მთავარმა პროკურატურამ თანამდებობიდან ორი რაიონული პროკურორი გაათავისუფლა

მთავარმა პროკურატურამ თანამდებობიდან ორი რაიონული პროკურორი გაათავისუფლა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით სისტემაში შიდა საკადრო გაადგილებები მიმდინარეობს. პროკურატურა ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიზო უბილავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გადააყენეს ფოთის რაიონული პროკურორი ალექსანდრე გოგუაძეც.

თუმცა პროკურატურაში აცხადებენ, რომ "არც ერთი პროკურორი სახლში არ გაუშვიათ". "შიდა საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს გავავრცელებთ. არც ერთი პროკურორი სახლში არ გაგვიშვია. საუბარია საკადრო გადაადგილებაზე", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

ფოთის რაიონულ პროკურორ ალექსანდრე გოგუაძეს, რომელმაც თანამდებობა დატოვა, მოსამართლეობა სურს. გოგუაძე მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირებულ კანდიდატებს შორის ირიცხება, რასთან დაკავშირებული სიაც თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. უფრო კონკრეტულად, განაცხადის მიხედვით, ალექსანდრე გოგუაძე სურვილს გამოთქვამს, გახდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ან მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 14 იანვარს ფოთში გოგუაძის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ავტომანქანას 4 ტყვია მოხვდა, პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე, რომელიც ავტომანქანას თავად მართავდა, არ დაშავებულა. მთავარ პროკურატურაში საქმე სისხლის სამართლის 19, 108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა პროკურორის გამოძიების ქვეშ მყოფ ერთ-ერთ საქმეს უკავშირდება, თუმცა ზუსტი მოტივის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ