საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით ინტერპოლს მიმართა. როგორც ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პროკურატურა ინტერპოლისგან პასუხს ელოდება.
"ჩვენ მივმართეთ ინტერპოლს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით. ველოდებით პასუხს. იმედი მაქვს უახლოეს დღეებში ეს მკვლელი წითელი ცირკულარით ძებნაში იქნება", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
რაც შეეხება მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, შოთაძის თქმით, ამას ვერ დაადასტურებს, რადგან მსგავსი ინფორმაცია არ აქვს. ირაკლი შოთაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.