"გიყვებით იმას, რაც არასდროს არავისთვის მომიყოლია..." - სკანდალური ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან

"გიყვებით იმას, რაც არასდროს არავისთვის მომიყოლია..." - სკანდალური ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან

რატომ ითხოვს მარგველაშვილის დაკითხვას, ვინ რა მიზნით ავრცელებს წამების კადრებს, რა გეგმა ჩაუვარდა სააკაშვილს 2006 წელს და კიწმარიშვილის გარდაცვალების რა ვერსია გაჟღერდება უახლოეს მომავალში - ამ თემებზე გაზეთ "ვერსიას" დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრება.

გაზეთი "ვერსია", 28-29 ოქტომბერი, 2015 წელი/ #108 (1134)

სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურში ახლაც მიდის. "იმ 9 წლის" განმავლობაში არაერთი "შეთქმულება" ვნახეთ 2006, 2007, 2010 წლებში. ვნახეთ, როგორ აღიძრა საქმე, დაგვისახელებს ოპოზიციის ლიდერების გვარები და მათ რუსული საფრთხობელა მიაბეს, მაგრამ არც ვინმე დასჯილა და არც ნაციონალებს გადაურჩენიათ ქვეყანა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისგან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ახალ "შეთქმულება 2015"-ს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, მით უმეტეს, რამდენიმე თვის წინ "ოცნება" გვიმტკიცებდა, ნაციონალები აჯანყებას აპირებენ და ცეცხლმოკიდებული საბურავებით ირბენენ ქუჩებშიო. ამ მძიმე პოლიტიკურ ვითარებას უწყვეტ ფონად გასდევს ადამიანების წამების კადრები, რომელსაც ხან პირდაპირ ეთერში გვირთავენ, ხან ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, ხანაც უკრაინულ საიტებზე ვნახულობთ. პარალელურად, ოცნება-ნაციონალები ჯერჯერობით, ერთმანეთის ოფისებს ებრძვიან და ვიდრე მასობრივი თავ-პირის მტვრევაზე გადასულან, მოქმედებაა საჭირო. რა არის ადეკვატური ზომები შექმნილ ვითარებაში, ვის აძლევს ხელს ახლა ამ კადრების დატრიალება და ვინ რას მიიღებს ამ ბინძური თამაშიდან - "ვერსიამ" ექსკლუზიური ინტერვიუ დამოუკიდებელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან ჩაწერა, რომელიც, როგორც იგორ გიორგაძის მომხრე, 315-ე მუხლის მსხვერპლი 2006 წელს გახდა. მაშინ მან ბრალი აღიარა, 6 წელი დუმდა, 2012 წელს კი თავისი საქმის გადახედვა მოითხოვა და პროკურატურას განცხადებით მიმართა. მასთან საუბარი სწორედ 2006 წლის მოვლენების გახსენებით დავიწყეთ და დღევანდელ ვითარებასთან პარალელის გავლება ვთხოვეთ. დღეს მაია ნიკოლეიშვილი პრეზიდენტის პოზიციის, შეთქმულების თეორიების, წამების კადრებისა და ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის სრულიად ახალ კონტესქტებზე საუბრობს:

- ახლახან შევძელი, 2006 წლის მოვლენებისთვის ცივი გონებით შემეხედა. ჩემი დღევანდელი მოსაზრებები არც ჩემთვის წაყენებულ ბრალს ემთხვევა, არც ჩემს იძულებით აღიარებით ჩვენებას და არც იმ 12 ადამიანის აზრს, ვინც 315-ე მუხლით ჩასვეს ციხეში. დღეს ვხედავ, რომ ხელისუფლებამ სასურველი შედეგი ვერ მიიღო და მოდით, გავხსნი ფრჩხილებს: ვფიქრობ, ეს დიდი სპექტაკლი, რომელიც 2006 წელს გათამაშდა, კოდორის თემას უნდა მიბმოდა. ვფიქრობ, მე და იმ 12 ადამიანს კოდორის თემა უნდა მოგვბმოდა და სრულიად სხვა იარლიყი მოგვეკერებოდა, თითქოს, ჩვენ მიგვიძღვოდა წვლილი კოდორის დაკარგვაში, რაც არ მოხდა 2006 წელს და სამწუხაროდ, 2008 წელს გაფორმდა.

- ეს დღეს გაიგეთ? ამაზე მაშინ რატომ არ გისაუბრიათ, ან ბრალში რატომ არაფერი ეწერა, ან აღიარებით ჩვენებაში. იმ პერიოდში, ხელისუფლებას დაეძაბა ურთიერთობა ემზარ კვიციანთან, მაგრამ ეს როგორ უნდა მიბმოდა თქვენს შეთქმულებას?

- დამიჯერეთ, მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ახლა ვხვდები. ისე, რომ ჩვენ არაფერი უნდა გვცოდნოდა, რაღაც როლის შესრულება გვბრალდებოდა კოდორის დაკარგვაში, ოღონდ 2006 წელს. ამიტომ, ჯანდაბას ჩემი აღიარება, სადაც ვამბობ, რომ უნდა მეპოვა 500 კაცი, რომელსაც შევაიარაღებდი, გავემართებოდით პარლამენტისკენ, მოვკლავდით ჯერ ნინო ბურჯანაძეს, შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილს და ხელში ჩავიგდებდით სტრატეგიულ შენობებს. ფინალი სახელმწიფო გადატრიალება უნდა ყოფილიყო. მაშინ ჩემს აგარაკზე 30 ნიღბიანი დამადგა, სახლს ალყა შემოარტყეს, ცაში ვერტმფრენები დაფრინავდნენ და მთელ სოფელს უნდა გაეგო ჩემი აყვანის შესახებ. ეს მასშტაბურობა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ისახავდა მიზნად, რაც მოგვიანებით, თილისში გაგრძელდა. ეს ხალხზე გათვლილი სანახაობა იყო.

- და რა მოიგო სააკაშვილმა ამ სანახაობით?

- მაშინ სააკაშვილმა ასეთი კომენტარი გააკეთა: სულ არ მადარდებს იმ ადამიანების დაჭერა, ის უფრო მადარდებს, საქართველომ უკრაინასთან თამაში რომ წააგოო. გიყვებით იმას, რაც არასდროს, არავისთვის მომიყოლია: რატომღაც, ჩემი აგარაკი და ოფისი გაჩხრიკეს, საცხოვრებელი სახლი კი - არა. როცა სახლში დავბრუნდი, ჩემი მეუღლე გაგიჟებული დამხვდა. ჩემს ქაღალდებსა და საბუთებში ერთი უცნაური თაბახის ფურცელი იპოვა, რომელიც პირველად ვნახე და ცუდად გავხდი: ეს იყო რუსულენოვანი რუკა, რომელზეც ეხატა კოდორის ხეობა და ეწერა: "კოდორსკაია უშელიე". ამ რუკაზე მონიშნული იყო იარაღის საცავის განლაგება, სტრატეგიული პუნქტები. თუმცა ეს ჩემს წინააღმდეგ არავის გამოუყენებია. რას ნიშნავდა ეს?! როგორც ჩანს, კოდორის ვარიანტი ჩაიფარცხა და ამ თემის გათამაშება აღარ დასჭირდათ. სამაგიეროდ, ჩემი ცხოვრება დაინგრა ერთ დღეში. აი, რომ მოიხედავ და მთელი შენი ცხოვრება ერთი დიდი ნაგვის გროვაა! მაინც ყველაფერი ვაღიარე, რადგან ვიცოდი, ჩემს ოჯახს შეეხებოდნენ. დღეს კი მადლობელი ვარ, რომ კოდორი 2006 წელს არ ჩაბარდა და ეს დღე საქართველოს ისტორიაში ჩემს გვართან ერთად არ ჩაიწერა.

- ამაზე 2012 წელს თუ ისაუბრეთ, როცა საქმის გადახედვა მოითხოვეთ პროკურატურაში ან საერთოდ, რა ეტაპზეა ახლა ეს საქმე?

- ზუსტად ვიცოდი, არჩილ კბილაშვილის პროკურორობის დროს საქმეს ძვრაც არ ექნებოდა, ასეც მოხდა. დღეს კი ვიცი, ჩემი საქმე, ნადარეიშვილის დეპარტამენტში, რაღაც დონეზე დაიძრა.

- "შეთქმულება 2015" 2006 წლის მოვლენებს დიდად არ ჰგავს, თუმცა მუხლი, როგორც ოპონენტთან ბრძოლის მეთოდი, იგივეა. დღეს რა ხდება, თქვენი აზრით, რეალური საფრთხის წინაშე ვართ თუ "ოცნებაც" მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ამ მაგიურ მუხლს?

- მაშინ ის ყველაფერი ბოდვა იყო: მალხაზ გველუკაშვილის დაჭერაც შეთქმულების ბრალდებით, ირაკლი ბათიაშვილის დაჭერა ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის და ა.შ. დღეს კი, რეალურად, არ ვიცით, რა ოპერატიული ინფორმაცია აქვთ. თუმცა ვიცით ის, რაც ხდება: დაუსრულებლად ვისმენ მოწოდებებს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და მახსენდება, რომ 2006 წელს, მსგავსი რადიკალური ფრაზები არათუ არ მითქვამს, თავში აზრადაც არ მომსვლია. დღეს ბევრი პირდაპირი მოწოდება კეთდება. მაგალითად, თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, თუ "რუსთავი 2"-ის საქმე არ გამოვა, მაშინ გვაქვს "გეგმა ბე"-ო. ჩემი აზრით, ის ამის გამო უნდა დაიკითხოს. ასევე, ნიკა გვარამია ამბობს, თუ არ იქნება "რუსთავი 2", არ იქნება 2016 წლის არჩევნებიო. ისმის ფრაზები, ჯოჯოხეთს გაგითენებთ, ჩვენ შეგცვლით და ა.შ. ეს რას ნიშნავს?

- ეს, ან თუნდაც გაურკვეველ საიტზე დადებული დიალოგები არის საკმარისი საფუძველი, გამოძიება 315-ე მუხლით დაიწყოს?

- ამ მუქარას კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნუ განვიხილავთ. ეს ერთი დიდი პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია: როცა "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, არხი სოციალურ უკმაყოფილების მუხტის აწევაზე მუშაობს, ტარდება შერჩევითი სოციოლოგიური გამოკითხვები და ამ ყველაფერს პრეზიდენტის გამოსვლა აგვირგვინებს, მოვლენებს სხვა ჭრილიდანაც შევხედოთ. რატომღაც, მარგველაშვილის გამოსვლისას, რეაქცია ყველას პირველ ნაწილზე ჰქონდა, როცა მან მოსამართლეზე ზეწოლა მართლაც სცადა. დიახ, მან ნამდვილად მოახდინა ზეწოლა სასამართლოზე, მაგრამ იქ იყო მეორე ნაწილი.

- მან თქვა, რომ საფრთხე ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს ქვეყანაში და კონსულტაციები დაიწყო. ამაზე ამბობთ?

- დიახ, მან სულ ორი ფრაზა თქვა: სამოქალაქო დაპირისპირებისა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვვის საფრთხე დგას და ეს არ იყო ანონსი. რაღაც შეიძლება კვესიტაძემ დააანონსოს, მაგრამ პრეზიდენტები არ აანონსებენ, ისინი აკეთებენ განცხადებას, რომელსაც ძალიან დიდი წონა აქვს. პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ. ამის შემდეგ, პირველი ნაბიჯი პრეზიდენტის დაკითხვაა!

- ვინ გამოეხმაურა ამ განცხადებას - მხოლოდ ოპოზიცია. მას არ ჰქონია კომუნიკაცია არც პრემიერთან, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ და მეტიც, ითქვა, რომ ვითარება სწორედ მან დაძაბა ამ განცხადებით.

- ჯერ ადამიანის ორჯონიკიძეობაში უნდა დარწმუნდე, ვიდრე მას მოღალატეს დაუძახებ. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე, როცა ქვეყნის ღალატი დამაბრალეს. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტი სასწრაფოდ უნდა დაიკითხოს და უნდა განმარტოს, რა ინფორმაცია აქვს, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. თუმცა საიდან მოიტანეს კაციტაძემ და სხვებმა, რომ ეს გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს?! კონტრდაზვერვის გამჭვირვალედ მუშაობა მარაზმი არ არის?!

- გასაგებია, რომ დეტალებს არავინ გადმოგვილაგებს, მაგრამ როცა ეს ბრალდება არაერთხელ მოგვისმენია, არც კონკრეტული ეჭვმიტანილები არსებობენ და არც ინფორმაციის წყარო კონკრეტდება, ამ ყველაფერს არასერიოზულობის ელფერიც ხომ აქვს?

- ხომ ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების სათარეშოდ იქცა? ჩემი ამოსავალი წერტილი არა გომელაურის, ჭიკაიძის, ან ღარიბაშვილის განცხადებებშია, არამედ პრეზიდენტის გამოსვლაში. გარდა იმისა, რომ მარგველაშვილი გამოცდილი ინტელექტუალია, მას ჰყავს მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე, რომელმაც გიმოს სკოლა, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი გამოიარა და ჰყავს პოლიტიკურ კულუარებში გამოცდილი ფიქრია ჩიხრაძე. ეს ადამიანები მის უკან დგანან და ამიტომ პრეზიდენტის მსგავს განცხადებებს დიდი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. მე ასე დავინახე მისი ორი ფრაზა: მოსამართლეს მოვუწოდებ, შეჩერდეს და არ მიიღოს ხისტი გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ზე, თორემ ვიცი, რომ ქვეყანას გადატრიალების საფრთხე ემუქრებაო. აი, მოსამათრთლემ უკვე მერამდენედ გადადო საბოლოო განაჩენის გამოტანის დღე, როგორც ჩანს, მან დაიწყო დროის გაყვანა. მარგველაშვილს კი არ აქვს კონტაქტი სხვა სახელისუფლო შტოებთან, ამიტომ ეს ინფორმაცია პირდაპირ საჯაროდ გააჟღერა - სხვა გზა არ ჰქონდა. გომელაურისა და სხვა სამსახურების როლი კი იმაშია, გამოიძიონ, ხომ არ დგას პრეზიდენტი დილემის წინაშე და კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხომ არ მოუწოდებს მოსამართლეს სახალხოდ, რათა სისხლისღვრა აირიდოს თავიდან. ამას შედეგად ტალახის სროლა მოჰყვა, სამაგიეროდ, ამოქმედდა უშიშროების სამსახური და გამოძიება 315-ე მუხლით დაიწყო.

- ამასობაში, ერთი მხრივ, ნაციონალების ოფისებს ღებავენ, მეორე მხრივ, "ოცნების" ოფისებზე აკრავენ ცოცხებს. ამ ყველაფერს ფონად გასდევს წამების, გაუპატიურების, ციხის კადრები, რაც ახლახან უკრაინაში გავრცელდა, მერე "რუსთავი 2"-ის სიუჟეტში ყველაფერი "ოცნების" საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა და კონტესქტიდან ამოგლეჯილად გაიჟღერა ეროსი კიწმარიშვილის გვარმა. რატომ ხდება ეს ყველაფერი ახლა, ამ ფორმით და ეს ხომ არ არის სამოქალაქო დაპირისპირების დასაწყისი?

- ვფიქრობ, ოფისების შეღებვა წერტილოვანი დარტყმებია, ასე ვთქვათ, დამნაშავეების "მონიშვნა" და მათთვის შეხსენება, ვინ არიან. ნციონალების მოქმედება კი უბრალოდ, პასუხია. თავდასხმა ხომ საუკეთესო თავდაცვაა. სხვათა შორის, სწორედ ამ რეჟიმში მუშაობს "რუსთავი 2" სამი წელია. რაც შეეხება ამ უმძიმეს კადრებს: ეს "ვიკილიქსი" რუსეთისაა, უკრაინის თუ სხვა ქვეყნის, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია, ვიცით, რომ ე. წ. სამეგრელოს კადრები ნამდვილია. რაც შეეხება ეროსის ხსენებას, ეს ჩვეულებრივი ტექნოლოგია, ასე ვთქვათ, გავლენის ფსიქოლოგიაა. დიახ, ეს კაცი იმ სიუჟეტში კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, მაგრამ წამების კადრებზე საუბრის მერე, ხომ მოისმინეთ და დაიმახსოვრეთ, რომ ეროსი ახსენეს. თქვეს, ეროსიმ რაღაც ნახა, კომპიუტერში ჰქონდა რაღაც, დაიქირავა ვიღაც... კონკრეტული არაფერი უთქვამთ. ხომ ასეა?

- ეს რას ნიშნავს, რატომ ეროსი?

- იმიტომ, რომ ის "რუსთავი 2"-ის სიმბოლოა, მისი სიკდვილის ფაქტი კი არ არის გამოძიებული. მისმა გვარმა ამ ისედაც მძიმე სიუჟეტის ფინალი კიდევ უფრო გაამძაფრა. აქ შინაარსს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ქვეცნობიერში გვარი და სახელი დარჩა. ამის მერე, დიდი ალბათობით, ამ ხაზის გაგრძელებას ველოდები.

- რას ელოდებით, როგორც კიწმარიშვილის ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი, გამოდის, ცოტა ხანში მისი მკვლელობის კვანძი გაიხსნება?

- იმ მესიჯიდან გამომდინარე, რაც ეთერში ვიხილეთ, ცოტა ხანში, ძალიან მძაფრად დადგება ეროსი კიწმარიშვილის საკითხი. ეს საქმე ძალიან ჰგავს სანაიასა და ღონღაძის საქმეს. თუმცა, ეს ან თვითმკვლელობა იყო, ან თვითმკვლელობამდე მიყვანა. ამ ტერმინებს მე უკვე ნამდვილად ვეღარ დავაზუსტებ, ეს გამოძიების საქმეა. ვამბობ, როგორც სამედიცინო ექსპერტი და ჩემს სიტყვებზე ვაგებ პასუხს - ეროსი კიწმარიშვილის ცეცხლსასროლი იარაღით სიკვდილის დროს, იქ მეორე ადამიანი არ იმყოფებოდა, თუკი ის რაიმე არაბუნებრივ მდგომარეობაში არ იყო, მაგალითად, თოკით ეკიდა და ა. შ.

- თუმცა ეს აპრიორი არ ამტკიცებს, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.

- ნებისმიერ მკვლელობას სჭირდება შემსრულებელი, შემსრულებლის კვალი კი არ ჩანს. ამიტომ ვფიქრობ, გადაცემაში უშინაარსოდ მიბმულ გვარს, ახლო მომავალში, მოყვება მოტივი, რატომ შეიძლებოდა მოეკლათ ეროსი და ეს იქნება სრულიად ახალი ვერსია.

- ციხის და სამეგრელოს კადრებთან დაკავშირებული?

- არ ვიცი, ალბათ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში, მიებმება ხელისუფლებას. ამ კადრებს რაც შეეხება, უკრაინაში სერიოზული ბრძოლა მიდის, რუსეთს, სააკაშვილსა და მის პროდასავლურ გუნდსა და ძირძველ, ტრადიციულ უკრაინელებს შორის. იქ ეს სამი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს და თუკი ამ პატარა საქართველოში ამდენ ტექნოლოგიას იყენებენ, ამას რატომ ვერ იზამენ უკრაინაში? თან, ახლა მერის არჩევნები მიდის ოდესაში და სააკაშვილის კაცი, ფაქტობრივად, აგებს.

- ანუ ეს კადრები საქართველოს შიდამოხმარებისთვის კი არაა, სააკაშვილს დაუდეს რუსემა უკრაინაში და ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ ავიტაცეთ?

- ეს იმათი შიდაბრძოლაა, სააკაშვილი კი იმის მაგალითი, რომ მოყვანილი, ექსპორტირებული ლიდერი ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს და ამაში უკრაინელებს ამ კადრებით არწმუნებენ. ნახეთ, თავის სამშობლოში რას აკეთებს და აქ რას იზამსო? ვფიქრობ, ამით ორ კურდღელს იჭერენ ორ ქვეყანაში, განწყობის შექმნის თვალსაზრისით. თანაც, ყველამ იცის, რომ უკრაინაში წყდება საქართველოს ბედი.

- არჩევნები მოდის, ფაქტია, მოვლენების განვითარება ორივე პოლიტიკურ ცენტრს აზარალებს. იმის გათვალისწინებით, რომ ფარული ჩანაწერებით, კადრებით, წამებითა და შეთქმულებებით სააკაშვილმა 2012 წელი და საყოველთაო წყრომა მიიღო, რას მიიღებს "ქართული ოცნება"?

- თუ ადამიანს სიმშვიდეში აცხოვრებ, ხელისუფლების მესიჯებს უფრო გაფილტრავს, მის მოქმედებებს ცივი გონებით შეაფასებს. ეს პროპაგანდაა, ტყუილი, "დაბოლება" და ადამიანის ფსიქიკა ინფორმაციას მაშინ ვერ ფილტრავს, როცა ძლიერი სტრესის ქვეშაა, როცა მუდმივად დაძაბული ფონია. სწორედ ამისთვისაა საჭირო ეს კადრებიც და ყველაფერი დანარჩენიც. ამ ვითარებაში კი რა უნდა ქნას "ოცნებამ", ამ დიდ საერთაშორისო პროცესებს ესენი შეაჩერებენ?! ამიტომ ისევ მარგველაშვილსა და მის გამოცდილ მრჩევლებს დავუბრუნდები, რომელთაც გლობალური პოლიტიკის ჭრილში შეუძლიათ საკითხის დასმა: პრეზიდენტმა თავისი სათქმელი თქვა დღეს "რუსთავი 2"-ის პერიმეტრის დაცვაცა და მოსამართლის მიერ ჯერ არგამოტანილი განაჩენიც ამის მოკლევადიანი შედეგი მგონია. ჯერი საგამოძიებო უწყებებზეა.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ