გარდაცვლილი ბავშვის პაპა - ჩემი შვილიშვილი სიკვდილამდე პატრულმა მიიყვანა

გარდაცვლილი ბავშვის პაპა - ჩემი შვილიშვილი სიკვდილამდე პატრულმა მიიყვანა

"ჩვენი მოთხოვნაა, რომელმა პოლიციელებმაც ჩემი შვილიშვილი ამ უბედურ შემთხვევამდე მიიყვანეს, ისინი დაისაჯნენ. ერთადერთი შვილიშვილი მყავდა და მომიკლეს",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონის სოფელ შალაურში ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გიორგი კოზმანაშვილის პაპამ თენგიზ კოზმანაშვილმა.

მისივე მტკიცებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლით მოძრავ მოზარდს დაედევნა. ბავშვმა შიშით შუქები გამორთო და გაჩერებულ ტრაქტორს შეეჯახა. მისივე თქმით, სამართალდამცავებმა დაშავებული ბავშვი შემთხვევის ადგილზე მიატოვეს.

კოზმანაშვილის ნათესავებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გადასცეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მისდევს მოტოციკლს საპატრულო ეკიპაჟი.

"ჩემი შვილიშვილი მოტოციკლით მოდიოდა, როდესაც პატრული გამოედევნა. ბავშვმა რომ დაინახა პატრული მისდევდა, სოფლის გზაზე შემოვიდა, პატრულიც გამოჰყვა. ამ დროს ბავშვმა მართვა დაკარგა და ტრაქტორს შეეჯახა. პატრულმა ამ დროს ჩააქრო შუქები, მოტრიალდნენ უკან და წავიდნენ ჩუმად. ბავშვი კი ასე დატოვეს. ჩვენ არ გამოვდევნებივართ, მოტოციკლეტმა რომ შეუხვია, ჩვენ გზა პირდაპირ გავაგრძელეთო, მაგრამ ვიდეოდან ჩანს, როგორ მიჰყვნენ და მერე ამავე შესახვევიდან შუქებჩამქრალი როგორ გამოვიდნენ. ვითხოვთ, ისინი სათანადოდ დაისაჯნენ",- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი კოზმანაშვილის პაპამ გივი გურაბანიძემ.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრებმა გამოიძახა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა პატრულის მიერ დევნის დროს მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ