რა ვიცით "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული 4 პირის შესახებ

რა ვიცით "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული 4 პირის შესახებ

განახლებული| სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესზე დაცვის მხარემ დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბრალდებილების ადვოკატები მოსამართლეს სთავაზობდნენ გირაოს თანხის ოდენობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიეღოთ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. წინასასამრთლო სხდომა 21 იანვარს ჩაინიშნა.

სუს-მა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის გამო ოთხი პირის დაკავების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ყველა დაკავებულს ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება ედება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები აჭარისა და გურიის მკვიდრნი არიან. უფრო ზუსტად, სამი მათგანი, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალის მცხოვრებია, ისინი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. წყაროს ცნობით, ოთხივე დაკავებულს კავშირი აქვს იმ პირებთან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, რუსულენოვან ინტერნეტ გამოცემა "ფურატ მედიაზე" მუქარის შემცველი ვიდეო გაავრცელეს, სადაც ისინი საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს მოუწოდებენ ე.წ ხალიფატს შეუერთდნენ. ისინი ქართველ მუსლიმთა ხოჯებსა და მუფთებს ურწმუნოების "მონებად" მოიხსენიებენ, და "ისლამის მდევნელებს" თავის მოჭრით ემუქრებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეზე გამოძიება, ვიდეოს გავრცელებისთანავე დაიწყო.

ჯამბულ აბდულაევის და მირიან ბერიძის ოჯახის წევრები მათი შვილების "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს გამორიცხავენ. ისინი ასევე, ადასტურებენ, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ იმ პირებთან, ვისი მონაწილეობით ცოტა ხნის წინ მუქარის შემცველი ვიდეო გავრცელდა. ერთ-ერთი მათგანი დაკავებულის ბიძაშვილია.

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში 18 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოს მიერ, 11 სახლის ჩხრეკის განჩინება გაიცა. 2015 წლის 29 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინებების საფუძველზე, ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა.

ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, C და V დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: სუს-ის მიერ დაკავებული ლაშა გობაძე "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ერთ-ერთი ავტორის ნათესავია

ხელყუმბარები, საბრძოლო ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობები - ვინ და რატომ გაანეიტრალა სუს-მა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ