გუდაურში "მოთხილამურე პატრული" გამოჩნდა

გუდაურში "მოთხილამურე პატრული" გამოჩნდა

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს გუდაურში მოთხილამურე პატრულებს შეხვდა და დავალებები მისცა. "მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელიც არაერთ განვითარებულ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს - სათხილამურო ტრასებზე დღეიდან უსაფრთხოების კონტროლს მოთხილამურე პატრული განახორციელებს. ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ტრასებზე სრიალის დროს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი და თითოეული თქვენგანის თანამშრომლობაზე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, სათხილამურო გზებზე დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, გუდაურში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 პატრულ-ინსპექტორი მიავლინა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. პატრულირება სათხილამურო ტრასებზე წინასწარ დაწესებული გრაფიკით ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე და 20:00 საათიდან 22:00 საათამდე განხორციელდება. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.

შს მინისტრის ბრძანების თანახმად, ასევე აიკრძალება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძის უღელტეხილი) სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და საპოლიციო მიზნებისა. უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ