"შეწერილი" მანქანების საქმეები - ვინ ვის ართმევდა ძვირადღირებულ ავტომობილებს ყოფილი ხელისუფლების დროს

"შეწერილი" მანქანების საქმეები - ვინ ვის ართმევდა ძვირადღირებულ ავტომობილებს ყოფილი ხელისუფლების დროს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, პროკურატურას ასეულობით ადამიანმა მიმართა. უწყებაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საჩივარი ჩამორთმეული მანქანების საქმეზეა შესული, თუმცა მომჩივანთა უმრავლესობა დღემდე უკმაყოფილოა, რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა. AMBEBI.GE დაინტერესდა, რამდენ ადამიანს დაუბრუნდა 2012 წლამდე ჩამორთმეული ავტომობილები:

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, 2012 წლიდან ამ დრომდე უწყებამ 1000-მდე საჩივარ-განცხადება განიხილა და 118 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ავტომობილების უკანონო ჩამორთმევის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულნი.

კერძოდ, 2010 წლის ივნისში, შსს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანის სარკის ქურდობის ფაქტზე თენგიზ ბურჯანაძე დააკავეს. პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კი, დაკავებულის დედას ხათუნა საგანელიძეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 21 ათას დოლარად შეფასებული "ტოიოტა ავენსისი 1.8"-ისა და 47 197 ლარად შეფასებული "ჰიუნდაი სონატა"-ს სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემა მოსთხოვა. ავტომობილების შესყიდვისა და დათმობის შემდეგ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და დაკავებულს 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ანალოგიური სქემა გამოვლინდა მოქალაქე გიორგი ჭოხონელიძის შემთხვევაშიც: "2010 წლის ოქტომბერში, შსს-ს რაიონული სამართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის ქურდობის ფაქტზე დამაკავეს და მალევე, პროკურატურაში ჩემი ძმა დაიბარეს. როგორც ჩემ ძმას უთხრეს, თუ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მინდოდა, ოჯახს სახელმწიფოსთვის საჩუქრად 47 000 ლარად ღირებული ავტომანქანა "ჰიუნდაი IX35" უნდა გადაეცა. სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავთანხმებულიყავი - მანქანა დავთმეთ, სანაცვლოდ 5 000-ლარიანი საპროცესო გამიფორმეს. "მოლაპარაკებებში" საქმის ზედამხედველი, რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო ჩართული", - იხსენებს გიორგი ჭოხონელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ: "კოდუებს ამას არ შევარჩენ" - როგორ "შეაწერა" სოდ-ის ყოფილმა უფროსმა ცნობილ ბიზნესმენს ძვირადღირებული მანქანა

გამოძიებით ირკვევა, რომ ანალოგიური ვითარება იყო დაკავებულების - ზაქრო ოდიშვილისა და გოჩა ნიკოლეიშვილის შემთხვევაშიც. შსს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ბრალდებულების ნათესავებს, მაგდა ბაგრატიონსა და მაია ბოცვაძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 34 000 დოლარად შეფასებული "ტოიოტა ლენდკრუიზერის" ყიდვა და დათმობა მოსთხოვა. პირობის შესრულების შემდეგ, დაკავებულებთან 10 000-ლარიანი ჯარიმა გაფორმდა. აღნიშნული ავტომობილით პოლიციის მაღალჩინოსანი თავად სარგებლობდა. გამოძიება აღნიშნული სამი მაღალჩინოსნის ვინაობას არ აკონკრეტებს, თავად დაზარალებულებს კი, პროკურატურისა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნდათ.

2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირებიც არიან მხილებულნი. კერძოდ, საქმის მასალებში ნათქვამია, რომ 2010 წლის 11 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე შპს "მათემოტორსის" დამფუძნებელი გელა ბარკალაია დააკავეს, რომელსაც პატიმრობაში ყოფნისას პროკურატურამ მოთხოვნა წაუყენა - თუ საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება სურდა, 10 TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფოსათვის უნდა ეჩუქებინა.

გელა ბარკალაია, ბიზნესმენი: "ჩემი მანქანებით ყოფილი ხელისუფლების დროინდელი შს სამინისტროს, კუდ-ის თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადაადგილდებოდნენ. პროკურატურაში სარჩელი ორი წლის წინ შევიტანე, თუმცა საქმის გამოძიება დროში გაიწელა.. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს მანქანები ოდესმე დამიბრუნდებოდა. 2010 წლის 27 ივლისს ჩემმა წარმომადგენელმა, მასზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე, პროკურატურის მითითებით შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი"-სგან 443 223 ლარად 10 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მარკის ავტომანქანა შეიძინა. ავტომანქანების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემიდან მეორე დღესვე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა და 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დამეკისრა".

მსგავს დანაშაულებრივ ქმედებაში გამოძიებამ შსს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი პირიც ამხილა, რომელმაც 2010 წლის დეკემბერში, პოლიციის განყოფილებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული რევაზ ფერაძის ოჯახის წევრები უწყებაში დაიბარა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ავტომანქანა "მერსედეს ბენც E320"-ს უკანონოდ დათმობა აიძულა. მანქანის დათმობის შემდეგ რევაზ ფერაძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ქონების ჩამორთმევაში მხილებულია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირიც, რომელმაც 2010 წლის 9 თებერვალს, თაღლითობისათვის ბრალდებულ გივი ღუჭაშვილს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მოთხოვნა გადასცა - გივი ჭუღაშვილს "ნისან მურანოს" მარკის ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ უნდა გადაეცა. ღუჭაშვილმა უსასყიდლოდ გადაუფორმა ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს, რომლითაც სამხედრო პოლიციის თანამდებობის პირები სარგებლობდნენ. სანაცვლოდ მან საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიიღო.

კიდევ ერთი შემთხვევა შსს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ჯონი ოთარაშვილის სახელს უკავშირდება, რომლის ხელმძღვანელობითაც, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მოქალაქეებს ქონებას უკანონოდ სისტემატიურად ართმევდნენ. საქმეში ნათქვამია, რომ 2008 წელს, შსს გენერალურ ინსპექციაში დაკავებულ ზურაბ დოლაკიძეს, გიორგი საყვარელიძეს, ალექსანდრე ქარდავასა და გოშქარ ჩაილიევს ჯონი ოთარაშვილმა "საქმის მოგვარების" სანაცვლოდ, პოლიციისათვის ძვირადღირებული ა/მანქანების შეძენა მოსთხოვეს. ჯონი ოთარაშვილმა ბრალდებულის ოჯახის წევრები "ტოიოტა ცენტრში" დაიბარა, სადაც მისი ნდობით აღჭურვილი პირის - ვინმე ალექსანდრე ობოლაძეს 315 000 ლარის ღირებულების 9 ერთეული "ტოიოტა ჰაილუქსი" და 30 000 დოლარის ღირებულების "ტოიოტა კამრი" შეასყიდინა. მოგვიანებით, ალექსანდრე ობოლაძემ თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით ავტომობილები შინაგან საქმეთა სამინისტროს აჩუქა, რის შემდეგაც ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაც გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ჯონი ოთარაშვილმა ქონების ჩამორთმევის ყველა ფაქტი აღიარა და განაცხადა, რომ შესაბამისი ბრძანება გენინსპექციის უფროსისგან, ვასილ სანოძისგან მიიღო.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სქემაში შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძეც იყო ჩართული, რომელმაც 2010 წლის ნოემბერში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ გიორგი შავდიას 9900 დოლარად ღირებული "ტოიოტა კოროლას" მარკის ავტომანქანა იძულებით შეასყიდინა, სანაცვლოდ, გიორგი შავდიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

ზემოთ აღნიშნულ ავტომობილებს, პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაუბრუნებს. 

რუსა შელია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ