"ჩემი ხელით დავახრჩობდი, ვინც ხელი შეუწყო" - რას ყვება ნათესავი დაკარგულ 16 წლის გოგონაზე, რომელიც ბორჯომში უგონოდ იპოვეს

"ჩემი ხელით დავახრჩობდი, ვინც ხელი შეუწყო" - რას ყვება ნათესავი დაკარგულ 16 წლის გოგონაზე, რომელიც ბორჯომში უგონოდ იპოვეს

რამდენიმე დღის წინ, თბილისში 16 წლის გოგონა გაუჩინარდა. ოჯახის წევრები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და დახმარებას სოციალურ ქსელშიც ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა გოგონას ბორჯომში მიაკვლიეს. ახლობლების განცხადებით, მოზარდს ფსიქოტროპული მედიკამენტები ჰქონდა მიღებული. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში მოზარდის ნათესავმა მალინა ბერეკაშვილმა განაცხადა, არის ეჭვი, რომ გოგონა გაურკვეველი სექტის წევრია.

"ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით კონტაქტური არ არის. ის სუნთქვის აპარატზეა შეერთებული და ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ახლა მთავარია ის გადარჩეს, მაგრამ არ ვაპირებ ეს ამბავი შესაბამისი რეაგირების გარეშე დავტოვო. მისი ძებნის სამუშაოებში სამართალდამცველები იყვნენ ჩართული. ბორჯომის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. ის უგონო მდგომარეობაში გახლდათ. დაახლოებით 4-5 სახის მედიკამენტი ჰქონდა მიღებული, მათ შორის 100 მილიგრამიანი "აზალექსი", რომელსაც გიჟებს და მძიმე პაციენტებს უნიშნავენ. ეს წამლები რეცეპტით იყიდება და მაინტერესებს, როგორ მიჰყიდეს აფთიაქში მოზარდს ეს წამლები?! ბავშვი ჯერ კონტაქტური არ არის, ამიტომ არ ვიცი ეს პრეპარატები როგორ მოხვდა მის ხელში ან როგორ აღმოჩნდა ბორჯომში. ეს რომ ვიცოდე, ჩემი ხელით დავახრჩობდი, ვინც ხელი შეუწყო მას ამაში. მაქვს ეჭვი სატანისტურ სექტასთან ურთიერთობის. რის საფუძველსაც მაძლევს ბავშვის საქციელი და ვიზუალური მდგომარეობა.

გუშინ ვიმყოფებოდი "ივერიის" ქვეშ მდებარე ბუნკერში, სადაც რიტუალები ტარდება - იკრიბებიან ბავშვები, ისერავენ ხელებს და ა.შ. ამაზე პედაგოგებმაც უნდა იზრუნონ და როცა ბავშვი სკოლაში არ მივა, ოჯახს უნდა შეატყობინონ. თბილისში 4-5 ადგილია, სადაც სატანისტური რიტუალები ტარდება. ერთი ივერიის ქვეშ არის, დანარჩენი ნახალოვკაში და საბურთალოზე. ისინი ძირითადად ნანგრევებში იკრიბებიან, სადაც ატარებენ სატანისტურ რიტუალებს და იქ პატრული არ დადის. სექტის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა გუშინ, რომ ბავშვები ხელებს ისერავენ და ერთმანეთის სისხლს სვამენ. ძირითადად 15-16 წლის მოზარდებს ითრევენ სატანისტურ რიტუალებში. თან ჭკვიან ბავშვებს, რომლებსაც დაახლოებით 24-25 წლის ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ. ისინი ისეთი რაღაცეებით ურეცხავენ მოზარდებს თავს, რომ ზოგიერთი სიკვდილამდე მიჰყავთ", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში მოზარდი გოგონას ნათესავი.

ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს გამოძიება ჯერჯერობით 143-ე მუხლით აქვს აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE