"ასე ხდება იმ ადამიანების შერჩევა, ვისი სახელიც შავი ლაქებითაა გასვრილი" - მაია ნიკოლეიშვილი კუჭავას გვამის დათვალიერების პირველად შედეგებზე

"ასე ხდება იმ ადამიანების შერჩევა, ვისი სახელიც შავი ლაქებითაა გასვრილი" - მაია ნიკოლეიშვილი კუჭავას გვამის დათვალიერების პირველად შედეგებზე

2016 წელი კრიმინალური გარჩევებითა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მკვლელობით დაიწყო. მათგან ყველაზე გახმაურებულის სტატუსს ალბათ სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიასა და მედიამაგნატ, "საქართველოს ხმის" დამფუძნებლისა და დირექტორის, ბიძინა კუჭავას ამბავი იმსახურებს. მართალია, გამოძიება ჯერ ორი დღეა დაიწყო, თუმცა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ, ღია ეთერით, ლამის დადასტურებულად განაცხადა, რომ კუჭავამ ქირია ჯერ მოკლა, მისი გვამი სისხლისგან დაწრიტა და ე. წ. ბარგალკით მის დანაწევრებას შეუდგა. შემდეგ კი სხვის კუთვნილ ავტომანქანაში, თბილისის იუსტიციის სახლის წინ, 17 იანვარს, ორი მგზავრის თანდასწრებით, რომელთა ვინაობა კუჭავას ოჯახისთვის უცნობია, თავი მოიკლა. საქმეში უამრავი კითხვაა, ყველაზე დიდ კითხვის ნიშანს კი ის ბადებს, რომ გამოძიებას, რომელიც წესით, რამდენიმე ვერსიაზე უნდა მუშაობდე,ს ჯერ მოტივი არ აქვს. სამაგიეროდ, უკვე გაჟღერდა ისიც, რომ ქირიას გარდა, კუჭავას გვარი კიდევ 4 კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს: კუჭავას დის გაუჩინარების დღემდე გამოუძიებელი საქმე, მისი გერის მკვლელობა, გენერალ ნინუასა და მისი ცოლის მკვლელობა და ბიზნესმენ მაღალდაძის მკვლელობის საქმე. ადამიანისთვის მკვლელისა და თვითმკვლელის წოდება, გამოძიების დასრულებამდე, არაპროფესიონალიზმად მიაჩნია სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება თავად კუჭავას ოჯახმა სთხოვა. როგორც "ვერსიამ" გაარკვია, ოჯახის მიერ აყვანილ სამ ადვოკატთან, გია გოროზიასთან, კახა ჩუბინიძესა და ნათია კირკიტაძესთან ერთად, საგამოძიებო მოქმედებებში ნიკოლეიშვილიც ჩაერთვება. ამის შესახებ მზადყოფნა 19 იანვარს პროკურატურამაც გამოთქვა და განაცხადა, რომ მზადაა, დამოუკიდებელი ექსპერტი მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პროცესში სრულად ჩართოს.

"ვერსიის" რესპოდენტი სწორედ მაია ნიკოლეიშვილია, რომელიც ექსკლუზიურ საგაზეთო ინტერვიუში კუჭავას გვამის დათვალიერების პირველად შედეგებზე გვიამბობს.

- ქალბატონო მაია, საუბარი გვამის დათვალიერებით დავიწყოთ, რადგან ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ბიძინა კუჭავას ფეხზე მოჭრილმა და შემდეგ, მიკერებულმა თითმა გამოიწვია, რაც არ დადასტურდა. როგორია გვამის გარეგნული დათვალიერების პირველადი შედეგები?

- მე ჩავატარე მხოლოდ გვამის გარეგნული დათვალიერება, თუმცა ექსპერტის დასკვნა და იმ ექსპერტიზის პასუხი, რომელიც გვამს უკვე ჩაუტარდა, მოგვიანებით იქნება და მასაც გავეცნობი. დასათვალიერებელი დარჩა ბიძინა კუჭავას ტანსაცმელი, მისი კუთვნილი მეორე მანქანა, ის ავტომანქანა, სადაც იჯდა თავად კუჭავა სიკვდილამდე და ასევე მის მიერ ქავთარაძეზე ნაქირავები სახლი. ვადასტურებ, ჭრილობაც ვნახე ფეხზე, თუმცა არ ვიცი, ჭრილობა უკვე სახეშეცვლილია თუ პირველადი სახის. ამიტომ მჭირდება იმის დაზუსტება, აიღო თუ არა ფეხიდან კანის პრეპარატი ექსპერტმა თუ ჩემს წინ უცვლელი ჭრილობაა. საერთოდ, არ მესმის, როგორ შეიძლება იმ ხელსაწყოზე "ბარგალკაზე" ისე ისაუბრო, რომ ჭრილობაზე მეტალიზაციის კვალი არ იყოს, რაც ექსპერტიზის დასკვნით უნდა დასტურდებოდეს. ამ დასკვნის დადებას კი მინიმუმ 20 დღე სჭირდება. ვადასტურებ, რომ თითი მოჭრილი და შემდეგ მიკერებული ნამდვილად არ არის.

სულაც არ ვარ ისე განწყობილი, რომ ვინც პირველი ექსპერტიზა ჩაატარა და კანის პრეპარატი აიღო, საქმეს კარგად არ გააკეთებს. საქმეში ჩართულია ექსპერტი გიორგი მაღრაძე, მასაც ვიცნობ, მამამისსაც და შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალი ხალხია. ვიცი, გიორგი არც ერთ დეტალს არ გამოტოვეს, ამიტომ მას ამ დასკვნისთვის 20 დღეზე ბევრად მეტი დროც შეიძლება დასჭირდეს, რადგან ლაბორატორიული კვლევებიცაა საჭირო. რაც შეეხება სხვა დაზიანებებს სხეულზე, მათგან ძირითადი და მთავარი მაინც ეს ჭრილობაა ფეხზე, დანარჩენი მცირედი დაზიანებები კი ნამდვილად ახალია.

- ალბათ, იმის დასადგენად, კუჭავამ თავი მართლა მოიკლა თუ არა, მნიშვნელოვანი თავში ნატყვიარია. დღეს ამის დადასტურება შეგიძლიათ?

- ჯერ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, ვერც იმას, ეს თვითმკვლელობაა თუ არა. ამისთვის უნდა ვნახოთ მანქანა, იქ მჯდომი ორი პირის ტანსაცმელი, როგორ მიეშხეფა სისხლი ამ ტანსაცმელს და ა. შ. კარგი იქნებოდა, პირველად ექსპერტიზაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან დაახლოებით მაინც დავადგენდი სროლის მანძილს. ჯერ არ ვიცი, გასროლა მიბჯენით, ახლო თუ შორი მანძილიდან მოხდა. თუ ნასროლი მიბჯენითაა, მაშინ მანქანაში მეტი სისხლი უნდა იყოს, თუ შორი მანძილიდან - სისხლი ნაკლები იქნება.

- ეჭვს არ გიჩენთ პოპოვების წყვილი, რომელიც გასროლის მომენტში, კუჭავასთან ერთად იჯდა მანქანაში - რატომაა საუბარი მხოლოდ თვითმკვლელობის და არა მკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიაზე და ვინ არიან ეს ადამიანები?

- რა კითხვასაც ახლა თქვენ სვამთ, სწორედ ეგაა გასარკვევი ამ ორ ადამიანთან მიმართებაში. მე უნდა ვნახო მათი ტანისამოსი და სისხლის შხეფები მანქანაში. მეც მაინტერესებს, ვინ არის ეს ორი ადამიანი, მაგრამ ამის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის და მეც, როგორც ექსპერტს, ამის ცოდნა არაფერს მაძლევს, ჩემთვის მთავარია, როგორია სისხლის შხეფები მათ ტანსაცმელზე. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფეხზე მიყენებული დაზიანებაა. ამ თემას აღარ განვავრცობ, მაგრამ ფეხზე ბევრნაირი დაზიანება მინახავს, მათ შორის, პარკეტით, ფეხსაცმლით. მაგალითად, სულხან მოლაშვილს ჰქონდა ფეხსაცმლის ჩარტყმით მიყენებული დაზიანება. ახლა ზუსტად იმის თქმაც არ შემიძლია, რას მოგვცემს ამ დაზიანების წარმომავლობის დაზუსტება. ვიცი ის, რომ ამ მომენტში კუჭავა ცოცხალი იყო. უბრალოდ, დინებას მივყვებით და რაც გამოჩნდა, იმას გადავამოწმებთ. თუ ეს დაზიანება ხელჩასაჭიდს არაფერს მოგვცემს, მერე სხვა მიმართულებით განვაგრძობთ ძებნას და ა. შ.

- გაურკვეველია კიდევ ერთი - მკვლელობის მოტივი. საუბრობენ ვალებზე, აზარტულ თამაშებზე, ქირიას სამსახურეობრივ მდგომარეობაზე და ა. შ. რომელი ვერსიაა რეალური, თქვენი აზრით და რას ფიქრობს ამ თემაზე ბიძინა კუჭავას ოჯახი?

- ვალები იყო თუ სხვა რამ, ეს ყველაფერი დასამტკიცებელია. ცნობილია, რომ ქირია-კუჭავას შორის ნათესაური კავშირი იყო, თუ არ ვცდები, ისინი დეიდაშვილები იყვნენ, ერთმანეთში მიმოსვლაც ჰქონდათ ოჯახებით და ქირიას ოჯახმა კუჭავას ახალი წელიც მიულოცა. თავად ქირიას საკმაოდ დადებითად ახასიათებენ. ერთ რამეს გეტყვით ჩემი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე - შესაძლოა, ადამიანი, რომლის სახელსაც არასასიამოვნო ამბები და წარსულში შავი ლაქები უკავშირდება, ამა თუ იმ საქმეში კითხვის ნიშნების გასაქრობად გამოიყენონ. ეს ჩვეულებრივი სქემაა.

ნინო კომახიძე

გაზეთი "ვერსია"

(შემოკლებული ვერსია)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ