"ტრაქტორს შეასკდა და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, ბავშვი ადგილზე მიატოვეს" - 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი პატრულს ადანაშაულებს

"ტრაქტორს შეასკდა და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, ბავშვი ადგილზე მიატოვეს" - 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი პატრულს ადანაშაულებს

თელავის რაიონის სოფელ შალაურში, 29 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი 15 წლის გიორგი კოზმანაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარში პატრულის თანამშრომლებს ადანაშაულებენ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

მათი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა პატრულის მიერ დევნის დროს მოხდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა გიორგი კოზმანაშვილს დახმარება არ აღმოუჩინეს და იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

"გიორგი გუშინწინ საღამოს გამოსული იყო მოტოციკლით, როდესაც გამოეკიდა პატრული ყვირილით, რომ გაეჩერებინა. ბავშვი ინსტიქტურად გამოექცა, სოფლის ამოსახვევში წყნარად შემოვიდა, პატრული გიჟივით შემოჰყვა, რისი კადრებიც გვაქვს. როდესაც უკან იხედებოდა, რათა ენახა, მისდევდა თუ არა პატრული, მოხდა უბედური შემთხვევა - ტრაქტორს შეასკდა. პატრულის ეკიპაჟი მიადგა, ნახა, რომ ბავშვი ასეთ მდგომარეობაში იყო, თუმცა ადგილზე მიატოვა და თვითონ ტერიტორია დატოვა. გიორგი შოკურ მდგომარეობაში იყო, დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა და საავადმყოფოში ოპერაცის დროს გარდაიცვალა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ბაბუა თემურ კოზმანაშვილი თელავის სამხარეო პროკურატურაში იმყოფებოდა, რათა პატრულის თანამშრომლების წინააღმდეგ საჩივარი შეეტანა, თუმცა, პროკურატურაში მის არგუმენტებს არ მოუსმინეს. შედეგად, გიორგი კოზმანაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს სოფელ შალაურთან, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი გადაკეტეს. აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი პოლიციის უფროსი მივიდა, რომელმაც მათ განუმარტა, რომ საქმის გამოძიება არა პროკურატურის, არამედ შსს-ს პრეროგატივაა. ამ დროისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პატრულის მიერ გიორგი კოზმანაშვილის დევნას არ ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ