ჟვანიას საქმეზე კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია 10 წლიან დუმილს დაარღვევენ - საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები იწყებენ

ჟვანიას საქმეზე კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია 10 წლიან დუმილს დაარღვევენ - საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები იწყებენ

ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ საქმეზე სასამართლო პროცესი 8 ივლისიდან დაიწყება. დღეს "რუსთავი 2"-სთვის ცნობილი გახდა, რომ ოთხშაბათს 12 ნაფიცი მსაჯულის წინაშე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე და ყოფილი პრემიერის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ ძაძამია წარდგებიან.

ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასობით კანდიდატმა გასაუბრება გაიარა, შერჩეული პირები განაჩენს ჟვანიას საქმეზე დაახლოებით ერთ თვეში გამოიტანენ.

მათი გადაწყვეტილება საბოლოო იქნება და გასაჩივრებას აღარ დაექვემდებარება.

პროკურატურამ ჟვანიას დაცვის სამსახურის წევრებს წაუყენა ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით, რამაც სიკვდილი გამოიწვია. განაპირობა თუ არა პრემიერის გარდაცვალება უსაფრთხოების სამსახურის გულგრილობამ, ამას ნაფიცი მსაჯულები დაადგენენ.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მათი გასამართლება თავად გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებმა მოითხოვეს.

"ნაფიცი მსაჯულები საზოგადოების წევრები არიან და საქართველოს მოქალაქეები. ჩვენი გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით სწორედ ამან განაპირობა. გვინდა, რომ საქმეს გაეცნოს საზოგადოებას. ღიად საჯაროდ გამოვიტანთ გარემოებებს და ამის შემდეგ საზგოდოებამ განსაჯოს რამდენად სწორედ მოიქცა კობა ხარშილაძე", - აცხადებს ბექა ბასილაია.

ნაფიცი მსაჯულებს წინაშე ზურაბ ჟვანიას მეგობრები მოწმის სტატუსით წარდგებიან, მათ შორის იქნებიან ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გია ბარამიძე და გიორგი გაბაშვილი. იმის გამო, რომ ისინი პროცესზე მოწმეებად წარდგებიან, ამ თემაზე ინტერვიუს მიცემა არ სურთ.

"ამ პროცესზე საზოგადოება გაიგებს ბევრ ისეთ ფაქტს, რაზეც დღემდე ინფორმაცია არ ჰქონდა", - განუცხადეს "რუსთავი 2"-ს ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების ადვოკატებმა.

მათი თქმით, კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია 10 წლიან დუმილს სასამართლო პროცესზე ნაფიცი მსაჯულების წინაშე დაარღვევენ.

"ბრალდებულები მზად არიან ყველაფერი თქვან რა და როგორ იყო. ეს ჩვენი არჩევანი არ არის იძულებულები არიან ეს ადამიანები. ვისზეც არის პასუხისმგებლობა იმათმა უნდა აიღონ", - აცხადებს ადვოკატი გელა ქენქაძე.

"ბატონი ზურაბის ღირსება ბოლომდე აიღეს. ამ თემებზე მათ არასდროს უსაუბრიათ. ეს ადამიანები ბატონი ზურაბის საიდუმლოს ინახავდნენ დღეს სამართლდებიან რაც დაუშვებელია", - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

8 ივლისს ჩანიშნული სხდომა მეორე სასამართო პროცესია, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმის გარშემო იმართება, პირველი პროცესი პროკურატურის დამარცხებით დასრულდა. ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროკურატურა ედავებოდა, რომ ყოფილი პრემიერის გვამის გაკვეთის დროს არ აღწერა დაზიანებები, თუმცა სასამართომ დაადგინა, რომ ეს ასე არ იყო. ჟვანიას დაცვის ადვოკატები ახლა ინტერესდებიან, სად არის დაპირებული ექსჰუმაცია და თუ პროკურატურა დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრემიერი მოკლეს, მაშინ რატომ არ ჩატარდა ხელახალი ექსპერტიზა, რომელსაც ხალხს თითქმის უკვე სამი წელია ჰპირდებიან.

დღეს ზურაბ ჟვანიას საქმის ძიება ისევ უბედური შემთხვევის კვალიფიკაციით მიმდინარეობს და გამოძიების მასალებშიც, რომელიც სასამართლოში წარადგინეს, მითითებულია, რომ პრემიერი გაზით გაიგუდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ