ვაზისუბანში მოკლული აღლემაშვილის ახლობლების თქმით, დანაშაულში ყოფილი მინისტრიცაა გარეული

ვაზისუბანში მოკლული აღლემაშვილის ახლობლების თქმით, დანაშაულში ყოფილი მინისტრიცაა გარეული

ვაზისუბანში მოკლული კობა აღლემაშვილის ოჯახი "პოსტსკრიპტუმთან" საუბარში აცხადებს, რომ დანაშაულში არა მხოლოდ პოლიციელი, არამედ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძეა გარეული. ისინი პროკურატურას აღლემაშვილზე თავდასხმისა და შემდეგ მკვლელობის საქმეების გაერთიანებას სთხოვენ. იმ ადამიანს კი, ვინც გამოძიებას ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის, აღლემაშვილები 10 ათას ლარიან ჯილდოს უწესებენ.

მკვლელობის დღეს 32 წლის კობა აღლემაშვილს ქორწინების 10 წლისთავი უნდა აღენიშნა, ამიტომ იმ დღეს სამსახურიდან ჩვეულზე ადრე გამოვიდა. სადარბაზოში, რომელშიც კობა შევიდა წივილ-კივილი საღამოს 7 საათისთვის ატყდა. ხმაურზე სახლიდან აღლემაშვილის მეუღლე ნანა წერედიანი გამოვიდა და კიბეზე დაეშვა.

ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. კობა აღლემაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ოჯახი გაოგნებული იყო, რადგან მკვლელობამდე 5 თვით ადრე, კობას იმავე სადარბაზოში, დროის თითქმის იმავე მონაკვეთში, ზუსტად იმ მეთოდით გაუსწორდნენ როგორც მკვლელობისას.

პირველი თავდასხმისას კობა აღლემაშვილს საფულეში 1200 ლარი ედო, ხელზე კი ძვირფასი საათი ეკეთა. ნივთები ადგილზე იყო, შესაბამისად ოჯახმა ძარცვა გამორიცხა. ვაზისუბნის პოლიციამ საქმე სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღძრა.

საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლაზე არავის უფიქრია. ნაკლებად მძიმე დანაშაულის მიმართ პოლიციის დამოკიდებულებაც შესაბამისი იყო.

პირველი შემთხვევისგან განსხვავებით მკვლელობას პოლიცია სათანადო ოპერატიულობით მოეკიდა. რამდენიმე საათში მათ გარდაცვლილის ოჯახს საქმის გახსნის თაობაზე შეატყობინეს.

ოჯახის ინფორმაციით, პოლიციამ მაშინ საკუთარი უწყების ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მკვლელობის ჩამდენი პირი არ იყო დადგენილი.

ოჯახის ეჭვები იმის თაობაზე, რომ შესაძლო დამნაშავე პოლიციელს მფარველები გამოუჩნდნენ, ერთმა გარემოებამ გაამძაფრა. გარდაცვლილის მამას თვითმხილველებმა შემთხვევის ადგილზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლა შეატყობინეს.

"როგორც მითხრეს აქ მომუშავე პირებმა და ვაზისუბნის მოსახლეობამ, მეორე დღეს მოსულა ჭიკაიძე, პოლიციაშიც ყოფილა, როგორც ჩანს - იმიტომ რომ, გზები გადაკეტილი იყო, არავის უშვებდნენ. რამდენიმე წუთში ჭიკაიძე გასულა და, როგორც ლაპარაკობენ, თან გაუყვანია დაკავებული ეჭვმიტანილი პოლიციელი" - აცხადებს გარდაცვლილის მამა, ზურაბ აღლემაშვილი.

მოწმის სახით დაკითხული პოლიციელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის მოტივად გარდაცვლილის ოჯახის წევრები ეჭვიანობას ასახელებენ. საქმეში ფიგურირებს სატელეფონო მიმოწერა, რომელსაც კობა აღლემაშვილი პოლიციელის მეუღლესთან აწარმოებდა.

ოჯახის წევრებს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება აეჭვებთ. იმ დღეებში, როდესაც კობა აღლემაშვილზე თავდასხმები განხორციელდა, პატრულის თანამშრომელი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. პირველად ის შვებულებაში იმყოფებოდა, მეორედ კი ეზოში ვარჯიშობდა.

გამოძიების ვერსიით, პოლიციელებმა ეჭვმიტანილის ბინიდან ვერც მისი სამოსის ამოღება შეძლეს.

იმ მოტივით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საქმეებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ