"მაღალჩნოსანი იყო ჩართული საქმეში, რეალური მკვლელის მამამ შვილი ქვეყნიდან გაარიდა" - 2010 წელს წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი გარემოებები

"მაღალჩნოსანი იყო ჩართული საქმეში, რეალური მკვლელის მამამ შვილი ქვეყნიდან გაარიდა" - 2010 წელს წყნეთში მომხდარი მკვლელობის ახალი გარემოებები

2010 წელს, წყნეთში მკვლელობა მოხდა, რა დროსაც 19 წლის თეიმურაზ ყურაშვილი გარდაიცვალა. მას ჭრილობები გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაგვიანებული რეაგირების გამო, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ საქმეზე მკვლელობის ბრალდებით 2011 წელს 19 წლის გიორგი მარღანია დააკავეს, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და შეწყალებაზეც უარს ამბობს.

გიორგი მარღანიას მეგობრის, გიორგი თაქთაქიშვილის განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა, თუმცა სამართალდაცავი ორგანოები ამას არ ითვალისწინებენ.

გიორგი თაქთაქიშვილი:

- თეიმურაზ ყურაშვილის მკვლელობის საქმეზე, მისი მეგობრების ციკოლიას და შამათავას ჩვენებების საფუძველზე დააკავეს გიორგი მარღანია, მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 12 წლის ვადით. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შამათავამ და ციკოლიამ განაცხადეს, რომ მათ სამართალდამცავების ზეწოლის გამო, მისცეს ჩვენებები. მივმართეთ პროკურატურას, რომელმაც საქმე გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნა, თუმცა გენინსპექციამ თავიდან აიცილა ეს საქმე, თითქოს არაფერი მომხდარა და გიორგი ისევ პატიმრობაში რჩება.

- რა მიზნით უნდა მოეხდინათ სამართალდამცავებს ზეწოლა დაკავებულის მეგობრებზე?

- სულ არის ამ თემაზე კითხვები, მაგრამ კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. ფაქტია, რომ საქმე დაჩქარებული წესით უნდა დახურულიყო, ყველაზე მარტივი იყო მარღანიასთვის ხელის დადება, რადგან ადგილზე მისი მანქანა იყო და შესაბამისად, მას დაადეს ხელი.

გიორგი მარღანიას მეგობარი, მიშო ჯიბლაძე, შემთხვევის ადგილზე თავად იმყოფებოდა, თვითმხილველი წყნეთში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს.

- წყნეთში ვიყავით მეგობართან, დავლიეთ და საღამოს მაია წყნეთელის ძეგლთან გამოვედით. სადაც ყურაშვილი და მისი მეგობრები ლუდს სვამდნენ, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი ცუდად გახდა, გადმოვედით მანქანიდან, ამ დროს დაიწყო კონფლიქტი, რომელიც გიორგიმ განმუხტა. უთხრა ბიჭებს, ახლა ჩხუბი არ გვინდა, გიორგი მარღანია ვარ და ხვალ ვილაპარაკოთო. ამის შემდეგ ჩავსხედით მანქანაში, მაგრამ ავტომობილი არ დაიქოქა, წყნეთელებმა ბოთლების სროლა დაგვიწყეს და ჩვენც გადმოვედით მანქანიდან. ადგილზე მკვლელობას არ შევსწრებივართ, როდის მოკლეს თეიმურაზ ყურაშვილი არ ვიცით.

გარდაცვლილის მამა, თეიმურაზ ყურაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელი ქალაქში თავსუფლად გადაადგილდება და გიორგი მარღანიას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

- 2010 წელს ახალგაზრდები ამოვიდნენ წყნეთში მეგობრებთან გასართობად, ამ დროს ჩემი ვაჟი ლუდს სვამდა მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთი ახალგაზრდა გადათვრა ეტყობა და აერია გული, როგორც ჩანს, ჩემმა შვილმა და მეგობრებმა უკმაყოფილება გამოხატეს და ამას მოჰყვა კონფლიქტი. როცა გიორგი მარღანია და მისი მეგობრები ავტომობილში ჩასხდნენ, მანქანა არ დაიძრა, ამ დროს მიუახლოვდნენ ჩემი შვილი და მისი მეგობრები, ზოგმა ფეხი მიარტყა მანქანას, ზოგმა ბოთლი ესროლა, ახალგაზრდები დანებით გადმოვიდნენ მანქანიდან, ჩემი შვილის მეგობრები კურდღლებივით გაიქცნენ და ის აკუწეს. გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობები. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მე-11 დღეს გარდაიცვალა.

- რატომ თვლით, რომ გიორგი მარღანია უდანაშაულოა და თქვენი შვილი სხვამ მოკლა?

- თავიდანვე ვხედავდი, რომ მკვლელობისთვის დაკავებული მკვლელს არ ჰგავდა. ადამიანის მკვლელი ყოველთვის დათრგუნულია, მივხვდი უდანაშაულო იყო, მოგეხსენებათ წინა ხელისუფლების დროს საქმის შებრუნებას აზრი არ ჰქონდა, პროკურატურა გამიზნულად ცვლიდა ჩვენებებს. ჩემი შვილის მკვლელად ვისაც ვთვლი, მისი დასახელებისგან ახლა თავს ვიკავებ. მისი საქმე დაგვიანებით, ცალკე განიხილეს და მას მხოლოდ ხულიგნობის მუხლით წაუყენეს ბრალი და ახალმა ხელისუფლებამ 6 თვეში გაათავისუფლა. ნამდვილი მკვლელი თავისუფლად დადის ქუჩაში. როგორც შემდეგ გაირკვა ერთ-ერთი მაღალჩნოსანი იყო ჩართული საქმის ასეთ წარმოებაში, რეალური მკვლელის მამას ურჩიეს, გაერიდებინა შვილი ქვეყნიდან და ის წელიწადნახევარი ცხოვრობდა იტალიაში. ჩვენი ოჯახიდან არანაირ ტერორს არ ჰქონია ადგილი, დღემდე არ ვიცი მისი საცხოვრებელი მისამართი. ახალი ხელისუფლების პირობებში, გვერდით დაგვიდგა შალვა შავგულიძე, მთავარმა პროკურორმაც იცოდა ყველაფერი, მაგრამ საქმის გამოძიება პროკურატურამ აღარ დაიწყო. "ჰუმან რაით ცენტრს" მივმართეთ ბოლოს, ქალბატონმა თამარ ლუკავამ გვირჩია საქმე უზენაეს სასამართლოში შეგვეტანა, 11 მოწმე გვყავს, მაგრამ მაინც ვერაფერს ვაღწევთ. მოგვწერეს ეს არ არის ახალი გარემოებები და 310 და 311-ე მუხლების თანახმად პირველი ინსტაციის სასამართლოს განჩინება ძალაში დარჩებაო. დიმიტრი ლორთქიფანიძემ და იურისტებმა მითხრეს, რომ ეს ისეთი მუხლებია, რომელიც არ გასაჩივრდება, თუ პროკურატურამ არ დაიწყო საქმის თავიდან გამოძიებაო, ერთადერთ გზა მარღანიას ციხიდან გამოყვანის ჩემი განცხადებაა შეწყალებაზე. მე როგორც დაზარალებულმა უნდა მოვთხვო პრეზიდენტს მისი შეწყალება და ციხიდან გამოყვანა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ