როგორ დაგეგმეს ხარძიანის მკვლელობა უკრაინის და რუსეთის მოქალაქეებმა - პროკურატურა სათვალთვალო კამერების კადრებს ავრცელებს

როგორ დაგეგმეს ხარძიანის მკვლელობა უკრაინის და რუსეთის მოქალაქეებმა - პროკურატურა სათვალთვალო კამერების კადრებს ავრცელებს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც 2015 წლის 28 მარტს მომხდარი ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადეს. უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელიც პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ბრიფინგზე წაიკითხა:

"მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების კუთვნილ 154 სატელეფონო ანძაზე გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდში დაფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამუშავებული იქნა ხსენებულ ანძებზე დაფიქსირებული 26 173 614 ზარი, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ინტერნეტ აქტივობა. გამოძიების პროცესში ასევე ამოღებული და გამოკვლეული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში განთავსებული საჯარო და კერძო დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები, რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 4900 საათს. გარდა ამისა, დაიკითხა ათეულობით თვითმხილველი და გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაციის მქონე მოწმე, ჩატარებული იქნა დანმაშავე პირთა ამოცნობები, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზები. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი:

იხილეთ ვიდეო| როგორ მიყვება ხარძიანს მკვლელი - პროკურატურა ბიზნესმენის უკანასკნელი წუთების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი კიევი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. იმავე დღეს, ოლეკსანდრ დამეტოვი დროებით დაბინავდა ქ. თბილისში, ჯავახეთის ქუჩა N44-ში მდებარე სასტუმრო "GGS"-ში, ხოლო ოლეგ დოევი - ქ.თბილისში, ვარკეთილის მასივში მდებარე ერთ-ერთ ბინაში.

2015 წლის 16 იანვარს, დამეტოვმა და დოევმა კერძო პირისაგან, იქირავეს ქ. თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბინა, სადაც ცხოვრობდნენ 2015 წლის 28 მარტამდე. 2015 წლის 18 იანვარს, პეკინის გამზირზე მდებარე "ჯორდანოს" მაღაზიათა ქსელში ო. დამეტოვმა შეიძინა ორმხრივი გამოყენების ქურთუკი, რომლის ამობრუნებით იცვლებოდა ქურთუკის ფერი. 2015 წლის 4 მარტს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მობილური ოპერატორის ოფისში დამეტოვმა და დოევმა ტელეფონის სიმ-ბარათებზე გაიაქტიურეს ინტერნეტ მომსახურების სერვისი.

2015 წლის 15 მარტს, ხსენებულმა პირებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში, შეიძინეს "ჰონდას" მარკის ლურჯი ფერის მინი მოპედი და შავი ფერის ჩაფხუტი. გამოძიებამ დეტალურად შეისწავლა მკვლელობაში ბრალდებული პირების მოპედით გადაადგილების მარშუტები 2015 წლის 15 მარტიდან (მოპედის შეძენიდან) მკვლელობამდე, ანუ 2015 წლის 28 მარტამდე პერიოდში. ამ მიზნით გამოკვლეული იქნა გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები და დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების მარშრუტების შესწავლის, დაზუსტებისა და მისი თვალთვალის მიზნით, დღის განმავლობაში მოპედით მოძრაობას იწყებდნენ მათი დროებითი საცხოვრებელი ბინის სიახლოვეს, კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ხალიკ ბანკის" ტერიტორიიდან, მიემართებოდნენ ვარაზის ხევის გავლით მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც მდებარეობდა ბესარიონ ხარძიანის სამუშაო ოფისი და თარხნიშვილის ქუჩის გავლით, მარაბდის ქუჩაზე მდებარე ხარძიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ასევე, მკვლელობაში ბრალდებულ პირებს შემუშავებული ჰქონდათ გადაადგილების მეორე მარშრუტი, რომლის მიხედვითაც მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდებოდნენ ხვიჩიას, ბულაჩაურის, ვაჟა-ფშაველას, თამარაშვილის, ჭავჭავაძისა და აბაშიძის ქუჩების გავლით მარაბდის ქუჩაზე მდებარე ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. ორივე მარშრუტის შემთხვევაში მკვლელობაში ბრალდებული პირები მოპედით გადაადგილებას ასრულებდნენ საწყის წერტილში - კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ხალიკ ბანკთან", სადაც მდებარეობდა მათ მიერ დაქირავებული ბინა.

მკვლელობის დღეს, 2015 წლის 28 მარტს, 10:32 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა მოპედით მოძრაობა დაიწყო კოსტავასა და სულაკაურის ქუჩების კვეთაზე მდებარე "ხალიკ ბანკის" მიმდებარე ტერიტორიიდან, ვარაზის ხევის გავლით ავიდა მელიქიშვილის გამზირზე სასტუმრო "საქართველოსთან" და თარხნიშვილის, ბარნოვისა და შატბერაშვილის ქუჩების გავლით გაემართა მარაბდის ქუჩაზე მდებარე ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისაკენ, სადაც დაყოვნდა რამოდენიმე წამით, შემდეგ დატოვა აღნიშნული ადგილი და მომდევნო ერთი საათის განმავლობაში მოძრაობდა მარაბდის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე.

იმავე დღეს, 12:20 საათზე, ბესარიონ ხარძიანი საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა საცხოვრებელი სახლიდან და მივიდა საქმიან შეხვედრაზე მელიქიშვილის გამზირზე მდებარე სასტუმრო "საქართველოში". შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში ოლეკსანდრ დამეტოვი მოპედით მოძრაობდა ბესარიონ ხარძიანის საცხოვრებელი სახლისა და სასტუმრო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიებზე. ხარძიანმა სასტუმრო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორია დატოვა 13:43 საათზე და თარხნიშვილის ქუჩის გავლით გაემართა საკუთარი საცხოვრებელი სახლისაკენ, რა დროსაც ბარნოვის ქუჩაზე არსებულ გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერებზე დაფიქსირებულია, თუ როგორ მიჰყვება მოპედით დამეტოვი ბესარიონ ხარძიანის ავტომანქანას.

მარაბდის ქუჩა N25-ში, ავტომანქანიდან გადმოსული ბესარიონ ხარძიანი შევიდა საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, სადაც მას შეჰყვა ოლეკსანდრ დამეტოვი და მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა, რითაც ბესარიონ ხარძიანს მიაყენა სამი შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მათ შორის ერთი საკონტროლო, თავის არეში. მკვლელობის შემდეგ, დამეტოვი მოპედის მეშვეობით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და ჩაფხუტი დატოვა კეკელიძის ქ. N23-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსის ეზოში მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხთან, რუხი ფერის ნაჭრის ქუდი შემოაგდო ავტოფარეხის სახურავზე, შემდეგ კი გააჩერა ტაქსი და გაემართა რკინიგზის სადგურის მიმართულებით. გზაში, თამარ მეფის ხიდთან, ტაქსის მძღოლს მოსთხოვა გაჩერება, გადაუხადა მგზავრობის საფასური, გადმოვიდა ავტომანქანიდან, თამარ მეფის ხიდიდან მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის ჩადენის იარაღი - "მაკაროვის" სისტემის მაყუჩიანი პისტოლეტი, რომელიც ნაპოვნი და ამოღებული იქნა გამოძიების მიერ.

ამის შემდეგ, ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით ჩაირბინა თამარ მეფის ხიდთან არსებული კიბეები, რა დროსაც კვალის არევის მიზნით შემოიბრუნა ორმხრივი, ორფეროვანი ქურთუკი და ჩაჯდა "მერსედეს ბენც ეს" კლასის მარკის ტაქსში, რაც დაფიქსირებული იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერებით. ხსენებული ტაქსით თამარ მეფის ხიდისა და გმირთა მოედნის გავლით გადაადგილდა კოსტავას გამზირის მიმართულებით, ჩამოვიდა "ხალიკ ბანკთან" და ფეხით გაემართა ნაქირავები ბინისაკენ. იმავე დღეს, ბინიდან მათი მოულოდნელი წასვლის მოტივით დამეტოვი დაუკავშირდა ბინის მეპატრონეს და სასწრაფოდ თანამზრახველთან ერთად დატოვა ნაქირავები ბინა.

დაახლოებით 15-16 საათისათვის ოლეკსანდრ დამეტოვი და ოლეგ დოევი, პეკინის გამზირზე ჩასხდნენ "ფოლკსვაგენ ვენტოს" მარკის ტაქსში და გაემართნენ ორთაჭალაში მდებარე ავტოსადგურის მიმართულებით, სადაც იქირავეს "მერსედეს ბენც ეს" კლასის მარკის ტაქსი და გაემგზავრნენ სარფში. იმავე დღეს, მკვლელობიდან რამოდენიმე საათში, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, ფეხით გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მიიმალნენ.

დამეტოვის მიერ კეკელიძის ქუჩაზე მიტოვებული მინი მოპედიდან, ჩაფხუტიდან, ნაქსოვი ქუდიდან, ასევე პეკინის ქუჩაზე დამეტოვისა და დოევის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები, რომლებიც ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზით აღმოჩნდა ერთმანეთის იდენტური. გამოძიებით დადგენილია, რომ ოლეკსანდრ დამეტოვმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა ყალბი პასპორტის გამოყენებით და მკვლელობის ჩადენის შემდეგ იმავე დოკუმენტის გამოყენებით დატოვა ქვეყნის ფარგლები. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დეტალების გასაჯაროვებაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ.

ჩადენილი დანაშაულისათვის ოლეკსანდრ დამეტოვსა და ოლეგ დოევს ბრალდება წარედგინათ ჯერ კიდევ 2015 წლის 26 აპრილს, კერძოდ: ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ხოლო ოლეგ დოევს წარედგინა ბრალდება შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარებისათვის, საქართველოს სსკ-ის 25,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით. იმავე დღეს, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათ მიმართ გამოცხადდა შიდა ძებნა, ხოლო 2015 წლის 28 აპრილს - საერთაშორისო ძებნა.

2016 წლის 12 იანვარის დადგენილებით, ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა დაზუსტებული ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ვადით ან უვადოდ.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე დღეში, გამოძიებისათვის უკვე ცნობილი იყო დამნაშავე პირთა ვინაობა, იმის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეშლოდა მტკიცებულებების მოპოვებაში, დანაშაულის რეალური გარემოებების დადგენასა და ძებნილ პირთა მიმართ წარმოებულ დაკავების ღონისძიებების გატარებაში, პროკურატურის მიერ არ გასაჯაროვდა საქმის დეტალები. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე მკვლელობაში ბრალდებულ პირთა მიმართ გამოძიება დასრულებულია, ამოიწურა წინასასამართლო სხდომამდე ბრალდებულად ყოფნის 9 თვიანი ვადა და საქმე არსებითად განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია გაასაჯაროოს გამოძიების შედეგები, ვინაიდან საქმეზე სასამართლოში უნდა დაიწყოს არსებითი განხილვა, რაც საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს, მათი მხილების მიზნით გრძელდება ინტენსიური გამოძიება, ხოლო ძებნილ პირთა ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ