შსს-მ თელავსა და დუშეთში მომხდარი მკვლელობები გახსნა

შსს-მ თელავსა და დუშეთში მომხდარი მკვლელობები გახსნა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ბექა ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 სთ-ზე, თავის მართვის ქვეშ მყოფი, "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანით, თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, სახლში მიაკითხა ყოფილ პოლიციელ ბექა აბულაძეს და ქუჩაში გასვლა სთხოვა. ბექა ა-მ, შურისძიების მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ბექა აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილ ბექა აბულაძეს 5 წლის წინ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ბექა აბულაძის პოლიციურ საქმიანობას არ უკავშირდება - ბექა აბულაძემ ბექა ა-ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თელავის რაიონის სოფელ ოჟიოში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთის რაიონში მომხდარი მკვლელობაც გახსნა. როგორც "ამბები.გე"-ს შსს-დან აცნობეს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ტარიელ ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დუშეთის რაიონის სოფელ უკანა ფშავის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილი პირების ვინაობა დადგინდა.

პოლიციელებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, დუშეთის რაიონის სოფელ გოგოლაურში დააკავეს ტარიელ ლ, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით, ჩადენილი მკვლელობა აღიარა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ