"ჩვენი შვილები ისჯებიან სარწმუნოების გამო" - რას ითხოვენ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულების დედები

"ჩვენი შვილები ისჯებიან სარწმუნოების გამო" - რას ითხოვენ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულების დედები

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული პირების მშობლები საქმეზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნას ითხოვენ. 2015 წლის 29 ნოემბერს დაკავებული ჯამბულ აბდულაევის, მირიან ბერიძისა და გია ბახუნტარაძის მშობლებმა ბათუმის "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ბრიფინგი გამართეს.

როგორც გია ბახუნტარაძის დედამ ნატო ირემაძემ განაცხადა, სირიაში წასული ახალგაზრდები მათი ნათესავები არიან და შესაბამისად, მათთან სირიაში წასვლის შემდეგაც, როგორც ნათესავებთან, ჰქონდათ კონტაქტი. ნატო ირემაძის განცხადებით, სამართალდამცველი სტრუქტურები არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქმეს გრიფი "საიდუმლო" უნდა მოეხსნას.

"დაკავების დროს ბრალი ედებოდათ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, მაგრამ შემდეგ ლევან იზორიამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ დააკავეს ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული ოთხი პირი, ეს იყო უკიდურესად მძიმე განცხადება, რომლითაც საქმის პოლიტიზირება მოახდინა, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და საზოგადოება უარყოფითად განაწყო დაკავებული ახალგაზრდების მიმართ. იმის გამო, რომ სირიაში წასული ახალგაზრდების მუქარისშემცველი ვიდეო გავრცელდა და ისინი ჩვენი ნათესავები არიან, მუდმივად თვალთვალის ქვეშ ვიყავით. ვიცოდით, რომ პროკურატურის ყურადღების ქვეშ ვიყავით და ამ ფონზე იარაღების ლოგინის ქვეშ შეწყობა აბსურდულია. სახლში რომ შემოიჭრნენ, მგლებივით დარბოდნენ ოთახიდან ოთახში, რომ იარაღი ჩაელაგებინათ, მათ ვერ მოახერხეს იმ რაოდენობის იარაღის ჩადება, რაც სხვა ოჯახებში შეძლეს, რადგან გიას სამი თოთო ბავშვი ყავს, ყველა საძინებელში ბავშვი იყო და ალბათ არ შევარდნენ საძინებლებში რომ ბავშვები არ შეეშინებინათ. შესაბამისად, ჩვენთან მხოლოდ შემოსასვლელში შეძლეს დივანზე ერთი პატარა პისტოლეტის ჩადება" , - აღნიშნა ნატო ირემაძემ, რომლის მეუღლეც მწვრთნელი თემურ ბახუნტარაძე რამდენიმე წლის წინ სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

დაკავებული მირიან ბერიძის დედის, ნათელა ბერიძის მტკიცებით კი, მისი შვილი მორწმუნე მუსლიმანია და "ისჯება სარწმუნოების გამო". მისივე განცხადებით, მის შვილს სირიაში მყოფ ბიძაშვილთან ჰქონდა მიმოწერა, თუმცა ეს არ იყო ტერორისტული კავშირი. "სასამართლო განხილვებზე მონიტორინგის საშუალება უნდა გვქონდეს. უდანაშაულო ადამიანების დაკავებითა და მათგან მტრის ხატების შექმნით არღვევენ ადამიანის უფლებებს. ჩვენი შვილები ისჯებიან სარწმუნოების გამო. სირიაშია ჩემი ძმისშვილი, თავისთავად ჰქონდათ მეგობრული მიმოწერა, მაგრამ ეს არ არის ტერორისტული კავშირი. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ეს არის "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი და დაუმძიმეს მუხლიც. რითი დაეხმარნენ ტერორისტებს ამას ვერ ამტკიცებენ", - აღნიშნა ნათელა ბერიძემ.

ჯამბულ აბდულაევის დედის მერიემ ვანაძის განცხადებით, იარაღები და მახსოვრობის ჩიპი, რომელიც მათ სახლში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, მათ არ ეკუთვნოდათ. მისივე განცხადებით, სამართალდამცველებმა მაშინ ჩაუდეს იარაღი, როცა ისინი სხვა ოთახში გაიყვანეს.

მერიემ ვანაძე აცხადებს, რომ მის შვილს სირიაში წასულ ბადრი ირემაძესთან ერთხელ ჰქონდა კონტაქტი, მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობის საკითხზე.

"ჩემს შვილს სირიაში წასულ ბადრი ირემაძესთან ჰქონდა მიმოწერა. ბადრის შვილი ავად იყო და ჩემს შვილს დაავალა დედამისისთვის გადაეცა, დეკეული გაეყიდა და ბავშვის სამკურნალო ფული გაეგზავნა ბავშვის დედასთან. მე თვითონ ვნახე ეს წერილი, სხვა კავშირი არ ყოფილა", - აღნიშნა მერიემ ვანაძემ.

2015 წლის 29 ნოემბერს კიდევ ერთი ადამიანი ლაშა გობაძე დააკავეს. მშობლების განცხადებით, დაკავებულებს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ