"ნონას ზურგზე ჰქონია 29 ჭრილობა, ბავშვს - 17" - რას ყვება ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ნათესავი სასტიკ მკვლელობაზე

"ნონას ზურგზე ჰქონია 29 ჭრილობა, ბავშვს - 17" - რას ყვება ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ნათესავი სასტიკ მკვლელობაზე

ზემო ფონიჭალაში 22 თებერვალს მომხდარმა სასტიკმა დანაშაულმა საქართველო შეძრა. 44 წლის ნონა რომანაძე 3 წლის ქალიშვილთან მარიამთან ერთად საკუთარ სახლში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა მარიამი ჯერ დანით მოკლეს, მერე იმ ოთახს წაუკიდეს ცეცხლი, სადაც ბავშვი იყო. მაშველებმა საძინებლიდან 3 წლის გოგონას დამწვარი ცხედარი­ გამოასვენეს და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზა ჩაუტარდა ასევე 44 წლის ნონა რომანაძეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა ყელში ჰქონდა მიყენებული. მოგვიანებით ცხედრები სოფელ ქაქუთში, ბიძის ოჯახში გადაასვენეს, იქ, სადაც ნონა გაიზარდა.

"პრაიმტაიმთან" ინტერვიუში, ნონა რომანაძის ქმრის ნათესავი და ოჯახის ახლობელი ნატო ჯიქიძე მკვლელობის სასტიკ, აქამდე უცნობ დეტალებს ყვება: ოთარისგან (ნონა რომანაძის მეუღლე) ვიცი, პოლიციაში უთხრეს, რომ ნონას ზურგზე ჰქონია 29 ჭრილობა, ბავშვს კი - 17... თუ მკვლელმა ამდენი ჭრილობა მიაყენა ნონას და ბავშვს, აუცილებლად დასისხლიანებული იქნებოდა. ეჭვი აქვთ, რომ მან საკუთარი ტანსაცმელი დაწვა ადგილზე, სისხლიანი რომ არ გამოსულიყო გარეთ. ამიტომაც გააჩინა სახლში ცეცხლი. ოთარი ეჭვობს, რომ თუ ქალია მკვლელი, ნონას ტანსაცმლით გამოვიდოდა, თუ კაცი - ჩემი ტანსაცმლითო...

- ხომ შეიძლება მკვლელმა პირდაპირ ბავშვის ლოგინს წაუკიდა ცეცხლი კვალის დასაფარად, თანაც კვამლის შემთხვევაში, ძაღლიც ვერ აიღებდა სუნს...

- მერე შიშველი ხომ არ გამოვიდოდა? თუ საერთოდ გამოსულია იქიდან... იმასაც ვეჭვობთ, რომ სხვენში იმალებოდა და სხვენის გავლით იმ არეულობაში შეიძლება მეორე სადარბაზოდანაც იყოს ჩამოსული.

- ორი ადამიანი ისეა მოკლული, რომ ერთსაც არ წამოუკივლია?..

- ვაზაა იქ გატეხილი. ნონას თავზე აქვს დაზიანება. როგორც ჩანს, ჯერ ვაზა ჩაარტყა თავში... ნონა სუსტი გოგო იყო. ბავშვი რომ წაიქცეოდა, მე მეძახდა, ნატო, მიდიო, თვითონ ვერ ეკარებოდა... არ იყო მებრძოლი გოგო. იქ სახლში სკამი გადატეხილია. საზურგიანი... ოთარი ეჭვობს, ალბათ, იმ ვაზამ არ გათიშა და მერე სკამი გადაამტვრიესო... ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონია საწყალს.

მარიამ ნადირაძე

გაზეთი "პრაიმ ტაიმი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ