ძველით ახალ წელს მე და ბიძინა ერთად შევხვდით - რას იხსენებს კუჭავას მეუღლე ტრაგიკული ღამის შესახებ

ძველით ახალ წელს მე და ბიძინა ერთად შევხვდით - რას იხსენებს კუჭავას მეუღლე ტრაგიკული ღამის შესახებ

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას მეუღლე ადასტურებს, რომ მისი ქმარი მიმდინარე თვეში ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, აფრიკაში გამგზავრებას გეგმავდა.

მარინა ნიკოლოზაშვილის ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა აფრიკაში უნდა შეხვედროდა მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ჰქონდა მოლაპარაკებები.

"სულ ამისთვის ემზადებოდა. სულ ამ საქმიანობაში იყო. ამ თვეში უნდა წასულიყო. ახლა გავიგე, რომ სამ დღეში უნდა წასულიყო. მისი კომპანიონი უკვე ნამყოფი იყო აფრიკაში", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება გამოძიების ინფორმაციას, რომ ბიძინა კუჭავა თვითმკვლელობის მომენტში, ორ პირთან, პოპოვებთან ერთად იმყოფებოდა ავტომანქანაში, მარინა ნიკოლოზაშვილი აცხადებს, რომ ამ პირების შესახებ არაფერი იცის.

გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაცია, რომ ბიძინა კუჭავამ პროკურორი პაატა ქირია ძველით ახალი წლის ღამეს მოკლა და ხმაურს დაამთხვია.

"ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად იყო სახლში. ერთად შევხვდით ძველით ახალ წელს. ზუსტად იმ დროს შემოვიდა, როდესაც იწყებოდა ახალი წელი", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა კუჭავას სხეულზე აღმოჩენლი დაზიანება სახლიდან გასვლის შემდეგ აქვს მიყენებული.

"იგი 16 იანვარს სახლიდან გავიდა გამოპრანჭული, მიდიოდა საქმიან შეხვედრაზე. ეცვა მოტკეცილი შუზები, რომელსაც ნატკენ ფეხზე ვერ ჩაიცვამდა. მე გავაცილე ის. არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო. ვინ დაურეკა და სად მიდიოდა არ ვიცი. მას შემდეგ, კიდევ ერთხელ ველაპარაკე ტელეფონზე, გარდაცვალებამდე საათნახევრით ადრე. თუ სადმე გაჟღერდა ბატონი ბიძინა კუჭავას სახელი, ცდილობენ, რომ საზოგადოებას მოახვიონ რამდენიმე მკვლელობა, რომლის სახელიც მას დაუკავშირეს, ამაზე ხომ უკვე ვიღაცები იხდიან სასჯელს", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი თქმით, კუჭავას ჰქონდა მინისტრების და დეპუტატების ნომრები.

"მას ჰქონდა ასეთ ადამიანებთან კონტაქტი. მოითხოვეთ მისი ბლოკნოტი, ყველას ნომერი აქვს", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

მისი ინფორმაციით, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა კუჭავას პროკურორ პაატა ქირიას ვალი ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კუჭავას მეუღლე მოკლული პროკურორის ვახტანგ ქირიას ოჯახს უსამძიმრებს და გაერთიანებისკენ მოუწოდებს. კუჭავას მეუღლემ აღნიშნა, რომ ვახტანგ (პაატა) ქირიასა და ბიძინა კუჭავას ოჯახებს შორის, რომლებიც მეგობრობდნენ, შუღლი არ უნდა გაღვივდეს.

"დიდ სამძიმარს ვუცხადებ ამ ტკბილ ხალხს, იქიდან გამომდინარე, რომ კარგი და ტკბილი ადამიანი იყო პაატა ქირია. ვუსამძიმრებ ოჯახს, ეს არის საერთო ტრაგედია. გთხოვთ, გავერთიანდეთ ჩვენი მიცვალებულების გასაპატიოსნებლად. ჩვენ უნდა გავზარდოთ შვილები, აქ არის შუღლი ჩადებული და ჩვენს შორის, როგორც ნათესავებს შორის ეს არ უნდა არსებობდეს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა და მოვუწოდებთ პაატა ქირიას ოჯახს იქნებ თავადაც დაინტერესდნენ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვით ამ საქმეში, რათა გავაპატიოსნოთ ჩვენი მიცვალებულები. პაატა ქირიას და ბიძინა კუჭავას, ორივეს კარგად იცნობდნენ ზუგდიდში. პაატა ქირია იყო პატიოსანი ადამიანი, პროფესიონალი პროკურორი და არ არსებობდა, იგი აუცილებლად გაიცნობდა ბიძინა კუჭავას ხასიათს და თუკი ის მანიაკალური პიროვნება იყო, მასთან საქმეს არ დაიჭერდა", - განაცხადა მარინა ნიკოლოზაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ