ვანოს "ნარუშილოვკიანი ზონდერები" - როგორ კეთდებოდა თვეში 10 000 დოლარი სპეცსაშვით

ვანოს "ნარუშილოვკიანი ზონდერები" - როგორ კეთდებოდა თვეში 10 000 დოლარი სპეცსაშვით

პატიმარი N0578

კვირაზე მეტია მთავარი თემა ე. წ. ნარუშილოვკებია, საბუთი, რომელიც ავტმობილის მძღოლს, შეიძლება ითქვას, განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებს: მის მფლობელს საპატრულო ეკიპაჟი ვერ ეხება - უფლება არ აქვს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, ავტომობილი გაუჩხრიკოს, სიმთვრალეზე შეამოწმოს და ყველაზე მთავარი, პატრულს უფლება არ აქვს, გაჩხრიკოს ან პირადობის დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვოს იმ მძღოლის მგზავრს ან მგზავრებს, ვინც ამ საბუთს წარადგენს. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ დროს ე. წ. ნარუშილოვკები მკაცრად კონტროლდებოდა და ის მხოლოდ მაშინ გაიცემოდა, როცა ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდებოდა, თუმცა სიტყვა "ნარუშილოვკა" პირველად რუსთავის N17 დაწესებულებაში 2012 წელს გავიგე პირისგან, რომელიც ამ საბუთს ფულის საკეთებლად იყენებდა.

დათო გ. რუსთავის ზონაზე სწორედ 2012 წელს, ზაფხულში მოიყვანეს. ვერელი ბიჭი უბნელებმა მაშინვე იცნეს და გაოცებისგან პირი დააღეს. ყველა ერთსა და იმავეს ეკითხებოდა: "აქ რა გინდა?!"

"ვინ არის ეს დათო, ყველა პირდაღებული რომ დასდევს და ამის აქ ყოფნა უკვირთ? ცოტნე გამსახურდიას ნახვა არ უკვირთ, ქოქოლაძის ნახვა არ უკვირთ და კიდევ სხვა ნაცნობი თუ უცნობი გვამების და ეს რატომ უკვირთ?!" - ჰკითხა პატიმარმა N0578-მა ზონის მაყურებელს, რომელიც დათოს არათუ იცნობდა, არამედ, მისი ძმისშვილის ნათლიაც იყო.

"მაგას არ იცნობ შენ. ჩათვალე, მაგის დაჭერა ვანო მერაბიშვილის დაჭერის ტოლფასია - მაგის მარჯვენა ხელი იყო, ოღონდ არაოფიციალურად. ჩვენი ძმაა და აქ, მგონი, "პრისტუპნიკების" გამო მოხვდა. მერე გაგაცნობ და მეც მაინტერესებს, რა მოხდა", - უპასუხა მაყურებელმა.

ამ "მერეში" რამდენიმე დღე გავიდა. ზონაზე მთავარი სასაუბრო თემა მოახლოებული არჩევნები და დათო იყო, რომელსაც ხშირად ეკითხებოდნენ, წავაგებთ თუ მოვიგებთო და ისიც საკუთარ აზრს ამბობდა. სხვათა შორის, ნაციონალებს წაგებას უწინასწარმეტყველებდა და იქვე დააყოლებდა ხოლმე, მთავარია, ევროპამ და აშშ-მ მიშას სროლის უფლება არ მისცენ, თორემ გაისვრისო. პატიმარმა N0578-მა ამდენი ვეღარ აიტანა და მაყურებელს მიუვარდა: "ბოლოს და ბოლოს, დაველაპარაკოთ იმ შენ ძმაკაცს"...

დათო, ზონის მაყურებელი, პატიმარი N0578 და კიდევ ორი "კაი ბიჭი" მაყურებლების კამერაში ისხდნენ. ჩაი მაყურებელმა მოადუღა და მართლაია, ეს საქმე კარგად გამოსდიოდა, მაინც წუწუნებდა, რა გიჭირთ, "სვაბოდაზე" რომ გახვალთ, იტყვით, მაყურებელი "შნირად" გვყავდა, ჩაის გვიდუღებდაო. ყველა იღიმოდა... ცოტა ხნის შემდეგ ყველამ დათოს შეხედა და იმანაც დაიწყო:

"ვიცი, რა ხდება ახლა გარეთ და იმიტომ მეშინია, რომ მიშა გაისვრის. წაგების შემთხვევაში, გაისვრის და მოგების შემთხვევაში, ზონებზე ტევა აღარ იქნება. ლაითურშიც იმიტომ აშენებენ ზონას დაჩქარებული ტემპით, ხუთი ათას კაცზეა გათვლილი და დამიჯერეთ, არ ეყოფა..."

"პოლიტიკა მერე, აგერ, N0578-ს აინტერესებს ეგ და ვერსიებზე ცალკე ესაუბრე. რატომ დაგიჭირეს? შენს ნახვას აქ ვერ წარმოვიდგენდი, გაგწირა ვანომ?!" - ჰკითხა მაყურებელმა.

"ექვსი წელია, ვანოს გვერდით ვარ. კი იცი შენ, როგორ მოვხვდი იქ. "ნარუშილოვკა" მომცეს და ყველაფრის უფლება. ყველაფერში ყველაფერი შედიოდა და..."

"მოიცა, რა მოგცეს?" - შეაწყვეტინა N0578-მა.

"ნარუშილოვკა". საბუთია ასეთი, რომლის მფლობელსაც ვერაფერს ეუბნები, ვინაობას არ ეკითხები, მანქანას არ უჩხრეკ, მგზავრს არ ეკითხები არაფერს ანუ ჩათვალე ფულის საჭრელი მანქანაა, რა. ჰოდა, ამ "ნარუშილოვკისა" და ყველაფრის უფლების სანაცვლოდ, 24 საათი მზად ვიყავით ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. ეს შესაძლოა ყოფილიყო საიდუმლო და სახელმწიფო მნიშვნელობის დავალება, ან ძალიან მარტივი - რომელიმე ბიზნესმენის "მიკაჩავება", ვინმე თავხედის ცემა, რომელიმე მაღალჩინოსნის შვილს თუ აწუხებდა ვინმე, ჭკუის სწავლება და..."

"და სავარაუდოდ, ასეთმა ხალხმა ცემა ვალერი გელაშვილს, ხო?!" - ისევ ვერ მოითმინა N0578-მა.

"გელაშვილი ვინც ცემა, კი ვიცი, ყველას არა, მაგრამ ბევრს ჰქონდეს ეს "ნარუშილოვკა". ზოგადად, ამ ხელისუფლებას ყველაფერი ზედმეტად კარგად აქვს აწყობილი და დაწყობილი. ყველამ თავის საქმე იცის და თუ შეგეშალა, სასჯელიც შესაბამისია. მართალია, შეიძლება, ბევრი რამე უკანონოა, მაგრამ შიგნიდან რომ ვუყურებ, სხვანაირად არ გამოდის, რა..."

"და შენ რა შეგეშალა?!" - ჰკითხა მაყურებელმა.

"იცი შენ, ვისზეც ვამბობ, საზღვარზე გადავიყვანე ჩემი მანქანით. აქ ძებნაში იყო, "ნარუშილოვკა" ვაჩვენე საბაჟოზე და გამატარეს, აზერბაიჯანის მხარეს კი სულ ეკიდა, იძებნებოდა თუ არა. ასე გადავაპარე და გაიგეს. ვიცოდი, რომ გაიგებდნენ, მაგრამ იმდენი რამე მაქვს გაკეთებული, ამდენ რამეში ვიყავი გასვრილი, არ მეგონა, თუ გამიმეტებდნენ. არადა, მერე გავიგე, უშუალოდ ვანოს ბრძანება ყოფილა იმის დაკავება, მე კიდევ იმიტომ არ მითხრეს, რომ იცოდნენ, ჩემი ძმაკაცი იყო. ერთადერთი, რისი უფლებაც მომცეს, ზონა აირჩიეო და ეს ვარჩიე. ჩემები ხართ აქ მაინც და..."

"მოიცა, კაცო, რა ბრალდებით გამოგიშვეს?!" - გაიოცდა N0578.

"ქურდობის. 4 წელი მომცეს. აბა, იმას ხომ არ დაწერდნენ, "ნარუშილოვკიანმა" კაცმა საზღვარზე ძმაკაცი გადაიყვანა და იმ საბუთს ვანოს ხელმოწერა აქვსო... ვანო აღარ არის შს მინისტრი, მაგრამ მაგის გაცემული "ნარუშილოვკებით" ვმოძრაობდით..."

"და ეს "ნარუშილოვკა" ფულის საჭრელი მანქანა როგორ არის?!"

"მარტივად. ეს ძებნილი ჩემი ძმაკაცი იყო და ისე გადავიყვანე, სხვა ძებნილები, წვრილ-წვრილ ამბებზე რომ იძებნებიან და ქვეყნიდან გასვლა უნდათ, ფულს იხდიან. ეს ერთი! აქედან გადადიხარ, მაგალითად, აზერბაიჯანში ან სომხეთში, ტვირთავ მანქანას, რითიც გინდა და იქაურ მებაჟეებს ფულს უმაზავ, აქაურს კი "ნარუშილოვკას" აჩვენებ და შემოგაქვს კონიაკი, ხიზილალა და ათასი რამე განუბაჟებლად. მერე მიდიხარ რომელიმე ბიზნესმენთან და იმას აბარებ, რა თქმა უნდა, იმასაც აჩვენებ "ნარუშილოვკას" და იცის, რომ უნდა ჩაიბაროს და როგორც უნდა, ისე "გააპრავოს" ანუ თუ ძალიან დატვირთული არ ხარ, თუ მოძრაობ, თვეში ათი ათას დოლარზე მეტს იშოვი. ერთადერთი, ნარკოტიკზე ვიყავით მკაცრად გაფრთხილებულები და არც არავის შემოჰქონდა".

"ანუ ხელფასი არ გქონდათ?!"

"ხელფასი არა, მაგრამ სამსახურები გვქონდა. ვიღაც ექიმი იყო და ვიღაც კიდევ სკოლის მასწავლებელი ანუ გაფორმებულები ვიყავით და ხელფასს ვიღებდით, მაგის გარდა, ყველაფერზე მწვანე გვქონდა ანთებული და დებილი უნდა ყოფილიყავი, ფული რომ ვერ გეშოვა. მე სახელფასო კარტიდან ერთი თეთრიც არ მომიხსნია, ისე გროვდებოდა და გამოიყენებენ ახლა ჩემები..."

"ახლა რას აპირებ?!"

"არაფერს. "სროკი" არ მაქვს დიდი, დამასვენებენ, ალბათ, ერთი წელი, მერე გამიშვებენ, არაფერში სჭირდებათ ციხეში ჩემი ყოფნა. გარეთ უფრო სასარგებლო ვარ"...

"თქვენ ზონდერობაც გევალებოდათ ანუ მიტინგების დაშლა?!" - ისევ იკითხა მაყურებელმა.

"ვიღაცაზე დაყვირებიდან და შემოლაწუნებიდან დაწყებული, კაცის კვლით დამთავრებული, ყველაფერი გვევალებოდა. ჩვენ უფრო ქალაქში ვმოძრაობდით და მკვლელობას და ვინმეს გატაცება-დამწყვდევას არ გვავალებდნენ, ამისთვის სხვები ჰყავდათ..."

* * *

დათო ახლა თავისუფლებაზეა და "ნარუშილოვკის" გარეშე მოძრაობს. მიმდინარე წელს ვიღაცებთან შეკამათებისას დაჭრეს - როგორც ამბობენ, ის დრო გაუხსენეს, "ნარუშილოვკა" და ყველაფერზე მწვანე რომ ჰქონდა და დაჭრეს...

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ