"მინდა სიმართლე გავიგო, რატომ მოკლეს ჩემი შვილები" - ფონიჭალაში სასტიკად მოკლული დედა-შვილის ოჯახი გამოძიების დაჩქარებას ითხოვს

 "მინდა სიმართლე გავიგო, რატომ მოკლეს ჩემი შვილები" - ფონიჭალაში სასტიკად მოკლული დედა-შვილის ოჯახი გამოძიების დაჩქარებას ითხოვს

თბილისში, ფონიჭალაში სასტიკად მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გურია-აჭარის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის ქაქუთის მონაკვეთი გადაკეტეს. ოჯახის წევრები საქმის დროულად გამოძიებასა და დამნაშავის დასჯას ითხოვენ. მოკლული ნონა რომანაძის დედის ნათელა ბერაძის მოთხოვნაა, საქმეზე გამოძიების პასუხი 10 დღის ვადაში მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გამართავს.

იხილეთ ვიდეო| სასტიკად მოკლული დედა-შვილის ახლობლებმა გზა გადაკეტეს - "უბედური დედა ვარ, შვილო!"

"10 დღის ვადაში გვითხრან, ვინ და რა მიზეზით მოკლა ჩემი შვილები. დაგვპირდნენ, რომ სანამ ორმოცი შესრულდება მანამდე გამოიძიებდნენ ამ საქმეს. ათასნაირ ვერსიას ამბობენ და მინდა სიმართლე გავიგო, რატომ მოკლეს ჩემი უსუსური შვილი, რატომ მოკლეს ჩემი 3 წლის მარიამი", - აღნიშნა ნათელა ბერაძემ.

გარდაცვლილების ბიძის ოთარ კვირკველიას განცხადებით, ქართულმა საგამოძიებო სამსახურებმა ვერ დადეს შედეგი, რის გამოც აპირებს დახმარების თხოვნით ამერიკის ელჩს მიმართოს. "თუ ვერ იპოვეს მკვლელის კვალი, ეს იმას ნიშნავს, რომ არ იციან საქმე და დაანებონ თავი გამოძიებას. გვაქვს გადაწყვეტილი მივმართოთ ამერიკის ელჩს რომ მოგვეშველოს, ჩამოვიდნენ გამომძიებლები ამერიკიდან და გაარკვიონ სიმართლე. ეს გამაფრთხილებელი აქციაა და თუ 10 დღეში არ გვექნება პასუხი, ქობულეთის ყველა სოფელს გამოვიყვანთ საპროტესტო აქციაზე", - აღნიშნა ოთარ კვირკველიამ.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, ოჯახს გამოძიების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდოს. "სახელმწიფო სათანადო დონეზე რომ ყოფილიყო, ეს მკვლელობა იმავე დღეს გაიხსნებოდა. შს მინისტრისგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ 40-ის გასვლამდე მიიღებდნენ პასუხს, თუმცა მან არ შეასრულა პირობა. საგამოძიებო სამსახურებს კონტაქტიც არ აქვს ოჯახთან", - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქაქუთის გზა ნახევარი საათით ჰქონდათ გადაკეტილი.

დედა-შვილი 22 თებერვალს ფონიჭალაში მოკლულები იპოვეს. დედას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, 3 წლის ბავშვის ცხედარი კი საძინებელში იყო დამწვარი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ