მაღალდაძის საქმეში კუჭავასთან ერთად კოდუას "მარჯვენა ხელის" სახელი ფიგურირებს - ირაკლი ფირცხალავა სკანდალურ დეტალებზე

მაღალდაძის საქმეში კუჭავასთან ერთად კოდუას "მარჯვენა ხელის" სახელი ფიგურირებს - ირაკლი ფირცხალავა სკანდალურ დეტალებზე

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობამ წარსულში ჩადენილი რამდენიმე გახმაურებული და გამოუძიებელი მკვლელობის საქმე გაახსენა პროკურატურას, მათ შორის 2007 წელს ბიზნესმენ გოჩა მაღალდაძის მკვლელობა.

მაღალდაძის საქმის ახალ, ექსკლუზიურ დეტალებზე გაზეთი "პრაიმტაიმი" წერს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ამჟამად კორტების საქმეზე ბრალდებული და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავა, ბიძინა კუჭავას და სოდ-ის იმდროინდელი მაღალჩინოსნის - კახა მისირელის ახლო კავშირების შესახებ საუბრობს გაზეთთან. მისირელი ხშირად მოიხსენიებოდა კოდუას "მარჯვება ხელად" სოდ-ში. მისირელი, მეტსახელად "შრეკი", წლების განმავლობაში, შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) უფროსის მოადგილე იყო, თუმცა, ბედის ირონიით, 2010 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძესთან. მისირელი დაკავებიდან მალევე, 5 ათასლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს, დემეტრაძე კი სასჯელს 2012 წლამდე, საყოველთაო ამნისტიამდე იხდიდა.

ფირცხალავა 2007 წლის 9 მაისის მოვლენებს იხსენებს, როცა ვაკეში ნაქირავებ ბინაში მაღალდაძის ცხედარი იპოვეს:

"თავში ეტყობოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ჭრილობა იყო გამჭოლი. მასრები არ იყო, სამაგიეროდ აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო ტყვიის გულა. ეს არის აბსოლუტურად სხვა, განსხვავებული, საზოგადოებისთვის ცნობილი რომელიმე ვაზნისგან. იმ წუთშივე მეხსიერებაში ამომიტივტივდა 2004 წელს აჭარაში ამოღებული სპეც-იარაღი, რომელიც შემდეგ დასაწყობებული იყო ე. წ. მოდულის შენობაში, ან ჯიქიას ქუჩაზე, სოდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის დისლოკაციის ბაზაზე. ეს არის "გრუ"-ს დივერსიული ჯგუფებისთვის განკუთვნილი PCC სისტემის იარაღი, რომელიც ისვრის CP4-ის მოდიფიკაციის ტყვიებით. ეს არის თითქმის უხმო იარაღი, რომელსაც მაყუჩიც კი არ სჭირდება... მაღალდაძე იყო ერთ-ერთი ცნობილი "ხელის მაზავშიკი", ჰყავდა ძალიან ბევრი მოვალე, დაახლოებით 15-20 კაცი, რომლებსაც ემართათ მისი თანხები, სხვადასხვა დროს წაგებული, შესაბამისად, ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა მევალისგან მისი მოკვდინება. სწორედ ამ სიაში ფიგურირებდა ბიძინა კუჭავაც, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 100 ათასი დოლარი ჰქონდა წაგებული გოჩა მაღალდაძესთან. ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ სიაში მყოფთაგან არც ერთს არ ჰქონდა შეხება სპეცსამსახურებთან. არც სპეცდანიშნულების რაზმთან, ამიტომ დაიწყო სიის ფიგურანტების ოპერატიული შესწავლა".

"ბიძინა კუჭავა კაზინოში ვიზიტებისას ხშირად იკვეთებოდა სოდ-ის მაშინდელი უფროსის მოადგილესთან, კახა მისირელთან. ამოღებულია ფირიც, სადაც ჩანს, რომ ბიძინა კუჭავა და კახა მისირელი ერთ მაგიდასთან სხედან... იქვე იჯდა ერთი ცნობილი მოთამაშე და ექსკლუზიურად გეტყვით, ვინ არის ეს პიროვნება, მე ის მეცნო და რადგან პროკურატურას არ აინტერესებს, თქვენ გეტყვით - ეს იყო ვინმე ჯუმბერ ახვლედიანი, რაც შეეხება იმას, რატომ მეცნო გამახსენდა, რომ ის გამოიკითხა მაღალდაძის საქმეზე, რადგან მოსული იყო შემთხვევის ადგილზე. ამის მერე მალევე, მე გადამიყვანეს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ, მაგრამ წასვლამდე მოვახერხე შეხვედრა ახვლედიანთან. კითხვაზე: ხომ არ იცოდა რამე კუჭავასა და მისირელის ურთიერთობაზე, მან მიპასუხა, რომ ხშირად ხედავდა ერთად, სხვადასხვა კაზინოში ერთ მაგიდასთან. გაიხსენა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, როდესაც კუჭავამ რაღაც სერიოზული იარაღის სანაცვლოდ მისირელს გაუქვითა ვალი 5000 დოლარის ოდენობით. ოპერატიული ინფორმაციით, აჭარიდან გადმოტანილი და თბილისში დასაწყობებული იარაღიდან გამქრალი იყო სწორედ ის ერთი ცალი იარაღი, სავარაუდო მიმთვისებელს შორის ფიგურირებდა კახა მისირელის პიროვნებაც. მოგვიანებით, მისირელი ამ იარაღით "მარიაჟობდა" კიდეც კოდორის ხეობაში, რაც პირადად ვნახე. მოკლედ, რამდენიმე ოპერატიული ინფორმაცია გადაიკვეთა და ეს იყო სერიოზული მტკიცებულებები ბიძინა კუჭავას წინააღმდეგ. რა გააკეთა გამოძიებამ, ჩემთვის უცნობია, რადგან, როგორც უკვე გითხარით, გამოძიებას აწარმოებდა თბილისის მთავარი სამმართველო, ხოლო მე სხვა სამსახურში გადამიყვანეს", - ამბობს "პრიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ფირცხალავა.

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ