"იყო პერიოდი, 40-50 ათას ლარს ვაგებდი..." - პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას აქამდე უცნობი ჩვენება

"იყო პერიოდი, 40-50 ათას ლარს ვაგებდი..." - პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას აქამდე უცნობი ჩვენება

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიება ბიზნესმენ ბიძინა კუჭავას მიიჩნევდა, პრესაში დაიწერა, რომ კუჭავას სახელი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან იყო დაკავშირებული... 2009 წლის 13 ნოემბერს, მიცკევიჩის ქუჩაზე, საკუთარ სახლში, უშიშროების გენერალი თამაზ ნინუა და მისი მეუღლე ეთერ ნინუა მოკლულები იპოვეს - თითო ტყვია ორივეს საფეთქელთან ჰქონდა მოხვედრილი. ბინაში ელექტროგამათბობელი იყო ჩართული და ცხედრების ირგვლივ, სავარძლებზე, კომპიუტერთან, ყველგან დაფქული წიწაკა ეყარა, ამ გზით დამნაშავის კვალი გაქრა. საქმეში იდო ორი მასრა, მათ შორის ერთი ეთერ ნინუას ბალიშში აღმოაჩინეს. ბალისტიკური ექსპერტიზით ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო პისტოლეტს ეკუთვნის.

განიხილებოდა პოლიტიკური მოტივით მკვლელობაც, თამაზ ნინუა უშიშროების გენერალი იყო და იმ პერიოდში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის ირგვლივ მას კონსტანტინე გამსახურდიასთან უნდა ესაუბრა. თუმცა გამოძიებამ ნინუების მკვლელობა მალე გახსნილად გამოაცხადა და მოტივად პარტნიორებს შორის დაძაბული ბიზნესსაქმიანობა დაასახელა. მკვლელობაში კი ყოფილი ფეხბურთელი, ნინუას უახლოესი მეგობარი თამაზ გოგია ამხილეს.­ მას 30 წელი მიუსაჯეს, იგი მეშვიდე წელია სასჯელს იხდის, თუმცა სასამართლო პროცესები ისე დასრულდა, რომ ამ საქმის­ ბევრი დეტალი ბურუსით მოცული დარჩა.

სასამართლო პროცესზე გოგიას ადვოკატი ბიძინა კუჭავას დაკითხვას ამაოდ ითხოვდა, პროკურატურამ ვერ შეძლო მაშინ მისი პროცესზე მოყვანა. თუმცა ის გამოძიებას მოწმის სტატუსით დაკითხული ჰყავდა. როგორც შევიტყვეთ, გამოძიებამ კუჭავა მას შემდეგ დაჰკითხა, რაც მისი სახელი და გვარი ნინუების საქმეზე დაკითხულმა ერთ-ერთმა მოწმემ ახსენა. ეთერ ნინუას მეგობარი ამბობდა, რომ ტრაგედიის წინადღეს ნინუების სახლში ვინმე ბიძინა კუჭავა ნახა.

ჩვენ ექსკლუზიურად ჩაგვივარდა ხელში წლების წინ ბიძინა კუჭავას მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტებს.

"ნინუამ თქვა, მევალეები მაწუხებენო..."

ბიძინა კუჭავას ჩვენებიდან: "თამაზ­ ნინუა ჩემი მეზობელია. ვიცნობდი იმ პერიოდიდან, როცა ტელევიზია "იბერვიზია"­ ჩამოვაყალიბე, მაშინ უშიშროების­ მაღალ­ჩინოსანი­ იყო. მის სახლში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი. პირველად, როცა აგარაკიდან ჩამოვიდა და ბარგის ატანაში დავეხმარე და მეორედ, მის გარდაცვალებამდე 3 ნოემბრიდან 12 ნოემბრის შუალედში. ეს თამაზის ინიციატივა იყო - მკითხა, ხომ არ ვიცოდი, რა ეღირებოდა, ან ხომ არ მეგულებოდა ვინმე, ვინც მრგვალფარებიან "მერსედესს" ყიდდა. ვუთხარი, რომ გავიკითხავდი. ისიც ვკითხე, ეკასთვის ხომ არ გინდა-მეთქი. მიპასუხა, მიახლოებით ეგრეაო. მან ჩამაწერინა თავისი ტელეფონის ნომერი. შემდეგ დავურეკე და ვუთხარი მოცემული მოდელის "მერსედესები" მთლად ახლები­ 7.000 დოლარიდან იწყება ფასი-მეთქი. ისიც ვუთხარი, მეც ვაპირებ ჩემი "მერსედესის" გაყიდვას 11-12 ათას დოლარად-მეთქი. თუმცა შემეძლო ფასის დაკლებაც. ეს აზრი თამაზს მოეწონა. შემდეგ მთხოვა საღამოს მასთან სახლში მივსულიყავი. სახლში რომ მივედი­, იქ იყო მისი მეუღლე ეთერი, რომელსაც თამაზმა უთხრა, ალბათ წასაღებად მობრუნდებაო... რომ ვკითხე, რა ხდება-მეთ­ქი, მითხრა, ჩემი მეგობარი იყო და საბუთე­ბი დარჩაო.­ თამაზმა მითხრა, რომ ფულს ელოდებოდა, მივხვდი, მანქანის ყიდვა უნდოდა და ფული არ ჰქონდა. მკითხა, რას ვიტყოდი თუ ნაწილ-ნაწილ გამისტუმრებდა.

მოვიფიქრებ-მეთქი. ესეც იმიტომ ვთქვი,­ რომ ხათრი ვერ გავუტეხე, თორემ მინდოდა თანხა ერთად ამეღო. მერე მკითხა, ხომ არ მყავდა ვინმე ამერიკაში, რაც ძალიან გამიკვირდა. რადგან­ იმ დონის კაცს ჩემი დახმარება რაში სჭირდებოდა. მაშინ ვკითხე მიზეზი. მიამბო, რომ მეგობართან ერთად ჰქონდა ბაზრობა. ისიც მითხრა, რომ მისულან მასთან მკლავ­ჭი­დელი ზაურ ცხადაძე­ და კიდევ ვიღაც პიროვნება, რომელსაც უნდოდა "ჰამერის" ყიდვა. თამაზს ვიღაც ქართველისთვის­ მიუცია ამერიკაში მანქანის­ შეკვეთა და ამისთვის 40.000 დოლარი გადარიცხა, თუმცა იმ ადამიანმა მანქანა არ გამოუგზავნა. ამიტომ ეძებდა ვინმეს, ვინც მონახავდა ამ კაცს ამერიკაში. თქვა, მევალეები მაწუხებენო...

ჩემი იქ ყოფნის დროს ბინაში არავინ მოსულა. ისიც მითხრა, რომ თავისი მეწილეებიდან ვიღაც ყიდდა ბათუმის პორტში 400 კვადრატულ მიწას და მსურველი მომეძებნა. ასე დავშორდით.

ბოლოს თამაზ ნინუა ვნახე 10 ან 11 ნოემბერს, სადარბაზოში ლიფტთან. აღელვებული იყო - ამ კომისიებმა ხომ გააჭირეს საქმე, რა დროს ეგააო (იმ პერიოდში პარლამენტში საგამოძიებო კომისია იყო შექმნილი ზვიად გამსახურდიას საქმეზე. - ავტ.). ხელში ეჭირა გამჭვირვალე ფაილებში ჩაწყობილი ქაღალდები და მრგვალი დისკი.

მერე გავიგე, რომ მოკლეს ცოლ-ქმარი. იმ დროს მოვდიოდი ბორჯომიდან, სადაც აგარაკი მაქვს".

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ