"ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება" - ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიების პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვს

"ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება" - ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიების პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვს

ბიძინა კუჭავას ოჯახი გამოძიების პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, ასევე გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს. როგორც ჟურნალისტებს კუჭავას ოჯახის წევრმა, გიორგი ჯიქიამ განუცხადა, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

"ბიძინა კუჭავა იყო ჩემი მამობილი. ველოდებით კერძო ექსპერტს, რომელიც უკეთესად გამოიკვლევს, იმიტომ რომ ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება, რომლებიც კითხვებს ბადებს. თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ. გამოვრიცხავთ ბიძინა კუჭავას მიერ ვახტანგ ქირიას მკვლელობასაც", - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.

შსს ოფიციალურად ადასტურებს, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულია ბიძინა კუჭავა, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე უწყების საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა, ბინა, რომელშიც იპოვეს ქირიას ცხედარი, ბიძინა კუჭავას ჰქონდა დაქირავებული.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების თანახმად, ვახტანგ ქირიას გვამის დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. რაც შეეხება ბიძინა კუჭავას, შსს-ის ინფორმაციით, მან პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის განხორციელებისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამასთან, შსს ხაზს უსვამს, რომ ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას ნათესაური და საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდათ და ჩადენილი დანაშაული შეხებაში არ არის ვახტანგ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობასთან.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ