საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლს მიმართავს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლს მიმართავს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში, რომელსაც უწყება ინტერპოლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ავრცელებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ასევე გაუქმდა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა დავით კეზერაშვილის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა, ძებნილმა პირმა საჩივრით მიმართა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა. კეზერაშვილის საჩივრის საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს პროკურატურისგან გამოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც ქართული მხარის მიერ მიწოდებულ იქნა სრულყოფილად. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მიწოდებული არგუმენტაცია სრულად იქნა გაზიარებული ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ და დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. მოგვიანებით, საფრანგეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე, კეზერაშვილის ადვოკატებმა კვლავ მიმართეს ინტერპოლს და მოითხოვეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გაუქმება. მოცემულ შემთხვევაშიც, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ქართული მხარისგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია დავით კეზერაშვილის მიერ მოყვანილი არგუმენტების საპასუხოდ, რაც ასევე სრულყოფილად მიეწოდა ხსენებულ ორგანიზაციას. მსგავსად წინა შემთხვევისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ არც ამჯერად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დამატებით მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ძალაში დატოვა დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი. ამჯერად, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ ქართულ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი არგუმენტები დავით კეზერაშვილის საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

დავით კეზერაშვილის შემთხვევისა მსგავსად, საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს რამდენჯერმე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია და მასალები მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამ უკანასკნელმა აგრეთვე საჩივრით მიმართა ინტერპოლს და მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო ქართული მხარის თხოვნა. შესაბამისად, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს საჭირო მასალებს და გეგმავს მიმართოს ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა.

"მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხილავს დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს", - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ