"ბავშვი კიოდა, გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა" - რას ყვება მასწავლებელი, რომელიც 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებას შეესწრო

"ბავშვი კიოდა, გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა" - რას ყვება მასწავლებელი, რომელიც 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებას შეესწრო

4 დღის წინ, ფონიჭალადან გატაცებული 17 წლის სამირა ბაირამოვას მასწავლებელი ციცინო ჩავრაშვილი იმ დღეს იხსენებს, როცა გოგონა უცნობმა პირებმა მოიტაცეს. არასრულწლოვანი ჩავრაშვილის სახლში სამეცადინოდ იმყოფებოდა, მეოთხე სართულიდან ჩამოსული კი სადარბაზოდან გაიტაცეს.

"გადმოხტა მანქანიდან ოთხი კაცი. რასაც ქვია, ჩატენეს მანქანაში. ბავშვი კიოდა, წიოდა, გიჟს გავდა. გაგორდა მიწაზე, რომ როგორმე დასხლტომოდა ხელიდან. შეტენეს უკან, აქეთ-იქედან მიუსხდნენ ბიჭები და მოწყვეტით წაიყვანეს მანქანა", - ყვება ციცინო ჩავრაშვილი. მისივე თქმით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და გოგონას დასახმარებლად სახლიდან ჩასვლა ვერ მოასწრო.

იხილეთ ვიდეო

მასწავლებელი ვარაუდობს, რომ არასრულწლოვანს გამტაცებლები რამდენიმე დღის მანძილზე უთვალთვალებდნენ, რადგან ოჯახი გოგონას უყურადღებოდ არ ტოვებდა და სკოლაშიც კი ბაბუა ატარებდა: "მეც ვუთხარი რამდენიმე დღის წინ, სანამ ბაბუაშენი არ მოგაკითხავს, იქამდე არ გაგიშვებ, ვინმემ არ მოგიპაროს-მეთქი. ვინ უნდა მომიპაროს, შეყვარებული არ მყავს, არავის არ გავყვებიო", - იხსენებს მასწავლებელი.

სამირა ბაირამოვა უკვე ნაპოვნია. ბაირამოვას მშობლების თქმით, გამტაცებლებმა გოგონა ტაქსით გამოუშვეს და არასრულწლოვანი ფონიჭალაში ერთ-ერთ მაღაზიაში მივიდა, საიდანაც მამის მობილურ ტელეფონზე დარეკა და მშობლებს შეატყობინა, რომ თავისუფალია.

სამირა ბაირამოვას მამის განმარტებით, სატელეფონო ზარის მიღების შემდეგ, სამართალდამცველები გოგონას მიერ მითითებულ მისამართზე მივიდნენ და გატაცებული პოლიციის შენობაში გადმოიყვანეს. მშობლების და ახლობლების თქმით, სამირა ბაირამოვა ჯერ არ უნახავთ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ