესმენმა უპასუხა:

"2012 წლის ნოემრის თვიდან მე და თქვენ გავაკეთეთ პირველი სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩემი ქონების წართმევა. მას შემდეგ ჩატარდა უამრავი გამოძიება, ვგულისხმობ, ჟურნალისტურ გამოძიებას, რაც შეეხება პროკურატურას და სამართალდამცავებს, ჩემს განცხადებას მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. სწორედ ამან გამხადა იძულებული, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმემართა. ეს არის ჩემი გაფრთხილება - დღევანდელ ხელისუფლებას ვაფრთხილებ, ხვალამდე თუ არ შემხვდება პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი ან ამერიკის ელჩი, რომელიმე მათგანი, მე პარასკევს დავბრუნდები აქ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემს კომპანიაში მუშაობდნენ - იმ 250 კაცთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებიც ულუკმაპუროდ დატოვა სააკაშვილის ბანდიტურმა დაჯგუფებამ. თქვენ აღნიშნეთ, რომ სახლში სააკაშვილის ზონდერ ბრიგადამ არ შემიშვა - მე აქ დღეს ხელსიუფლების გასაფრთხილებლად მოვედი, რომ მოეგოს გონს და დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. რაც შეეხება იმ ორ ზონდერს - შაქრო ტერტერაშვილსა და გიორგი ბოტკოველს, რას წარმოადგენენ, მთელმა კახეთმა იცის. სამარცხვინოა მათზე საუბარი, ისინი იდგნენ აქ და რაღაც პროვოკაციას აწყობდნენ. მე და ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ წამოვეგებით ამ პროვოკაციას. დღეს ჩემი ოჯახი ცხოვრობს დაყადაღებულ სახლში და ჩემი ქონება არის მთლიანად დაყადაღებული. მე მოვითხოვ, რომ ყადაღა მოეხსნას ჩემს ქონებას, გირავნობისგან გათავისუფლდეს. მივმართავ ოდესის გუბერნატორ, ბატონ მიშას - მისი ხელისუფლების მიერ გრემის კულტურის სახლი შეფასებული იყო 700 000 ლარად და აღნიშნული ქონება 100 000 ლარად მე ვუცვლი აღნიშნულ ქონებას გრემის კულტურის სახლში", - განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.

ადვოკატი ბექა ბასიალაია ბიზნესმენის ბრალდებას "კურიერთან" საუბარში უარყოფს.

"ეს არის აბსოლუტური ბლეფი, ეს არის ტყუილი, მისი საქმიანობისთვის ხელი ერთი დღით არავის არ შეუშლია, შესაბამისად, რა ზეწოლაზეა საუბარი", - აცხადებს ადვოკატი.

დღის განმავლობაში ექს-პრეზიდენტის სახლში იმყოფებოდნენ დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი. უცნობია, დატოვეს თუ არა მათ უკვე ტერიტორია, ვინაიდან ისინი აცხადებდნენ, რომ არ წავიდოდნენ, ვიდრე შოშიაშვილი არ დატოვებდა იქაურობას.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ბიზნესმენის უკან სუს-ი დგას. მისი თქმით, თუ ვალერი შოშიაშვილს რაიმე ტიპის პრეტენზიები აქვს, მთავარ პროკურატურას უნდა მიმართოს და შემდეგ ბიძინა ივანიშვილს.

"ჩვენი სამარცხვინო ხელისუფლება, რომლემაც დევნილად აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისთვის ასეთ გზებს მიმართავს. ამ შოუებს დგამს ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკას მიხედოს ან ლარის გაქცეულ კურსს. ყოველთვის უნდათ, რომ ყურადღება სანახაობაზე გადაიტანონ", - განუცხადა "ქრონიკას" ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტი ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ხუთ საქმეს გახსნილად აცხადებს. უწყებაში დღეს მხოლოდ ერთ ბრალდებულზე ისაუბრეს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა კუდის ყოფილ მაღალჩინოსან კონსტანტინე არჩაიას. ოთხ დაზარალებულს კი სახელმწიფო ბალანსზე არსებული ქონება უკან დაუბრუნდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ