"ადრეც შეემთხვა უბედურება, პირველი ცოლი ორსული დაეღუპა" - ფონიჭალაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ვერსიებზე მეზობლები საუბრობენ

"ადრეც შეემთხვა უბედურება, პირველი ცოლი ორსული დაეღუპა" - ფონიჭალაში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ვერსიებზე მეზობლები საუბრობენ

ფონიჭალაში 22 თებერვალს მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები ამ დრომდე ბურუსით არის მოცული. შემზარავი შემთხვევა დაახლოებით დღის პირველ საათზე მოხდა. 35 წლის ნინა რომანაძეს ყელი გამოჭრეს, ხოლო მისი 3 წლის ქალიშვილი დაწვეს. შემთხვევის დროს დედა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიკითხა რომანაძის მეუღლე ოთარ მამფორია და ოჯახის მეზობლები. მკვლელობის მოტივად თავდაპირველად ყაჩაღობა დასახელდა, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, მალევე გამოირიცხა, რადგან სახლიდან თანხა და ძვირფასი ნივთები წაღებული არ იყო.

მამფორიას და რომანაძეს ორი შვილი ჰყავდათ. უფროსი ვაჟი, რომელიც მამამ დილით სკოლაში წაიყვანა, ოთარ მამფორიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გარდაცვლილები პროზექტურიდან ქობულეთში, ნინა რომანაძის ოჯახში გადაასვენეს და თითქმის 18-საათიანი დაკითხვიდან გამოსული ოთარ მამფორიაც სწორედ ქობულეთში გაემგზავრა.

იხილეთ ვიდეო

AMBEBI.GE ფონიჭალაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. სახლი დალუქულია, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ. ცეცხლის კვალი მამფორიას სახლს გარედანაც ეტყობა. აი, რას ყვებიან მეზობლები ჩვენთან საუბარში:

თენგო ჯომიდავა (მეზობელი): "ძალიან კარგი ოჯახი იყო. გუშინ დაგვკითხა პოლიციამ მეზობლები, ამ სადარბაზოში ვინც ვცხოვრობთ, დაკითხვაზე წაგვიყვანეს. ყაჩაღობა გამოირიცხა, რადგან ფული არ იყო წაღებული. ოთარი ქვემო ფონიჭალაში ავტოსამრეცხაოში მუშაობდა და კარგად აკეთებდა ფულს. ვალებიც ვერ ექნებოდა. ცოლი კარგი დიასახლისი იყო. ნინა მისი მეორე ცოლი იყო, 3 წლის გოგონა მათი საერთო შვილი. უფროსი ვაჟი 8 წლის არის, რომელიც ოთარის პირველი ქორწინებიდან დარჩა".

ნატალია ბაბუხადია: "ოთარი წესიერი და პატიოსანი ადამიანია, სულ შრომობდა. ნამდვილად გამოვრიცხავ რომ მტრები ჰყოლოდა. ყაჩაღობასაც გამოვრიცხავ, რადგან ფული არ იყო სახლიდან წაღებული. ოთარს ადრეც შეემთხვა უბედურება, მისი პირველი ცოლი ორსულად იყო, როცა დაიღუპა. ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, სააბაზანოში თავი უნიტაზს დაარტყა და გარდაიცვალა. ეს შემთხვევა 8-9 წლის წინ მოხდა, შემდეგ იქორწინა ნინაზე და ეს გოგო უფროს შვილს ისე უვლიდა, როგორც საკუთარს მოუვლის ადამიანი".

უბნის მაღაზიის გამყიდველმა ქალმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, სკანდალური ვერსია გაამხილა საუბრისას: "ოთარის პირველ ცოლს კარგად ვიცნობდი, თავად ოთარიც ხშირად მოდიოდა ჩემთან მაღაზიაში, უფრო ხშირად ბავშვებს უშვებდა. პირველი მეუღლე დაეღუპა 8 წლის წინ და 4 წლის წინ იქორწინა მეორედ. მეორე მეუღლეს შეიძლება სახეზე ვიცნობდი, მაგრამ ისე არ ვიცნობ. ვიცი, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათი ოჯახური კონფლიქტი არავის გაუგია. ვერ გეტყვით, რა შეიძლება იყოს მკვლელობის მოტივი, ამბობენ რომ ნინა რომანაძე გათხოვილი იყო ადრე. მისი პირველი ქმარი დაჭერილი ყოფილა, როცა მეორედ გათხოვდა ოთარზე. ამბობენ, რომ ახლა გამოვიდა ციხიდან და შეიძლება მან მოკლა ოთარის ცოლ-შვილი შურისძიების მიზნით". თუმცა, მეზობლებში გავრცელებული ამ ვერსიის სინამდვილეს არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც ირკვევა, ნინა რომანაძე დაოჯახებული არ ყოფილა და მამფორია მისი პირველი მეუღლე იყო.

ოთარ მამფორიას სამუშაო ადგილი დაკეტილი დაგვხვდა. როგორც გავარკვიეთ, ის ავტოსამრეცხაოში მეორე მეწყვილესთან ერთად მუშაობს და გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო, ავტოსამრეცხაო დღეს დაიკეტა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ